ბოლნისის სოფელ რაჭისუბნის 43-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრსა და „ნაცმოძრაობის" დამკვირვებელს შორის შელაპარაკება მოხდა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის #43-ე საარჩევნო უბანზე, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრსა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც დამკვირვებელი აცხადებდა, სამაგიდო სიასთან მჯდომმა რეგისტრატორმა საარჩევნო ბიულეტენი შეკვრიდან მოხსნისას დააზიანა.
ადგილზე ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, დაზიანებული ბიულეტენი ჩამოიჭრა და გვერდზე გადაიდო.
,,დიახ იყო შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორს შემთხვევით დაუზიანდა ბიულეტენი. კომისიამ შენიშნა ეს ფაქტი, დაზიანებული ბიულეტენი გვერდზე გადაიდო, რაზეც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა არ ვიცი რატომ ხმაური ატეხა და ამას მოყვა საარჩევნო პროცესის მცირე ხნით შეფერხება, ამ დროისთვის, ხმის მიცემის პროცესი სრულად აღდგენილია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსუდან ქურდიანმა.

























