გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ფოთში - არჩევნების გაყალბების პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ძალოვანი უწყებებიც არიან ჩართული

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ფოთში - არჩევნების გაყალბების პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ძალოვანი უწყებებიც არიან ჩართული

ფოთში ყველა უბანთან ორ-ორი სამარშრუტო ტაქსი დგას, მობილიზებულია პოლიცია, სუს-ი და ისინი ატარებენ არჩევნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ძალოვანი უწყებებიც არიან ჩართული.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები აკონტროლებენ ხმის მისაცემად მიმსვლელთა სიას. გარდა ამისა, არიგებენ ფულს. თითო ადამიანს აძლევენ 30 ლარს. ჩვენს წარმომადგენელსაც შესთავაზეს. ყველაფერს ვიფიქრებდი ამ ქვეყანაზე, მაგრამ იგივე მეთოდებით თუ მოღალატე პრეზიდენტობის კანდიდატზე ამდენ სისაძაგლეს ჩაიდენდნენ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეს არის მარაზმი. ყველა უბანთან ორ-ორი სამარშუტო ტაქსი დგას , მობილიზებულია პოლიცია, სუსი და ისინი ატარებენ არჩევნებს. სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას რუსეთს ლანგარით ვერ მივართმევთ. დავდგებით ყველა ფეხზე და დავიცავთ ჩვენ ხმებს,“- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ფოთში საარჩევნო უბნებთან სამარშუტო ტაქსებია მობილიზებული, სადაც, სავარაუდოდ ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორები სხედან და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა აღრიცხვას ახორციელებენ. 30 - ე საარჩევნო უბანთან მდგარ სამარშუტო ტაქსზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატი იყო გამოკრული, თუმცა ტერიტორიაზე ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ჩამოხსნეს. მედიას სამარშუტო ტაქსში მსხდომ ადამიანებთან გასაუბრების საშუალება საკრებულოს წევრმა ოლეგ ნაჭყებიამ არ მისცა. მისი თქმით, იქ რიგითი მოქალაქეები სხედან და სადილობენ.