როგორ დაეხმარება ქართველი მოსწავლის მიერ BTU-ში შექმნილი ხელოვნური ინტელექტი სტარტაპერებსა და მეწარმეებს

"ყველაფერი, რაც ცივილიზაციაში გვიყვარს, ჩვენი ინტელექტის პროდუქტია. ადამიანური ინტელექტის ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმით, ჩვენ შეგვიძლია ცივილიზაციის განვითარების ისეთ დონეს მივაღწიოთ, როგორიც არასდროს ყოფილა. თუმცა ეს შედეგი გვექნება, ვიდრე ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ პოზიტიურად გამოვიყენებთ," - მაქს ტეგმარკი, ასტროფიზიკოსი და Future of Life Institute-ის პრეზიდენტი.

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტრენდია, არის იდეა, რომლის თანახმადაც ინტელექტის შექმნა შესაძლებელია არა ბიოლოგიურ მატარებელზე, არამედ კომპიუტერში, კოდის მეშვეობით. სიტყვაც პირდაპირ ხსნის მის არსს - ხელოვნურად შექმნილი.

ხელოვნური ინტელექტია "ეფლის" ასისტენტი სირი და თვითმართვადი ავტომობილები. 21-ე საუკუნეში სპორტული ამბებისა და ამინდის პროგნოზების უმეტესობა ალგორითმების, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება. სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ განვითარებამ? ამ საკითხზე მწვავე დავა მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა ტექნოლოგიურ ცენტრში.

ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ნელ-ნელა საქართველოშიც იწყება. ჩვენთან ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ბიზნესისა და ტექნოლოგიბის უნივერსიტეტია. ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, უცხოელმა პარტნიორებმა და 16 წლის მოსწავლემ, გიორგი ჩახვაშვილმა გასულ წელს დაიწყეს, წელს კი უკვე საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწიეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული პროექტი, ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი.

16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილ ალგორითმზე დაფუძნებული პროგრამა Digital Mind, შესაძლებლობას იძლევა გააანალიზოს მოცულობითი ინფორმაცია და მათ შორის შეარჩიოს ლოგიკურად ყველაზე შესაბამისი პასუხი. ამასთან, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

„ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენება არის ის მიმართულება, რომელიც პირველად რეგიონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დავიწყეთ. დღესდღეობით მსოფლიოში იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, სწრაფადგანვითარებადი ტექნოლოგიური ტრენდი, როგორიც ხელოვნური ინტელექტია, არ არსებობს. ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით შარშან, როცა განათლების პროცესში ჩავრთეთ ხელოვნური ინტელექტი. უნივერსიტეტის პროგრამაში გარკვეული ნაწილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ისწავლება. ის სტუდენტს მოკლე დროში აწვდის მთავარ ინფორმაციას. მას აღარ სჭირდება წაიკითხოს ათობით, ასობით წიგნი იმისთვის, რომ გაიგოს რაიმე კონკრეტული სფეროს გარშემო ახალი აღმოჩენების შესახებ. ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და მალე უკეთეს შედეგსაც მივაღწევთ,“ - აღნიშნავს ნინო ენუქიძე.

ხელოვნური ინტელექტის რესურსი განუსაზღვრელია მსოფლიოში. ის თანდათან ინტეგრირდება ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა, წარმოება, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ა.შ. განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდია და ის მნიშვნელოვნად ეხმარება ქვეყნებს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს