ქუთაისის 120-ე და 37-ე უბნებზე ხმაური იყო

ქუთაისის 120-ე და 37-ე უბნებზე ხმაური იყო

ქუთაისის 120-ე და 37-ე უბნებზე ხმაური იყო. 120-ე საარჩევნო უბანზე, არასამთავრობო ორგნიზაცია "ახალგაზრდა თაობის" წარმომადგენელსა და ამომრჩეველს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა დედა-შვილმა საარჩევნო კაბინაში ერთად შესვლა სცადა, თუმცა, ამის შესაძლებლობა შეკამათების შემდეგ არ მიეცათ. „მოხუც დედას რომ შევყვე რა პრობლემაა, ყველაფერზე ნუ ქმნით ამბავს. ზეწოლის მოხდენა რომ მინდოდეს, სახლში ვერ მოვილაპარაკებთ?! ნუ დგამთ სპექტაკლს,"- განაცხადა უბანზე ამომრჩეველმა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობის" დამკვირვებლის გრიგოლ გუმბერიძის განცხადებით, თუ ადამიანს თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია, ამ შემთხვევაში გადასატანი ყუთი არსებობს. ვითარების განმუხტვის მიზნით, საქმეში საარჩევნო კომისიის წევრები ჩაერთვნენ, რის შედეგად ამომრჩეველი კაბინაში მარტო შევიდა.

37- ე საარჩევნო უბანზე კი დაპირისპირება დამკვირვებლებსა და საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს შორის სამაგიდო სიების გამო მოხდა. უბანზე დამკვირვებლის, ანდრო ლოსაბერიძის განცხადებით, საარჩევნო უბანში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ დამკვირვებლებს მონიტორინგის უფლება არ ჰქონდეთ.

„მაგიდები მიდგმულია კედელთან და ამას იმით ხსნიან, რომ სივრცე არ აქვთ. სინამდვილეში ამ უბანში წააგო „ოცნების“ კანდიდატმა და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დემოკრატიულად არ ჩატარდეს არჩევენები“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის" დამკვირვებელმა ანდრო ლოსაბერიძემ. კომისიის თავმჯდომარის თქმის, უბანზე ყველა უფლებამოსილ პირს აქვს მუშაობის უფლება.