სოფელ ორსანტიაში, საარჩევნო უბანზე „ნაცმოძრაობის" დამკვირვებელი აცხადებს, რომ გამგებელმა სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში #59 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელიკო გასვიანი აცხადებს, რომ სოფლის გამგებელმა ნათია წითლიძემ მას სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენა. გასვიანის თქმით, მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა და ჭიშკართან მდგომი მანქანის გაყვნა მოითხოვა. გასვიანის მტკიცებით, წითლიძემ მას “შეურაცხადი” უწოდა.
„მოვითხოვე კარებთან მდგარი მანქანა გაეყვანათ, გარდა ამისა, ის პლაკატები ჩამოეხსნათ რაც შესასვლელთან არის გაკრული. შეურაცხადებს არ უსმინოთო, - მე მითხრა ორშვილმკვდარ დედას", - ამბობს გასვიანი.
სოფელ ორსანტიის რწმუნებული ნათია წითლიძე უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„დილიდან ცდილობს, რომ პროვოკაციაზე წამაგოს- ხმას, როდის მისცემო, აქ რატომ დგახარ, იქ რატომ დგახარო. ამ სოფლის გამგებელი ვარ, არ მაქვს აქ დგომის უფლება. ერთი ადამიანი მომიყვანოს ვინც იტყვის, რომ მას შეურაცხყოფა მივაყენე", - ამბობს ნათია წითლიძე.
ადგილზე ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა იმყოფება, ის სააგიტაციო მასალების გაკვრას აპროტესტებს და ამბობს, რომ ეს კანონდარღვევაა.

























