ზუგდიდში „ნაცმოძრაობიდან" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი - 21-ე უბანთან მოვიდა ახალგაზრდა, რომელიც დანით იმუქრებოდა, რომ თუ თქვენ გაიმარჯვეთ, აგკუწავთო

ზუგდიდში „ნაცმოძრაობიდან" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი - 21-ე უბანთან მოვიდა ახალგაზრდა, რომელიც დანით იმუქრებოდა, რომ თუ თქვენ გაიმარჯვეთ, აგკუწავთო

„ნაციონალური მოძრაობიდან" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის თამარ ტაბაღუამ განცხადებით, ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბანთან ორი მამაკაცი მივიდა, რომელთაგან ერთ-ერთი „ნაციონალურ მოძრაობას“ ემუქრებოდა. როგორც თამარ ტაბაღუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მამაკაცს ხელში დანა ეჭირა და იმუქრებოდა.

„21-ე უბანზე მოვიდა ბიჭი, რომელიც იმუქრებოდა, ამბობდა, რომ "ნაციონალები" ჯგუფურად დადიხართ და რაღაცებს ხლართავთო, გარეთ არ გინდათ გამოსვლაო?! ხელში ეჭირა დანა და 3-ჯერ დაგვემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თუ გაიმარჯვეთ, ყველას აგკუწავთო. მხოლოდ მე ვნახე, რომ დანა ეჭირა ხელში. შიგნით უბანში არ შემოსულა, კართან იდგა“, - განაცხადა თამარ ტაბაღუამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კომისიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლევან კონჯარიას ინფორმაციით, 21-ე უბანზე მისული ორი ახალგაზრდა მამაკაცი ძმები გულორდავები არიან.

21-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჟანა ყურუას თქმით, მას პირადად არ უნახავს მამაკაცს ხელში ეჭირა თუ არა დანა.

„ჩემი სამუშაო სადაცაა, შიგნით, იქ არაფერი მომხდარა, მუქარას ადგილი არ ჰქონია. კარს მიღმა რა მოხდა, არ ვიცი. ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ დაგვემუქრაო, თუმცა მე არ გამიგია. როგორც კი შემატყობინეს მოსვლა, მაშინვე დაცვას დავუძახეთ და ვთხოვეთ, რომ აღნიშნულზე დროული რეაგირება ჰქონოდათ და მიმდებარე ტერიტორიაც კონტროლირებადი ყიფილიყო. რაც შეეხება ადამიანს, ვისზეც თქვეს, რომ იმუქრებოდაო, არ ვიცი ვინ არის, არ ვიცნობ", - განაცხადა ჟანა ყურუამ.