„ქართული ოცნების" წევრი - სოფელ კოკის უბანზე, „ნაცმოძრაობის“ წევრები აგრესიით მიმართავდნენ ამომრჩევლებს და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

„ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირუზა კაკავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სოფელ კოკის 97-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაცის მოწყობაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ირუზა კაკავამ განუცხადა, აღნიშნულ უბანზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მურთაზ ზოდელავა და ანი წითლიძე, რომლებიც აგრესიით მიმართავდნენ ამომრჩევლებს და ასევე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მისივე თქმით, ამას მოყვა სიტყვიერი დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან.
კაკავას ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციის ჩარევით განიმუხტა.
„სოფელ კოკის 97-ე და 51-ე უბნებში არჩევნები დილის 08:00 საათიდან მშვიდად მიმდინარეობდა. აქ, ეზოში მოვარდნენ მურთაზ ზოდელავა და ანი წითლიძე, რომლებსაც დაახლოებით 15-მდე მანქანა მოყვებოდა, მათ აგრესიული ტონით დაიწყეს მიმართვა ამომრჩევლებისადმი. ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ არ ვუშვებდით "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებს უბანში. ცხადია, ეს იყო ცრუ ინფორმაცია. ისინი მოვიდნენ პროვოკაციის მოსაწყობად. იციან, რომ დღეს კოკში აუცილებლად დამარცხდებიან და ამიტომ მიზანმიმართულად მოვიდნენ. ყველა თვალნათლივ ხედავდა იმას, თუ როგორ უნდოდათ პროვოკაციის მოწყობა. თვითონ მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ ხალხისთვის თავისუფლად მიეცათ უბანში შესვლის უფლება. აგესიულად მიმართავდნენ ახალგაზრდებს", - განაცხადა ირუზა კაკავამ.

























