დავით ზალკალიანი - პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ზალკალიანის თქმით, განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება - საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარი იქნება ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია ამ საშინელი მკვლელობის მიუღებლობა. აუცილებელია, რომ ეუთო-ს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან მიღებული იყოს ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინა,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან მიმართებაში, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი განცხადებები და რეზოლუციები, რაც ბოლო დროს იქნა მიღებული, კერძოდ, ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებული განცხადება, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია და ლიტვის გადაწყვეტილება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში სხვა მნიშვნელოვან თემებზეც არის საუბარი, კერძოდ, ხაზგასმულია საერთაშორისო მონიტორინგის მისიების წვდომის აუცილებლობა ამ რეგიონებზე. ასევე არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან უკან წაიღოს აღიარება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ის უკანონო ქმედებები, რაც დაკავშირებულია მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან.

„აღსანიშნავია, რომ ეუთო-ში, სადაც რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს ვეტოს უფლებით დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, იმისათვის, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში სათანადო სიმწვავით იდგეს საქართველოს საკითხი.

მეგობართა ჯგუფში შედიან: აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა. ჩეხეთი განცხადებას წელს შეუერთდა,” - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: დავით ზალკალიანი - პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო