წყალტუბოს საკრებულოს დაკავებული თავმჯდომარის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ოჯახის წევრებმა აცნობეს, ივანეიშვილის საქმიანობა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და მასში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

ივანეიშვილის ოჯახი გამორიცხავს მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, როგორც სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის ხელშეწყობის, ასევე მისი ინვესტორისათვის ხელსაყრელ, სახელმწიფო ინტერესისათვის საზიანო ფასად მიყიდვის თვალსაზრისით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ასევე გავრცელებული ინტერპრეტაციების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გვსურს გამოვხატოთ პოზიცია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის დაკავებასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

გრიგოლ ივანეიშვილი ქ. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებამდე, 2017 წლის ნოემბერში, ამავე ქალაქში სამეწარმეო საქმიანობას 20 წელზე მეტია ეწევა. ამ წლების განმავლობაში, მან ქალაქში განახორციელა 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და წარმოადგენს რაიონის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებში დასაქმებულია 70-ზე მეტი ადგილობრივი.

ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და მასში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურებოდა მისი საქმიანობაც წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რაც მოიაზრებს ინვესტიციების მოზიდვასა ინვესტორების დაინტერესებას ქალაქში ბიზნეს საქმიანობის წამოწყების თვალსაზრისით. ამავე მიზნით, თანამდებობის ფარგლებში არსებული კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდა ბრალდების მიერ აპელირებად შემთხვევაში პოტენციური ინვესტორის მხარდაჭერაც სახელმწიფო ქონების აუქციონის საშუალებით პრივატიზების საქმეში.

ცნობილია, რომ ბრალდების საქმეში მითითებული ქონების პრივატიზაცია უკვე გაწერილი იყო ქალაქის წლის ბიუჯეტში. ამასთან, ქონების გასხვისებამდე გაიმართა ორი წარუმატებელი აუქციონი, სადაც ქონების ღირებულება იყო იდენტური ბრალდების საქმეში ხსენებული აუქციონისა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი გასხვისება. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს გრიგოლ ივანეიშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, როგორც სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის ხელშეწყობის, ასევე მისი ინვესტორისათვის ხელსაყრელ, სახელმწიფო ინტერესისათვის საზიანო ფასად მიყიდვის თვალსაზრისით. მივიჩნევთ, რომ ამ და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სამართლიანად წარმართული გამოძიების საშუალებით, სასამართლო უზრუნველყოფს ჭეშმარიტების დადგენას.

ამასთან, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გავრცელებულ არამართებულ ინტერპრეტაციებზე გრიგოლ ივანეიშვილის ქონების შესახებ. კერძოდ, მის დეკლარაციაში მითითებული საკუთრების დაკავშირებაზე მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან. გვსურს აღვნიშნოთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ გრიგოლ ივანეიშვილს არ შეუძენია არც ერთი უძრავი, თუ მოძრავი ქონება. ყველა უძრავი თუ მოძრავი ქონება მას შეძენილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებამდე, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე.

ბოლოს, ვაცხადებთ, რომ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გამოძიებას. ვიმედოვნებთ, პროცესი წარიმართება სამართლიანად და სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. საზოგადოებასა და მხარეებს მივმართავთ თხოვნით, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისგან გამოძიების პროცესში, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე“, - ნათქვამია გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის განცხადებაში.

ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა