საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე - თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში ხმის მიცემას შეძლებს

თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში ხმის მიცემას შეძლებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ახმეტის N18 სააარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ განუცხადა.
„თუშეთის მუდმივად მცხოვრები მოსახლეობიდან ოლქში სულ 12 განაცხადია შესული. ასევე თუშეთის სოფელ ომალოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, 27 მესაზღვრე იმყოფება. წინა ტურისგან განსხვავებით, მესაზღვრეებიც და იქ მყოფი მოსახლეობაც ხმის მიცემას შეძლებს. საარჩევნო ყუთს კომისიის წევრები და პარტიის წარმომადგენლები ვერტმფრენით გადაიტანენ“, - განაცხადა ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ.
შეგახსენებთ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, მაისის ბოლომდე იკეტება.ზამთრის პერიოდში მოსახლეობას საშუალება აქვს კვირაში ერთხელ ვერტმფრენით გადაადგილდეს.

























