„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დარეგისტრირებული აქვთ ერთი საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დარეგისტრირებული აქვთ ერთი საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა

19:00 საათისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, თაზაკენდის მე-13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა რეგისტრაციისას სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი.

„დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში დააკვირდნენ.

„ორგანიზაციის 25 მონიტორი მუშაობდა საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგს ახორციელებდნენ მობილური ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები. დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა www.humanrights.ge-ზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.