ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე - კარგი ამინდია, არასამუშაო დღეა და ვსეირნობ - არაფერს ვამოწმებ, არც კომისიის წევრებთან მაქვს კომუნიკაცია

ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი მარნეულში "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, ფუად გახრამანოვის ბრალდებას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, ის ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს.
როგორც ის აცხადებს, კარგი ამინდის და არასამუშაო დღის გამო, სეირნობს და საარჩევნო უბანთან დგომის უფლებაც აქვს.
„კარგი ამინდია, არასამუშაო დღეა და მოვედი. აქ ყოფნის და დგომის უფლება მაქვს. შიგნით არ ვყოფილვარ, ეს არის სიცრუე. ერთხელ შევედი შიგნით, კიბეებთან ვიყავი მეორე სართულზე და გამოვედი. სხვა უბანზეც ვიყავი თავისთავად, დავდივარ ჩვეულებრივად, არასამუშაო დღეა და ვსეირნობ, ვსეირნობ რა, ქალაქში ვარ და დავდივარ. არაფერს ვამოწმებ, არც კომისიის წევრებთან, არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს. აქ ვარ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, გუბერნატორის მოადგილე ვარ, მაგრამ ჩემი სტატუსი დღეს არაფერს ნიშნავს.
ამდენი ადამიანი დადის და ჰკითხეთ, ვინმეს თუ ვუთხარი, რომელიმე კანდიდატს მიეცი ხმაო. ეს ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის" სტილია.
ნათესავებიც ვნახე, მეგობრებიც ვნახე, უბრალოდ ქალაქში ვიყავი გამოსული და ვნახე, რა არის ამაში ცუდი? ", - აცხადებს დარგალი.

























