არასამთავრობოები - ცესკოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს

„სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა.

არასამთავრობოების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელია.

მათივე განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ბარიერს ქმნის.

„ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშნულებას, უზრუნველყოს სამართლიანი, თანასწორი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს თუმცა, ამ შემთხვევაში ცესკო-მ, ჩვენი აზრით, ვერ გაართვა ამ ამოცანას თავი“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მოცემული გადაწყვეტილებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რადგან არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით მათ ხელოვნური ბარიერი შეუქმნა.

„მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკო-მ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად.

გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20.00 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20.00 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების შეფასებით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას.

„სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამავე პრობლემაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმების უმეტესობა მიიღო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ჩვენი აზრით, ცესკო-ს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. გაუგებარია, რა საჭიროება არსებობდა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გამართულიყო.

ამასთანავე, ცესკო-ს მიერ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებამდე, ეს თარიღი გააჟღერა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაანონსდა ორი გამომსვლელის მიერ თელავში, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული ფაქტები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებსა და სპეკულაციებს ცესკო-ს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.