მარნეულში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი - ეს არჩევნები არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის ნორმალური პროცესი

ერთ-ერთ უბანზე, უბნიდან გარეთ იყო ბიულეტენები გატანილი და ხალხი ღიად ხაზავდა ბიულეტენებს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა აგიმ მუსტაფაევმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლა და მუქარა.
„დღეს რასაც ვხედავ, ეს არ არის არჩევნები, ეს არის პირდაპირ თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია მარნეულში.
ძალიან ბევრი დარღვევა არსებობს, თუნდაც, ზეწოლა, მუქარა, უბნებზე რამდენჯერმე ადამიანების შესვლის მცდელობა და ა.შ. ვფიქრობ, დღევანდელი არჩევნები არ არის არჩევნები, ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის ნორმალური პროცესი.
რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთ უბანზე, უბნიდან გარეთ იყო ბიულეტენები გატანილი და ხალხი აძლევდა ხმას პირდაპირ გარეთ და არა შიგნით. ეს არ არის გაყალბება? ეს პირდაპირ კანონგარეშეა", - აცხადებს მუსტაფაევი.

























