მირდატ ქამადაძე - ბათუმის რამდენიმე უბანზე ე.წ. კარუსელების და გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლების გამოძევების ფაქტები დაფიქსირდა

ბათუმის რამდენიმე უბანზე ე.წ. კარუსელების და გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლების გამოძევების ფაქტები დაფიქსირდა, - ამის შესახებ ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან ბათუმის მერიის თანამშრომლები სიებით არიან წარმოდგენილი, რომლებიც მოქალაქეებზე ახდენენ ზეწოლას.
„დილიდან, ბათუმის რამდენიმე უბანზე, გამოგონილი მიზეზებით ჩვენი დამკვირვებლები გამოაძევეს, იმიტომ, რომ „კარუსელების“ დატრიალება მოხდეს. მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ბათუმში მიმდინარე პროცესები გააკონტროლოს. ჩვენ წარმოგიდგენთ ვიდეო მასალას, სადაც ბათუმის მერიის თანამშრომლები შპს "სანდასუფთავებიდან" საარჩევნო უბნებზე სიებით არიან წარდგენილი და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ბათუმის 79-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე უშუალოდ არის საარჩევნო პროცესებში ჩართული და დამკვირვებლების გამოძევებას ახდენს. ასევე საარჩევნო უბნებთან „კრიმინალური ავტორიტეტები“ არიან მობილიზებულო, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და ნუ ახდენენ ზეწოლას",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

























