სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მიიღებენ

სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს დეკემბრის შუა რიცხვებამდე მიიღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ განუცხადა, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ შეტყობინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ცესკომ უკვე მიიღო.

ბუსკივაძის განცხადებით, ცესკომ, თავის მხრივ, უკვე გაუგზავნა შეტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც თანხა უნდა გამოყოს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მივიღეთ უკვე ინფორმაცია, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი მხრივ მივიღოთ ზომები ამ თანხების გაცემასთან დაკავშირებით. შუალედური წინასწარი მონაცემებით, დადასტურებულად ამ სამივე სუბიექტის ხარჯები აღემატება მილიონ ლარს. ამ წერილის საფუძველზე, ჩვენგან მოთხოვნა 2 დღის წინ გაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო გამოგვიყოფს თანხას, ჩვენ განვახორციელებთ პოლიტიკურ სუბიექტების ანგარიშებზე ამ თანხების გადარიცხვას“, - განაცხადა ბუსკივაძემ.

მისივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს და ცესკოს საკითხის განსახილველად და ანგარიშსწორებისთვის ვადად განსაზღვრული აქვს, არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.

„ეს ვადა უნდა დაიცვას, როგორც ფინანსთა სამინისტრომ, ასევე ცესკომ. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ წინმსწრებით წავედით ამ პროცესში, რადგან უკვე გვქონდა არჩევნების შუალედური შედეგები, გავითვალისწინეთ რომ საბიუჯეტი წელი იხურება, თან დადასტურებულად ვიცოდით, რომ ამ სუბიექტებს ჰქონდათ 1 მილიონზე მეტი ხარჯი, წინასწარ დავიჭირეთ თადარიგი და მიმართვა ფინანსთა სამინისტროში უკვე გაგზავნილია. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ არის გამორიცხული, თანხა სუბიექტებს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ჩაერიცხოთ. პროცედურებია გასავლელი მანამდე, ფინანსთა სამინისტროს შეიძლება დაჭირდეს ამ საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე გატანა, რადგან საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყოფა აღნიშნული თანხა“, - განაცხადა ბუსკივაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ.

აღნიშნული დაფინანსება „საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, მილიონ ლარს იღებს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10 %-იან ბარიერს გადალახავს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს, ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რეგისტრირებულმა გრიგოლ ვაშაძემ 37,74 %, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 10,97 % მიიღო.

შეგახსენებთ, რომს სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ბანკი „ქართუდან“ 1 მილიონი ლარი სესხი აქვს აღებული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება