ქართული პრესის მიმოხილვა 07.01.2019

მამუკა არეშიძე - “რაც სასამართლოში ხდება, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა”

თინა ხიდაშელი - “ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები, “ოცნების“ დაშლა გარდაუვალია”

გედევან ფოფხაძე - “ძალიან მინდა ბატონმა ბიძინამ თავისი აზრი დააფიქსიროს საჯაროდ და სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს არ ჩააბაროს მესამე ინსტანციის სასამართლო”

* * *

მამუკა არეშიძე - “რაც სასამართლოში ხდება, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა”

“ქართულ ოცნებაში” კრიზისია და ეს ყველაზე ცხადად პარლამენტში ჩანს. თავიდანვე ვთვლიდი, რომ გადაწყვეტილება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალგაზრდებს მისცემოდათ ამხელა ძალაუფლება, მცდარი იყო. იმ პირებმა, რომელთაც დაავალეს ახალგაზრდული გუნდის დაკომპლექტება, მძიმე შეცდომები დაუშვეს - რომ გადახედო ამ ახალგაზრდების სიას, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, რომ ისინი, ერთი მხრივ, შეარჩიეს ნათესაობა-ნათელმირონობით, მეორე მხრივ კი ლამის ერთი კურსის გამოშვების ხალხია - რამდენიმე კაცი ნამდვილად ერთი საუნივერსიტეტო ჯგუფიდანაა და დღეს ეს ხალხი პარლამენტში ამინდს ქმნის...”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რაც სასამართლოში ხდება, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა” / “ივანიშვილი უნდა გათავისუფლდეს თავისი გარემოცვის იმ წევრებისგან, რომლებიც ატყუებენ და მხოლოდ მაამებლობით არიან დაკავებული” / “მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში არიან ჯგუფები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციას ხელოვნურად აღვივებენ”.

“რაც შეეხება დაპირისპირების სიმწვავეს, მათ იმაზე მეტი ძალაუფლების ხელში აღება მოინდომეს, ვიდრე აწევა შეეძლოთ. ძალაუფლების ფლობა უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და პოლიტიკის ნიუანსების ცოდნას. სამწუხაროდ, გუნდი, რომელმაც ეს იკისრა, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გათვითცნობიერებულია პოლიტიკაში. ეს არის არსებული დაპირისპირების ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა, რომელზეც “ძველებმა” 2012 წლამდეც და მერეც საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა დააფუძნეს, მეათეხარისხოვნად გამოცხადდა, თანაც ისე, რომ ამ მიმართულებით დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებელი ისევ “ძველები” ხდებოდნენ. მაგალითად, ავიღოთ მოსამართლეების თემა, რომელზეც კამათი დღეს არ დაწყებულა. მართალია, ეს ამბავი არ გამოდიოდა პარლამენტის კედლებს გარეთ, მაგრამ საქმეში ჩახედულებმა ხომ იცოდნენ, რომ დაპირისპირება არსებობდა. ამ იდეას, რომ შენარჩუნებულიყვნენ ოდიოზური მოსამართლეები, ატარებდა “ახლების” ჯგუფი და ამისთვის ილანძღებოდნენ “ძველები”, სხვათა შორის, ივანიშვილის ჩათვლით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ივანიშვილი რეალურად მმართველი კი არის, თუმცა მართვა ერთია და მეორე - მართვის შედეგი. სწორედ შედეგის თვალსაზრისით არის აშკარად პრობლემები. გავანებოთ მოსამართლეების თემას თავი და გავიხსენოთ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის საკითხი, რომელიც ისევ გააქტიურდა ბოლო დღეებში. კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე ივანიშვილმა ამ საკითხზე ილაპარაკა. ერთხელ, თუ არ ვცდები, თქვენთან ინტერვიუში, ვთქვი, რომ ამაში პრობლემა და უბედურება არაფერია, ოღონდ დალაგებულ და ნორმალურ ქვეყანაში-მეთქი. სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციით მართლაც დიდი ფული იშოვეს კანადასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ოღონდ, ვიმეორებ, ეს შეიძლება გაკეთდეს დალაგებულ და მოწესრიგებულ ქვეყანაში, სადაც კანონი მთავარია და სამართლიანობა აყვანილია უზენაეს ხარისხში, რასაც საქართველოზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. გარდა ამისა, ჩვენთან პრობლემად იქცა ისიც, რომ საკითხი არ იყო მომზადებული და ისე მიაწოდეს საზოგადოებას. ამის მომზადება უპირველესად იყო პარლამენტის, მთელი ხელისუფლებისა და მათი პიარჯგუფების საქმე. როგორც ვიცი, უმრავლესობის სხდომაზე ეს საკითხი ივანიშვილმა სწორედ ცუდად გაკეთებული საქმის მაგალითად მოიყვანა. მან სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელობას უსაყვედურა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მიჩვეულია ბიზნესსტრუქტურების მართვას, არადა, ბიზნესი სხვაა და პოლიტიკა - სხვა. ბიზნესსაქმიანობისას მენეჯერი, რომელიც ვერ ასრულებს კონკრეტულ დავალებას, შეგიძლია სამსახურიდან უაპელაციოდ გაათავისუფლო და მოიყვანო ის, რომელიც შედეგს მოგიტანს, ოღონდ შედეგის მოტანას მუდმივად ვერ დააკვირდები, ამისთვის დრო არც გეყოფა. პოლიტიკაში ასე არ ხდება - პოლიტიკა მუდმივად ცვალებადია, მენეჯერის იმედზე ვერ იქნები, კონკრეტული პოლიტიკოსის გამოცდილების, ერუდიციისა და გონიერების იმედზე უნდა იყო. აი, ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი მართვით კი მართავს, მაგრამ შედეგს ვერ იღებს, რადგან პრობლემა მართვის პრინციპშია. სწორედ პრინციპია მცდარი, არ შეიძლება პოლიტიკას ბიზნესის წესებით მიუდგე. ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ნამდვილად არ სურს ამ პარტიის დაშლა და მარცხი, მაგრამ უნებურად სწორედ ამას უწყობს ხელს. მისი შეცდომაა ისიც, რომ ამ ტიპის ხალხს დაეყრდნო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“როცა წავიდა პრემიერობიდან, ვთქვი, მან პასუხისმგებლობას თავი აარიდა-მეთქი, რის მერეც, თუ გახსოვთ, სატელევიზიო ეთერში მე და ივანიშვილმა ვიკამათეთ კიდეც. ახლა ასე კატეგორიულად აღარ ვფიქრობ - თუ პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება, არ იქნება ცუდი, თუ არა და, არც ეს იქნება კატასტროფა, თუ, ბოლოს და ბოლოს, დაინახავს შექმნილი რეალობის მთელ სიმწვავეს და სწორ გადაწყვეტილებებს თუნდაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიიღებს. დღეს ისეთი რთული ვითარებაა, რომ მხოლოდ ივანიშვილის დაბრუნება-არდაბრუნებაში არ არის საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საკადრო პოლიტიკა, სწორი ცვლილებები და იმ დაპირებების შესრულება, რომლებიც გასცა, თუნდაც გასული წლის დეკემბერში”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“ის, რომ მოსამართლეების თაობაზე დავა პარლამენტში დიდი ხანია მიმდინარეობს, ეს ვიცოდი. დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები წარადგინეს, ეს იყო მართლაც ბოლო წვეთი პარლამენტართა ნაწილისა და საზოგადოებისთვისაც. ზოგიერთი პირი, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი, მიზეზთა გამო სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას - ამ ხალხით მანიპულირება ადვილია. ვიმეორებ: არასწორია, მაგრამ ასეთ ადამიანებს იყენებენ, თუმცა არ შეიძლება ისინი ბაირაღად და სამართლიანობის სიმბოლოდ წარმოგვიდგინონ. მოვლენების ლოგიკა ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი ფიქრობდნენ, ამ მოსამართლეებს გარკვეული დოზით გამოიყენებდნენ. ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ მცირედ გაუხსნეს კარი, მაგრამ ამ ხალხმა ეს კარი ჩამოგლიჯა და მთელი სისტემის დაპატრონებას ცდილობს. მათ გზა და ასპარეზი განსაკუთრებით პარლამენტის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გაუხსნა... ”, - ამბობს ექსპერტი.

“რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, იუსტიციის საბჭოთი დაწყებული და უზენაესი სასამართლოთი დამთავრებული, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს კონკრეტული პირების კარგად გააზრებული, დაგეგმილი ნამუშევარია და კეთდება იმისთვის, რომ თუ მთლიანად ხელისუფლება ვერ ჩაიგდეს, მისი ერთი შტო მაინც ჩაიგდონ ხელში, სასამართლო სისტემის გაკონტროლებას კი რა შეუძლია და როგორ შეიძლება იქცეს ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის, არეულობისა და საბოლოოდ ხელისუფლების ცვლილების საფუძველი, არა მგონია, ასე რთული გასააზრებელი იყოს. დღეს ეს მოსამართლეები ემსახურებიან ხელისუფლებას, მაგრამ პარალელურად სულ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებენ მასზე. ვფიქრობ, ეს პროცესი კარგად გამოიყენა “ნაციონალური მოძრაობის” მოაზროვნე გუნდმა და საბოლოოდ გვაქვს შედეგიც - სისტემას დღეს იუსტიციის საბჭო მართავს. ეს არის მათი მზადება მომავლისთვის. საბოლოოდ ეს ყველაფერი "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული”, - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “პირველი ტურის შემდეგ მოვისმინეთ ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც აღიარა, რომ ტყუილის მსხვერპლი შეიქნა, ახსენა გაყალბებული სოციოლოგიური გამოკვლევებიც და ა.შ. თქვა, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს აპირებდა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. როგორ ფიქრობთ, იმ პირებისგან მაინც თუ მოახერხა გათავისუფლება, რომლებიც, თვითონვე აღიარა, რომ ატყუებდნენ....” - პასუხობს:

“არა. ის ადამიანები ძალიან კარგად ორგანიზებული არიან და იციან, როგორც უნდა მოიქცნენ. ეს ჯგუფი არასდროს ეკამათება ბიძინა ივანიშვილს. ისინი მის მოწოდებას, რჩევას თუ დავალებას სიტყვის შეუბრუნებლად იღებენ, თუმცა ცუდად ასრულებენ, ან ისე, როგორც აწყობთ. სამწუხაროდ, მაამებლები ივანიშვილის გარემოცვაში გაცილებით კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლია, ოღონდ ეს აზრი უნდა იყოს კარგად არგუმენტირებული. მას უყვარს არგუმენტები. დღეს კი მის გარშემო თავმოყრილ პირებს არგუმენტები არ სჭირდებათ. როცა გამუდმებით გიმტკიცებენ, რომ მართალი ხარ, ალბათ, იჯერებ, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილიც ადამიანია... რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს მეეჭვება, ამას ის ახერხებდეს. ვფიქრობ, ამით სხვები არიან დაკავებული, ისინი ხლართავენ ინტრიგებს, საბოლოოდ კი ყველაფერს კობახიძეს ახმოვანებინებენ. ირაკლი კობახიძე გონიერი კაცია, მაგრამ პოლიტიკურად გამოუცდელია. მისი დანიშვნა პარლამენტის თავმჯდომარედ ძალიან ნაადრევი იყო”.

თინა ხიდაშელი - “ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები, “ოცნების“ დაშლა გარდაუვალია”

“ქართულ ოცნებაში” არავითარი დაჯგუფება არ არსებობს. როგორც ჩანს, გუნდის ერთ ნაწილს უჩნდება განცდა, რომ ხვალ შეიძლება გემბანის მიღმა აღმოჩნდნენ. ამიტომ საკუთარი თამაში წამოიწყეს, ეს კი არასოდეს ხდება წინააღმდეგობის და დაძაბულობის გარეშე. ვფიქრობ, ახლაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. პრინციპებისთვის ბრძოლასთან არ გვაქვს საქმე. ასე რომ იყოს, პრინციპულ ადამიანებს არჩევანი 2015 წელს უნდა გაეკეთებინათ, რადგან მურუსიძე, მოსამართლეები და სააკაშვილის სისტემა ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები ზუსტად იმ დროს აღმოჩნდა. მაშინ ამ ადამიანებს ამ ყველაფერზე პრეტენზია არ ჰქონიათ, დღეს კი უბრალოდ საკუთარი თავის გადარჩენისთვის დაიწყეს ბრძოლა”, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი: “ოცნების“ დაშლა გარდაუვალია” / „როცა არა ხარ პოლიტიკური პარტია, არამედ ხარ ძალაუფლებისთვის გაერთიანებული ერთობა, ბრძოლა ასეთ ფორმას იღებს. ასე რომ, „ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს შემაკავშირებელი ფაქტორი, როგორც ძალის ცენტრი”.

“ოცნებაში” არიან პირები, რომელთა ინტერესები პერიოდულად ერთმანეთს ხან ემთხვევა, ხან კი - არა. ამიტომ იწყებენ ერთობლივად რაღაცის კეთებას ან გაფუჭებას და ასე აღმოჩნდებიან რომელიმე მხარეს. არა მგონია, სერიოზულად ღირდეს ლაპარაკი კობახიძის გუნდსა და მის ლიდერობაზე, ის არ არის ასეთი სერიოზული ფიგურა, ამიტომ მისი გუნდის წევრობა არაფერს ნიშნავს... 2016 წელს კოალიციის დაშლა კონკრეტული პროცესის შედეგი იყო. ეგონათ, 2012 წელს გათავისუფლდნენ ე.წ. გარე ელემენტებისგან, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ყველაზე მთავარი - როცა არა ხარ პოლიტიკური პარტია, არამედ ხარ ძალაუფლებისთვის გაერთიანებული ერთობა, ბრძოლა ასეთ ფორმას იღებს. ასე რომ, “ოცნების” დაშლა გარდაუვალია, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს შემაკავშირებელი ფაქტორი, როგორც ძალის ცენტრი. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა უფრო ნაკლები ხარისხით, უფრო მცირემასშტაბიანი და მცირე მოცულობით, ვიდრე სააკაშვილი. ეს არის მათ შორის განსხვავება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი. “ჩემი აზრით, ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები. უფრო სწორად, თავად გაიხლართა იმ ქსელში, რომელიც სხვებისთვის მოქარგა, თავისივე დაგებულ მახეში გაება. “ოცნებაში~” არავითარი სხვა ლიდერი არ არსებობს. ურჩევნია, თვითონ დაიტოვოს აქედან გამოსავალი, რადგან გუნდში არ არსებობს ადამიანი, რომელიც კრიზისის განმუხტვას შეძლებს. ამიტომ თვითონვე უნდა განმუხტოს ეს ვითარება, არადა, გუნდში ამის პოტენციალი, პოლიტიკური წონა და შესაძლებლობა არავის აქვს. საამისოდ მას ჰყავდა ერთადერთი ადამიანი, ყოფილი პრემიერი, რომელიც საბოლოოდ ამავე მახეში გაება და იძულებული შეიქნა, წასულიყო. ამოიწურა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მისი პოტენციალი”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როგორ უნდა გამოვიდეს “ოცნება” ამ კრიზისიდან?” - პასუხობს:

“არ მაინტერესებს, როგორ გამოვა. ყველაზე არასწორი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ივანიშვილისგან მივიღეთ წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ ეს იყო - ის პარტიის კრიზისიდან გამოყვანას დაგვპირდა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ გვაინტერესებს რომელიმე კონკრეტული პარტია როგორ დალაგდება. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ დალაგდება ქვეყანა და როგორ გამოიყვანენ ქვეყანას კრიზისიდან. ეს ამ პარტიით მოხდება, კოალიციის შექმნით, უმრავლესობის დაშლით თუ რიგგარეშე არჩევნებით, ეს უნდა იყოს დღეს განსჯის საგანი და არა ის, “ოცნება” კრიზისშია და როგორ დასძლიოსო. ირაკლი კობახიძემ იდარდოს, რა ეშველება “ქართულ ოცნებას”. გამოსავალი კი რიგგარეშე არჩევნებია, შესაძლოა არა იდეალური, მაგრამ საუკეთესოა, რაც კაცობრიობას გამოუგონია კრიზისის განმუხტვისთვის..."

გედევან ფოფხაძე - “ძალიან მინდა ბატონმა ბიძინამ თავისი აზრი დააფიქსიროს საჯაროდ და სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს არ ჩააბაროს მესამე ინსტანციის სასამართლო”

“არა მაქვს იმისი შიში, არიქა, კომიტეტში თუ არ გვექნება მყარი პოზიციები, ამის გამო ამ პროცესებზე ზეგავლენას ვერ მოვახდენთ-მეთქი, მაგრამ ნდობა მოიმატებდა, თუ იქ დომინანტი ის პირები იქნებოდნენ, რომლებიც თავიდანვე ამ პროცესის სხვანაირად წარმართვის მომხრენი იყვნენ - ვგულისხმობ ეკას, ლევანს და ჩემს თავსაც. მთავარი იყო განხილვის ვადები და პროცედურები. ბოლოს და ბოლოს, საკმარისი დრო იქნებოდა ამ საკითხის განხილვისა და იმისთვის, რომ დეპუტატებს ამ კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ, მაგრამ, როდესაც ყველაფერი ასე ფორსირებულად ხდება, უკვე საეჭვოა. როდესაც საჯაროდ ვერავინ ამბობს, რომ ჩინჩალაძე ცუდია, მათთან ერთად რაიმეს კეთება უკვე საეჭვოდ მიმაჩნია... ვიღაცებს ჩინჩალაძე უნდათ და ამიტომ ცუდი არაფერი ვთქვათო, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტს ფსკერზე ვწევთ. უზენაეს სასამართლოში კარგი კი არა, ძალიან კარგი და მაღალი კვალიფიკაციის იურისტები უნდა შევიყვანოთ”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს გუნდურობა კი არა, სადომაზოხისტური ურთიერთობებია” / “როდესაც საჯაროდ ვერავინ ამბობს, რომ ჩინჩალაძე ცუდია, მათთან ერთად რაიმეს კეთება უკვე საეჭვოდ მიმაჩნია” / “იცით, კობახიძე რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? სტანდარტი დაგვიდგინეს ასეთი: მე რასაც მინდა, იმას ვიტყვი და ის თუ რამეს მიპასუხებს, ეს არაგუნდური იქნება”.

“ეკას, ლევანის და ჩემი, ასევე ბევრის პოზიცია, უმრავლესობასთან თანხვედრაშია და უკავშირდება იმას, რომ სასამართლოს მესამე რგოლი არ შეიძლება ხელში ჩაუვარდეს სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათ მოსამართლეებს. დღეს ეს არის მთავარი, ჩემი დასჯა კი არა. ის, რომ ჩემი პოზიცია სასამართლოს საკითხზე ვიღაცას არ მოსწონს და ამიტომ არ უნდათ იურიდიულ კომიტეტში ჩემი ყოფნა, გასაგებია, თორემ მე ამ კომიტეტში წინა მოწვევის პარლამენტის დროსაც ვიყავი და კომიტეტიდან ჩემი გაძევების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მოსამართლეების თემა თუ სადავო იყო, მაშინ ამაზე კომიტეტში შიდაორგანიზაციულად უნდა გვედავა. ჩემი პოზიცია შეიძლება არაპოპულარულია და ვიღაცამ მისაყვედუროს, მაგრამ ჩემთვის ეს ერთად­ერთი სწორი პოზიციაა - სასამართლოში ღირსეული ადამიანები უნდა გავამწესოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გედევან ფოფხაძე და შეკითხვაზე - “გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე და მისი ჯგუფი ლობირებენ მოსამართლეთა სიას. რაში აწყობთ მათ საეჭვო წარსულისა და რეპუტაციის მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში?” - პასუხობს:

“ვინაიდან ისინი ამ საკითხის ფორსირებულად განხილვის მომხრენი იყვნენ და არც სიაში არსებულ პირებზე გამოუთქვამთ კრიტიკული მოსაზრებები, იმაზე მეტყველებს, რომ ჯალათ მოსამართლეებს უჭერენ მხარს. თუმცა ბოლოს ანგარიში მაინც გაუწიეს იმას, რომ ეკა კომიტეტის სხდომებს არ ატარებდა და ბევრი დეპუტატიც წინააღმდეგი იყო. ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, თორემ ის, რომ საკითხის გადავადება დაკავშირებულია ეკას და სხვების პოზიციასთან, აშკარაა. მოსამართლეობის კანდიდატებს კობახიძის ჯგუფი რაღაც დოზით ისედაც ლობირებდა, ეს ცხადი იყო, უბრალოდ, შემდეგ ამაზე კამათი დაიწყო. ვისაც ამ საკითხზე განსხვავებული აზრი გვქონდა, პარტიის ოფისში შევიკრიბეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. იმის მტკიცებას თუ დაიწყებენ, კანდიდატურები ჩვენც დიდად არ მოგვწონდაო, ტყუილი იქნება. თუ სია სესიაზე გავიდოდა, აუცილებლად დაუჭერდნენ მხარს. ლაპარაკი იყო იმაზე, ვისაც გინდათ, იმას დაუჭირეთ მხარი, მთავარია, სია გავიდესო. ეკა ძალიან პრინციპული იყო და ამბობდა, სულაც იდეალური რომ იყოს, ამ ფორმით და ტემპით არ შეიძლება მისი გატანაო. თვითონ კობახიძემ და მისმა მომხრეებმა თქვან, რაში აწყობთ ასეთი პირები. ისინი არ ამბობენ, რომ ჩინჩალაძე ცუდია, ჩემ მიმართ კი მკაცრი ზომების გატარება მოინდომეს”.

“ფრაქციის სხდომაზე კობახიძე ბიძინა ივანიშვილსაც არწმუნებდა, დაჩქარებული პროცედურები პრობლემა არ იქნებაო. კობახიძეს კანდიდატებზე ცუდი არაფერი დასცდენია და, რა თქმა უნდა, მომხრე იყო - გუნდის ეს ნაწილი რომ ამ სიით უკმაყოფილო არ იყო, აშკარაა... კობახიძემ ბესელიაზე რომ თქვა, გუნდური თამაშის წესები დაარღვიაო, ვერ გაგვიგია, რას გვიკიჟინებენ, რა არის ეს გუნდურობა, რა სტანდარტია, რა ხილი, რამე დაწერილი წესების ნუსხაა და იმითი უნდა ვიხელმძღვანელოთ? თუ, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ის, რაც მათ არ უნდათ, ისინი კი ყველაფერს უბერავენ, როცა უნდათ?! იცით, კობახიძე რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? სტანდარტი დაგვიდგინეს ასეთი: მე რასაც მინდა, იმას ვიტყვი და ის თუ რამეს მიპასუხებს, ეს არაგუნდური იქნება. ხელები გაგვიკოჭე და თავში ჯოხს მირტყამ - ასეთი სტანდარტი დაგვიდგინეს და ეს გუნდურობაა?! ეს სადომაზოხისტური ურთიერთობებია და ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენმა პრობლემებმა და დაპირისპირებამ მოსამართლეთა შერჩევის თემა არ უნდა მიჩქმალოს. გუნდში ვიქნებით თუ არა, მთავარია მოსამართლეების შერჩევა. ჩინჩალაძეებისა და მურუსიძეების დანიშვნა კატასტროფა იქნება. ეს გუნდის დანაპირები არ ყოფილა და ქართველი ხალხისა და სინდისის წინაშე მართლები არ ვიქნებით... მაინც მივიღებ ამ პროცესებში მონაწილეობას და ბოლომდე ვიბრძოლებ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი მართლმსაჯულება უნდა გადავარჩინოთ, სასამართლო სისტემა დავიცვათ იმ ნეგატიური პროცესისგან, რომელიც იწყებოდა. ამაში უნდა შევამხანაგდეთ და არ უნდა დავიწყოთ იმის გარკვევა, ბესელიას რა მოტივაცია აქვს და ფოფხაძეს - რა... ბატონმა ბიძინამ თავისი აზრი თვითონ უნდა დააფიქსიროს საჯაროდ. ძალიან მინდა, რომ არ გააწბილოს ქართველი საზოგადოება და სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს არ ჩააბაროს მესამე ინსტანციის სასამართლო”, - დასძენს გედევან ფოფხაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა