„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი - ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის გამო ჩემი უბნიდან გაძევება უნდოდათ

ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის გამო ჩემი უბნიდან გაძევება უნდოდათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ელმირა სიჭინავამ განუცხადა.
მისი თქმით, დილიდან საარჩევნო კაბინასთან დგას ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და აკვირდება ბიულეტენებს, თუ ვის სასარგებლოდ აკეთებს კონკრეტული ამომრჩეველი არჩევანს.
,,უბნის გახსნის წუთიდან ერთი დამკვირვებელი ,,ქართული ოცნებიდან“ დგებოდა საარჩევნო კაბინასთან , აკვირდებოდა თუ რა ნომერს შემოხაზავდა ამომრჩეველი და თუ ვერ შეამჩნევდა, ყუთამდე მიყვებოდა . არაერთხელ მივეცი მას სიტყვიერი შენიშვნა. შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა, რის გამოც საჩივარი დავწერე. საჩივარი მივიტანე თუ არა მდივანთან, უბანში მყოფი ყველა ადამიანი ახმაურდა და მითხრეს, რომ მე გამაძევებდნენ, რასაც შელაპარაკება მოყვა“, - აღნიშნა ელმირა სიჭინავამ.
მე-7 საარჩევნო უბანზე ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ დამკვირვებლებს შორის უმნიშვნელო კამათი მოხდა.
„სერიოზული სახის ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. დამკვირველებს შორის იყო უთანხმოება. ისინი ხმამაღლა კამათობდნენ. მივეცი შენიშვნა, რადგან საარჩევნო პროცესი შეჩერდა რამდენიმე წუთით. დაწერეს საჩივარი, წესისამებრ გავეცი ცნობა და საარჩევნო პროცესი გაგრძელდა“, - განაცხადა მე-7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ლელა კიღურაძემ.

























