ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს „საქართველოს საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა

ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მხარდაჭერისა და მათ განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, „საქართველოს საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საპატიო წოდების მინიჭების ცერემონიალს უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, რომელმაც თავის გამოსვლაში მოსამართლე რენატე ვინტერის პროფესიულ და პიროვნულ გამოცდილებებს გაუსვა ხაზი. ასევე, აღნიშნა მისი მაღალ ეთიკური სტანდარტები, როგორც კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში, ისე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მხარდაჭერისას, ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესიული თავგანწირვითა და დამსახურებით მიღებულ წარმატებულ შედეგებში.

„მოსამართლე რენატე ვინტერს ,,საქართველოს საპატიო მოქალაქის“ წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომლის თავმჯდომარედ მუშაობის პროცესშიც განხორციელდა ქართული მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები მოსამართლე რენატე ვინტერის უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მიღებას.

,,თქვენ გადაარჩინეთ საქართველოში არასრულწლოვანი ბავშვების მართლმსაჯულება“, - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ნინო გვენეტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე რენატე ვინტერი მისთვის ჩვეული გმირული სულისკვეთებითა და ენერგიით შეძლებს დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებას.

მოსამართლე ვინტერს ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ რენატე ვინტერის თავგანწირული ძალისხმევისა და საქართველოს მხრიდან მომუშავე ძლიერი გუნდის წყალობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და ევროკავშირთან ერთად საპყრობილეს 3000 ბავშვი გადაურჩა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ძალისხმევისათვის მოსამართლე რენატე ვინტერს მადლობა გადაუხადა. ამასთან, ავსტრიის სახელმწიფოსა და ქვეყანაში ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერისა და ამ მოძრაობების განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის მოსამართლე ვინტერს მიესალმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრა ბენკო.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის სიტყვაში რენატე ვინტერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოვალეობის ამჟამინდელ შემსრულებელს. ასევე, მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს და პროფესიონალთა იმ გუნდს, ვისთან ერთადაც საქართველოში სასამართლო რეფორმის გამოწვევებზე იმუშავა.

„მე ვიმუშავე საუკეთესო გუნდთან და დღესაც სტუმრები მოვიწვიე პროფესიონალიზმისა და ქალთა მხარდაჭერის ნიშნით. პოლიტიკოსები იცვლებიან, პროფესიონალები - არა. რომ არა თქვენი დახმარება და თანადგომა, რომ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ორ-ორი ქალი მოსამართლე პირველი, მეორე და მესამე ინსტანციიდან, რომ არა გაერო-ს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირი, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ მე მეორე სამშობლო მომეცით“, -განაცხადა რენატე ვინტერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა