ქუთაისელი ლეილა სილაგაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე მის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა

ქუთაისელი ლეილა სილაგაძე აცხადებს, რომ ქუთაისში 39-ე საარჩევნო უბანზე მისულს მის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა. ლეილა სილაგაძის განცხადებით, მას ამ დრომდე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა გრაფაში ხელი მოწერილი იყო.
„ჯერ მითხრეს, რომ პირადობა ყალბი არისო, კარგად რომ დააკვირდნენ მიხვდნენ და თქვეს, რომ შეცდნენ. მერე ჩემს გრაფაში ხელი მოწერილი იყო. გამოდის, რომ ჩემს ნაცვლად ხმა სხვამ მისცა, მაგრამ მე გავჯიუტდი და ხმა მიმაცემინეს“, - ამბობს ლეილა სილაგაძე.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო გაბუნია ადასტურებს, რომ ამომრჩევლის გრაფაში ნამდვილად იყო ხელმოწერა. თუმცა ირწმუნება, რომ არ იცის როგორ მოხდა.
„ნამდვილად იყო ხელმოწერა, მაგრამ რა მოხდა ვერ გეტყვით. რაც შეეხება, მისი პასპორტის სიყალბეს, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, ერთმა რეგისტრატორმა თქვა, რომ ამ ქალმა დღის პირველ ნახევარში ხმა დააფიქსირა. საბოლოო ჯამში, ცესკო-ს წარმომადგენლების ჩარევით ამ ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილოება მიიღო",- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

























