სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელს  პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაწესებული „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო” ნომინაციაში - „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელს, ია მოსაშვილს გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლენა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“-ის გალა-დაჯილდოების ცერემონიალზე მოხდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროსა და ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ღონისძიებით „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია-განვითარების მიზნით ორგანიზებული პროფესიული განათლების კვირეული დაიხურა.

„ია მოსაშვილი, დანარჩენ სამ ნომინაციაში გამარჯვებულთან ერთად, 2019 წლის თებერვალში, სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება, თავის სპეციალობაში ევროპულ გამოცდილებას გაეცნობა და ევროპის პროფესიული განათლების უმსხვილეს გამოფენას - Didacta, the Education Trade Fair“ დაესწრება. ეს სპეციალური პრიზი ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დააწესა.

ია მოსაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია. ის სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრში 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ არის მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მლნ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა