ქართული პრესის მიმოხილვა 04.02.2019

გია ხუხაშვილი - “სახელისუფლებო მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია - ერთმანეთის ენა აღარ ესმით”

ცივი ომი ოფიციალურად დაიწყო - გორბაჩოვ-რეიგანის 1987 წლის ისტორიული შეთანხმება გაუქმებულია

თინა ხიდაშელი - “არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული “ოცნება”

* * *

გია ხუხაშვილი - “სახელისუფლებო მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია - ერთმანეთის ენა აღარ ესმით”

“დღესდღეობით მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებები უფრო ტრაგედიების მიდევნების რეჟიმში მუშაობენ. მერი რომ ცრემლს გადმოაგდებს, ეს მის პასუხისმგებლობას არანაირად არ ამცირებს - ეს არ არის სენტიმენტების თემა, ეს სწორი მენეჯმენტისა და მართვის საკითხია. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა: “ყაზტრანსგაზის” მსგავსი ბუნებრივი მონოპოლისტების შემთხვევაში, რომელთაც ძალიან დიდ სოციუმთან უწევთ კონტაქტი თავიანთი მომსახურებით, ტექნიკური უსაფრთხოების საკითხთან ერთად, დგება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სახელისუფლებო მართვის სისტემა ბაბილონის გოდოლია, რომელთა მკვიდრთაც ერთმანეთის ენა არ ესმით” / “ზოგიერთი მოსამართლის ლოგიკა მიჩენს ეჭვს, რომ მოსამართლეების ნაწილის ფსიქიკური მდგომარეობაც შესამოწმებელია. ამ ხალხს რა ლოგიკით გამოაქვს განაჩენი, არ ვიცი”.

“როდესაც ამა თუ იმ კომერციულ დაწესებულებას აქვს ურთიერთობა ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან, პოლიტიკური ინტერესის გაჩენის შემთხვევაში შესაძლოა პროვოცირება მოხდეს და ხელი შეეწყოს განსაზღვრული პროცესების განვითარებას. ეს იქნება გამოხატული ავარიებით, ფსევდოფორსმაჟორის შექმნით თუ სხვა რამით, ძნელი სათქმელია, თუმცა ასეთი საფრთხეები რეალურია. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არიან ამგვარი სტრატეგიული ბუნებრივი მონოპოლიების მფლობელები და რა რისკებს შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. ის, რომ არ ვიცით, ვინ არის “ყაზტრანსგაზის” მფლობელი, ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის - ფიზიკური პირი თუ სახელმწიფო კომპანია. მაგალითად, “სოკარზე” ვიცით, რომ ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია და გარკვეული რისკები ამ თვალსაზრისით პროგნოზირებადია. აი, მე ვკითხულობ: რა ვიცით, რომ “ყაზტრანსგაზს” არ აკონტროლებს, დავუშვათ, რუსული “გაზპრომი?. გასაგებია, რომ ხელისუფლებაში რაღაცის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ არ ჩანს სისტემური მიდგომა, ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს. შეიქმნება პრობლემა, ახმაურდებიან, თითქოს რაღაცას აკეთებენ, ცოტა ხანში კი მიივიწყებენ. არანაირი სტრატეგია, კონცეპტუალური მიდგომა არ ჩანს” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“იმ დროს, როდესაც ყველაზე დიდი ძალისხმევა ქვეყნის სოციალური სიდუხჭირიდან ამოსაყვანად უნდა იხარჯებოდეს, რითი არიან ხელისუფლებაში დაკავებული? უკვე საკმაოდ ბევრი შეხვედრა ჰქონდა უმრავლესობას, სადაც, წესით, უნდა განიხილავდნენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს, ამის ნაცვლად კი იმის გარკვევით არიან დაკავებული, კობახიძე მოერევა თუ ბესელია... როდესაც ასეთი პოლიტიკური იწილო-ბიწილო ვერ გვარდება თვეების განმავლობაში, შეიძლება იმედი გვქონდეს იმისა, რომ ეს ხელისუფლება ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემას მაინც გადაწყვეტს? მით უფრო, რომ ვხედავთ, სახელმწიფოებრივი პრობლემები უკანა პლანის პრობლემებად არის გადაქცეული. არადა, უნდა ახსოვდეს ყველას, რომ პოლიტიკური ინტერესები თავდება იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესები იწყება. თუ ეს მიდგომა არა აქვს ხელისუფლებას, მას მომავალიც არ ექნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართული ოცნების~” ხელისუფლება ზის ნავში, რომელსაც ბევრი მიკროდაზიანება აქვს. ნავი ნელ-ნელა იძირება, ხელისუფლება კი ნაცვლად ნავის გარემონტებისა, თითებით ცდილობს დაზიანებების დაგმანვას, მაგრამ იმდენი დასაგმანია, რომ თითები არ ჰყოფნით. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ასე პრობლემას ვერ გადაწყვეტენ. შესაძლოა ჩაძირვის პროცესი შეანელონ, მაგრამ ჩაძირვას თავიდან ვერ აიცილებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, მოსამართლეების თემა უფრო საბაბია განხეთქილებისა, ვიდრე მიზეზი. შორს რომ არ წავიდეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზევე გამოჩნდა, რომ ამ ხალხს, ვინც უმრავლესობაში მოიყარა თავი, არაფერი აერთიანებდა: არც იდეოლოგია, არც ფასეულობათა სისტემა, არც გეგმები... ამ ადამიანების დამაკავშირებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რესურსებია. რა მოხდა ახლა და რატომ ამოტივტივდა კონფლიქტები და გახდა ყველასთვის თვალსაჩინო? საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდის ერთიანობას ინარჩუნებდა ორი ფაქტორით: პირველი - რესურსებით და მეორე - პირადი ავტორიტეტითა და უძლეველობის ლეგენდით. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს ლეგენდა დაიმსხვრა, რადგან პირველი ტური სწორედ მისი ავტორიტეტის პასუხისმგებლობით წააგეს, მეორე ტურზე კი მას მოუხდა დახმარების გარე ძალებისთვის თხოვნა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ფაქტორი დაიმსხვრა და დაიწყო რყევებიც. მისი მხრებიდან ჩამოსვლა, ანუ მის რესურსებზე უარის თქმა არავის უნდა, თუმცა იმ ალგორითმის მიღებაც არ სურთ, რასაც დავალების შესრულება ჰქვია”, - განმარტავს ექსპერტი.

“განსაზღვრულ ჯგუფებს გაუჩნდათ ამბიცია და კობახიძის მოტანილი წერილით პულტზე ხელის დაჭერა აღარ უნდათ. ივანიშვილის მართვის ფილოსოფია მთლიანად ემყარებოდა იმას, რომ აქამდე მისი ვალი ჰქონდა ყველას, ის კი არავის მოვალე არ იყო, თუმცა მეორე ტურის შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. “ქართულ ოცნებაში” ცალკეულ პირებს თუ დაჯგუფებებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ მათაც შეიტანეს მეორე ტურის გამარჯვებაში წვლილი და დაიმსახურეს, რომ ივანიშვილი კობახიძის შუამავლობით კი არა, პირდაპირ ელაპარაკოს. ჩვენ ახლა ვართ ამ პროცესის შუაგულში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან არაკომფორტულია, რადგან მთელი მისი ნარატივი დაინგრა და იძულებულია მანევრირება დაიწყოს. შეხვედრა შეხვედრაზეც იმიტომ იმართება. ხისტად რომ დაარტყას მაგიდას მუშტი და განაცხადოს, ეს ასე უნდა იყოსო, აღარ გამოსდის, ამიტომაც ახლა მანევრირებს, რის ხელოვნებაც საკმაოდ კარგად იცის. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგი. ის შეეცდება, აღიდგინოს სტატუსი, ტაქტიკურად გადააგოროს ეს პერიოდი, დრო მოიგოს და იმავე სისტემაში დაბრუნდეს, რაც ძალიან ძნელი იქნება. ეს დროებით რომც მოახერხოს, შემდგომში უფრო დიდი პრობლემები გაუჩნდება.”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

“ივანიშვილმა არასწორი ტექნოლოგიური მონახაზით ააგო ხელისუფლების მართვის სისტემა. ეს არის ბაბილონის გოდოლი, რომლის მკვიდრთაც ერთმანეთის ენა აღარ ესმით. ახლა დაიწყო სწორედ ამის ნგრევის პროცესი. კოსმეტიკურად ბოძების შეყენებით თუ შეეცდება მის შენარჩუნებას, შემდგომში ეს უფრო მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს პირადად მისთვის. მოცემულობა ისეთია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის, რასაც თვითონაც აღარ მალავს - თუ ადრე ამბობდა, რომ აკონტროლებდა ხელისუფლებას, მისი ბოლო დაპირება მეორე ტურის დასრულების შემდეგ იყო ასეთი, ახლა ჩემზეა ყველაფერიო. მან პასუხისმგებლობის ლეგალიზაცია ვერბალურად მოახდინა, ეს კი რეალურად შეიძლება მოხდეს ერთი გზით - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები უნდა მოვიდეს თანხვედრაში. მას მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევა თეორიული შანსი, რომ გადარჩეს თვითონაც და გადაარჩინოს თავისი ხელისუფლებაც. არის ეს პანაცეა? - არა, თუმცა არის მისი შანსი”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება მოსამართლეების თემას - მთავარი, რაც უნდა გაეკეთებინა თავშივე ხელისუფლებას, ამ მანკიერი სისტემის დემონტაჟი უნდა მოეხდინა და სრულიად ახალი სისტემების ჩამოყალიბება დაეწყო. თავდაპირველად ეს სცადა კიდეც, თუმცა რაღაც მომენტში “ქართულმა ოცნებამ” ძველ სისტემასთან თანამშრომლობით თავი კომფორტულად იგრძნო და გაუჩნდა ილუზია, რომ ამ ურჩხულის მართვას შეძლებდა. საქმე ის არის, რომ ეს ხელისუფლება არ არის ისეთი ძლიერი, რომ ეს სისტემა ისევე ემართა, როგორც მისი შემოქმედი სააკაშვილი აკეთებდა. მას პოლიტიკურ ვერტიკალში ჰყავდა ჩასმული ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და იმავე მოსამართლეებს ამუშავებდა პოლიტიკურ დაკვეთებზე. სასამართლო პირდაპირ პოლიტიკოსებთან კი არ მუშაობდა, არამედ პროკურატურის შუამავლობით ასრულებდა დაკვეთებს. როდესაც დღეს მურუსიძე გვეუბნება, გირგვლიანის საქმეზე გამართული განაჩენი გამოვიტანე, ისეთი, რაც პროკურატურის წარდგენილ ბრალს შეეფერებოდაო, რეალურად ასეა, მაგრამ მაღალი ალბათობით, ყველაფერი ასე მოხდა: სავარაუდოდ, პროკურორმა შეუკვეთა, რა განაჩენიც გამოეტანა და შემდგომ მის შესაბამისად შეკერეს საქმე და ბრალდება”, - ამბობს ექსპერტი.

“გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ხელისუფლება სუსტია და ურჩხულის მართვა ეფექტიანად არ შეუძლია, ურჩხული აღარ არის თანახმა, რომ მხოლოდ ემსახუროს და არა მარტო პარტნიორობას სთავაზობს, უკვე ხელისუფლების ნაწილი აიყვანა მძევლად. ხომ ნახეთ მოსამართლეთა კონფერენცია. ასეთი შემაშფოთებელი რამ კარგა ხანია, არ მინახავს. ჩვენ ვნახეთ საბჭოური გადმონაშთი, რომელიც თავდაცვის რეჟიმშია და აგრესიაზე გადადის. ეს იყო კლასიკური კომუნისტური პარტიის მსგავსი ორგანიზაციის კრება. რაც შეეხება მოსამართლეების აქტივობას, მათ განცხადებებს, საუბრის სტილს, ეს კატასტროფაა. გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი, მურუსიძე ამ სისტემაში არსებული მანკიერების სიმბოლოები და “თვალსაჩინო” წარმომადგენლები არიან. იმ პარტიის კრებაზე მათ გამოსვლაზე უარესი გამოსვლებიც ვნახეთ. ზოგიერთი მოსამართლის ლოგიკა მიჩენს ეჭვს, რომ მოსამართლეების ნაწილის ფსიქიკური მდგომარეობაც შესამოწმებელია. ამ ხალხს რა ლოგიკით გამოაქვს განაჩენი, არ ვიცი. როგორ შეიძლება არ ესმოდეს საღად მოაზროვნე ადამიანს, რომ მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი და სხვები წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისთვის, როგორ შეიძლება ადამიანების ბედი ჩავაბაროთ ამ ხალხს?!” - თვლის ხუხაშვილი.

“ისმის კითხვა: სად არის გამოსავალი? ჩემი აზრით, ავგიას თავლა - იუსტიციის საბჭო უნდა გაიხვეტოს და სრულიად ახალ პრინციპებზე, შესაბამისი პოლიტიკური ნებით უნდა შეიქმნას ახალი კრიტერიუმები, რომელთა საცერში მარტო უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები კი არ უნდა გავატაროთ, არამედ ყველა მოსამართლე. ახალ კანონს უნდა მიენიჭოს უკუქმედების ძალა. კომპეტენცია და კეთილსინდისიერება არ შეიძლება იყოს მთავარი კრიტერიუმები. კეთილსინდისიერი ის კილერიც შეიძლება იყოს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მკვლელობის შემკვეთის დავალებას. მოსამართლის შეფასების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მისი განვლილი სამსახურებრივი გზა და რეპუტაცია. კრიტერიუმების შემუშავებაში რომ ისევ მურუსიძე და გვრიტიშვილი მონაწილეობდნენ, სასაცილო ამბავია. ასეთივე სავალალო მდგომარეობაა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში. ეს სისტემური მანკიერება უნდა გადაიხედოს ყველგან! თუ ვაშენებთ ევროპულ ქვეყანას, უპირველესად ინსტიტუციური წესრიგი უნდა აღვადგინოთ. ინსტიტუციები უნდა ავაგოთ სწორ პრინციპებზე და მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირება უზრუნველვყოთ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ფარული ჩანაწერების სამიზნე ამჯერად დეპუტატი ეკა ბესელია აღმოჩნდა” - პასუხობს:

“ხელისუფლება არ რეაგირებს ადეკვატურად. როდესაც რამდენიმე წლის წინ სცადეს ამგვარი ჩანაწერების გავრცელება, მაშინ რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა, როგორც ვიცი, ისინი გამოუშვეს და ამის ერთ-ერთი რეკომენდატორი თვითონ ეკა ბესელია იყო. მაშინ რომ ეს არ მომხდარიყო და იმ ხალხს პასუხი უმკაცრესად ეგო, დღეს ეს არ მოხდებოდა... ხელისუფლებაში, ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ ასეთ რამეს არ დაუშვებენ, თუმცა, მეორე მხრივ, აშკარად ლოიალურობას იჩენენ ასეთი ფაქტების მიმართ, რაც პოლიტიკურადაც ძალიან ცუდად უბრუნდებათ უკან. ეს ბადებს ეჭვს, რომ რადგან ამ ფაქტებს ბოლომდე არა იძიებენ, არ სჯიან დამნაშავეებს, ესე იგი, თვითონაც დაინტერესებული არიან ამ პროცესით. დღეს ვინ გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი არ ვიცი, შეიძლება ეს გააკეთა ხელისუფლებამ, შეიძლება ოპოზიციამაც, რათა კიდევ უფრო გაამძაფროს დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში”, შესაძლოა ამის უკან მართლაც მოსამართლეები დგანან, არ ვიცი... ცხადია მხოლოდ ერთი რამ - საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამ პროცესს ვერ მართავს”.

ცივი ომი ოფიციალურად დაიწყო - გორბაჩოვ-რეიგანის 1987 წლის ისტორიული შეთანხმება გაუქმებულია

“ევროპისთვის ახალი, სახიფათო რეალობა დაიწყო - “საშუალო და ახლო რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ” 1987 წლის შეთანხმება დატოვა აშშ-მაც და რუსეთმაც და უკვე გამოაცხადეს კიდეც, რომ ბალისტიკური რაკეტების გამალებით მოდერნიზება-წარმოება ს იწყებენ, რის შემდეგაც ევროპის კონტინენტის ბირთვული სამიზნეებით აივსება. 2 თებერვალს ამოიწურა ვაშინგტონიდან მოსკოვისთვის მიცემული ვადა, რომ ბირთვული რაკეტების შესახებ ხელშეკრულების წესებს დაბრუნებოდა რუსეთი და გაენადგურებინა საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტა “ნოვატორი”, რომლის მთელი დივიზიონიც განალაგა ცოტა ხნის წინ რუსეთმა თავის დასავლეთ საზღვართან. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ახალი ცივი ომი უფრო და უფრო საშიშ სახეს იღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცივი ომი ოფიციალურად დაიწყო, გორბაჩოვ-რეიგანის 1987 წლის ისტორიული შეთანხმება გაუქმებულია.

“1-ლ თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ 2 თებერვლიდან აჩერებს ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას, რადგან რუსეთი მუდმივად არღვევს შეთანხმებას. მისი თქმით, შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესი 6 თვე გაგრძელდება და ვაშინგტონი მოსკოვს სწორედ ამ 6 თვეს აძლევს შეთანხმების გადასარჩენად. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან ახალი სარაკეტო შეთანხმების გაფორმება სურს, რომელიც ძველზე უკეთესი იქნება. ხოლო თუკი რუსეთი შეთანხმებაზე არ წამოვა, აშშ განავითარებს საკუთარ შეიარაღებას, რათა “რუსეთს ჩამოართვას უკანონო ქმედებებისგან მიღებული ნებისმიერი სამხედრო უპირატესობა”. რუსეთის პასუხმაც არ დააყოვნა. 2 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მათი “პასუხი სარკისებრი იქნება” და ასევე არ აპირებენ ახალი შეთანხმების გაფორმებას. ”ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ წყვეტენ მონაწილეობას ამ შეთანხმებაში და ჩვენც ასე მოვიქცევით. მათ თქვეს, რომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობით არიან დაკავებული. ჩვენც იგივეს გავაკეთებთ”, - განაცხადა პუტინმა, რომელიც ამას გარდა აშშ-ის მოკავშირეებს დაემუქრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ევროპასა ან მსოფლიოს სხვა რეგიონებში არ გამოიყენებს საშუალო და მცირე სიშორის შეიარაღებას, სანამ ამავე რეგიონებში ამერიკული წარმოების მსგავსი შეიარაღება არ გამოჩნდება”, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი “აშშ-ის მიერ გამოცხადებულ შეიარაღების გამალებულ რბოლაში” არ ჩაერთვება, თუმცა იქვე თავდაცვის მინისტს სერგეი შოიგუს დაავალა, სასწრაფოდ დაასრულოს რაკეტა “კალიბრის” სახმელეთო ვერსიისა და ასევე სახმელეთო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების სერიის შექმნა. მოსკოვი ისევ იმას ამტკიცებს, რომ ამ ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულების დარღვევა აშშ-მა დაიწყო ჯერ კიდევ 1999 წელს. რუსეთის პრეტენზიაა, რომ რუმინეთსა და პოლონეთში აშშ-მა განათავსა ანტისარაკეტო სისტემები და ამ სისტემების გამშვებ დანადგარს შეუძლია როგორც ანტისარაკეტო-საზენიტო რაკეტის, ასევე “ტომაჰავკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვებაც ხმელეთიდან, რაც ხელშეკრულების დარღვევაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნატო-ს ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულება დაიწყოს. ასევე საფრანგეთის მთავრობამ მოუწოდა მოსკოვს ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესისთვის განსაზღვრული 6 თვე გამოიყენოს და დაუბრუნდეს შეთანხმების შესრულებას. ხოლო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სარაკეტო შეთანხმება შენარჩუნდეს. ამავე დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონს მოუწოდა ევროპაში ამერიკული რაკეტები განათავსოს. ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 1987 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის გაფორმდა და ამ შეთანხმებამ “ცივი ომის” დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ხელშეკრულება ეხება სახმელეთო ბაზირების რაკეტებს და მხარეებს უნდა გაენადგურებინათ და ევროპიდან გაეტანათ საშუალო (1000-5500 კმ) და მცირე (500-1000 კმ) რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ყველა კომპლექტი და არ გამოეცადათ და არ შეექმნათ ისინი მომავალში. ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ბირთვული შეიარაღების საშიში რბოლა ევროპაში საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის 1970-80-იან წლებში დაიწყო. საბჭოთა კავშირმა ევროპაში ახალი კლასის საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები განალაგა, ალიანსმა კი საპასუხოდ საშუალო სიშორის რაკეტების და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტები განალაგა ბრიტანეთში, იტალიასა და გერმანიაში”, - დასძენს გამოცემა.

“მაშინ დაახლოებით საშუალო და მცირე სიშორის 250 სარაკეტო კომპლექსი განთავსდა ევროპაში ორივე მხარის მიერ და ბირთვული დარტყმა რომ დაწყებულიყო, ევროპის კონტინენტი აღიგვებოდა დედამიწიდან. სხვათა შორის, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებზეც იყო განთავსებული მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები. ამ საშიშ რბოლას მოჰყვა მოჰყვა 1987 წლის ხელშეკრულებაც, რამაც მნიშველოვნად შეამცირა ბირთვული ომის და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე. ხელშეკრულების თანახმად საბჭოთა მხარემ მოხსნა ოპერატიული მორიგეობიდან და გაანადგურა ამ კლასის სახის რაკეტები, მათ შორის მობილური. თავის მხრივ ამერიკულმა მხარემ გაანადგურა ძირითადად იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში განლაგებული სახმელეთო ბაზირების საშუალო სიშორის რაკეტები “პერშინგ-2”, სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები “ტომაჰავკი” და ასევე მცირე სიშორის სახმელეთო ბაზირების “პერშინგ-1ა” და “პერშინგ-2ბ” რაკეტები. საერთო ჯამში 36 თვის განმავლობაში ორივე მხარემ გაანადგურა 898 უკვე განთავსებული და 700 განუთავსებელი საშუალოდ სიშორის რაკეტა და ასევე მცირე სიშორის 1096 რაკეტა (აქედან უკვე განთავსებული 387). ამ რაკეტებიდან 56% მოდიოდა საბჭოთა კავშირზე. ამ ხელშეკრულების დარღვევით ევროპა სახიფათო ხდება”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“აშშ-ც და რუსეთიც საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების გამალებულ მოდერნიზებას დაიწყებენ. დიდი ალბათობით, რუსები საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსებს განათავსებენ კალინინგრადის ოლქში, საიდანაც შეუძლიათ დაფარონ თითქმის მთელი ევროპა და სამხრეთ კავკასია. საქართველო ისედაც დაფარული ჰქონდათ. რუსები აუცილებლად გამოიყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, საიდანაც შეუძლიათ მისწვდნენ თურქეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, შესაძლოა ჩეხეთსა და პოლონეთსაც. ასევე ჩრდილოკავკასიაში განათავსებენ დამრტყმელ ბომბდამშენებს, რომელთა ფრენის სიშორე სოლიდურია და შავი ზღვის აკვატორიის ნებისმიერ ქვეყანას შეუძლიათ მისწვდნენ. საუბარია, რომ შესაძლოა განათავსონ “ისკანდერ ემ”-ები და “კინჟალი”. რაც შეეხება აშშ-ს, ის ალბათ გამოიყენებს გერმანიის ტერიტორიას, პოლონეთს, ბალტიის და შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს, რომ განათავსოს “იჯისები”, “პეტრიოტები”, ასევე შეტევითი ტიპის ბალისტიკური რაკეტები - “ტომაჰავკები” - ამბობს ექსპერტი.

“აშშ მისწვდება მოსკოვს და რუსეთის ბევრ სტრატეგიულ ობიექტს. დაფარვის ზონა ამერიკელებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე რუსებს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით. ხიფათი ძალიან დიდია, ერთმანეთის პირისპირ არარაციონალური და არაპროგნოზირებადი პუტინი და ტრამპი დგანან. ახალი ცივი ომი ბევრად უფრო საშიშ სახეს იღებს. სახმელეთო დაპირისპირების პოტენციალი იზრდება. საქართველო ამ ბირთვულ რბოლის ეპიცენტრში ექცევა და ეს ძალიან დიდი ხიფათია”, - დაასკვნის მაისაია.

თინა ხიდაშელი - “არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული “ოცნება”

“სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა ყველაზე პრიმიტიული ბრძოლის მეთოდია, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე იმის შეგნებაა, რომ ეს ადამიანები ქვეყანას მართავენ”, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული “ოცნება” / “თუ ფარული ჩანაწერების საქმეზე პროცესი­ გაიყინება, ზუსტად ისეთივე კარიკატურული იქნება ეს გამოძიება, როგორიც ყველა მისი წინამორბედი”.

“ხელისუფლებამ დღემდე არაფერი გააკეთა, რომ ეს არ განმეორებულიყო. ყველა­ თავ-თავისი შეხედულების მიხედვით ფიქრობს, ვის აძლევს ხელს ეს ვითარება, ვისთვის არის მომგებიანი და წამგებიანი. ფაქტი კი ფაქტად რჩება: იმიტომ ჰყავს მთავრობას უშიშროების სამსახური, რომ ასეთი დანაშაულების პრევენცია მოახდინოს, თუმცა ვერ შეძლო. ვერ შეძლო იმიტომ, რომ არაპროფესიონალები არიან, თუ იმიტომ, რომ თავად არიან ამ ყველაფრის წინ, უკან და შუაშიც, - ეს უკვე გამოძიების საქმეა... ჯერჯერობით ლაპარაკია გამავრცელებლებზე. გამოძიება იწყება იქიდან, სადაც პირველი ხელჩასაჭიდი გაჩნდება. ახლა მთავარია ტემპი არ შეჩერდეს. თუ პროცესი გაიყინება, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ზუსტად ისეთივე კარიკატურულია ეს გამოძიება, როგორიც ყველა მისი წინამორბედი”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა თინა ხიდაშელი და შეკითხვაზე - “არის თუ არა “ქართული ოცნება” დაშლის ზღვარზე?” - პასუხობს:

“არ მაინტერესებს. “ქართული ოცნება” ერთიანი იქნება თუ დაიშლება. მთავარია, სანამ ხელისუფლებაშია, საკუთარ უუნარობას არ გადააყოლოს ქვეყანა, რომ სახელისუფლებო კრიზისი არ დაიწყოს. ეს არ წაადგება არც ქვეყნის ეკონომიკას, არც მის განვითარებას და საერთაშორისო პერსპექტივებს. ამიტომ არ მინდა ვნახო დაშლილი და დანგრეული ”ოცნება~. არ მაინტერესებს, მის შიგნით რა ხდება, თუმცა იმედი მაქვს, ივანიშვილი მოახერხებს, სულ ცოტა, 2 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან საკითხზე ამ ხალხის ერთიანობის უზრუნველყოფას, მერე კი მათი უმრავლესობა ისევე­ დაგავიწყდებათ, როგორც ბევრი “ტურისტად მოსული” პოლიტიკოსი.

“რა თქმა უნდა “ოცნების” კრიზისი გარდაუვალია იმიტომ, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ. ეს არ არის პარტია, რომელსაც პარლამენტში ჩვეულებრივი უმრავლესობა აქვს და შეიძლება სხვა უმრავლესობა ჩამოყალიბდეს. ლაპარაკია იმ პარლამენტზე, სადაც ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად, მის დაშლას აუცილებლად მოჰყვება საპარლამენტო კრიზისი. ივანიშვილს მართვის სადავეები რომ ხელიდან გაშვებული აქვს, ეს უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, მათ შორის პოლიტიკაში მისი მობრუნების განცხადებაშიც, როდესაც პირდაპირ თქვა, დაბრუნდა იმიტომ, რომ პარტიაში ვეღარ ალაგებს ურთიერთობას. “ოცნებას” არავინ მართავს - ეს არის ზუსტად პრობლემა. არავის აქვს პოლიტიკური ავტორიტეტი, რომ უზრუნველყოს მინიმალური ერთიანობა მთავარი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ჩაანაცვლა ივანიშვილი, სისულელეა”, - განაგრძობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

“უბრალოდ, ის ვეღარ მართავს და აკონტროლებს ვითარებას. პოლიტოლოგების ნაწილის მოსაზრება, რომ ამ პროცესების უკან ირაკლი კობახიძე დგას - ზარდიაშვილსა და კობახიძეს ჰყავთ კონკრეტული შემადგენლობა, რომელზეც აქვთ გავლენა. თუმცა სხვა რამეზე ლაპარაკი არასერიოზულია. რაც შეეხება მათ მიერ მოსამართლეთა სიის ლობირებას, ამაში დარწმუნებული ვარ. გახდება თუ არა ეს სია “ოცნებაში” განხეთქილების ვაშლი ან პირიქით, გაერთიანების, ძალიან მალე ვნახავთ. შესაძლებელია ივანიშვილმა ამაში დაინახოს ერთიანობის შენარჩუნების ერთადერთი შანსი ან პირიქით. იმედია, სასამართლოში დაბუდებული მაფიოზური კლანი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ამაში დარწმუნებული არა ვარ... სადამდე მივა ეს პროცესი და რით დასრულდება, დამოკიდებულია, თუ სად დაინახავს კრიზისიდან გამოსავალს ივანიშვილი. თვითონ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე - მუდმივად მორჩილი ადამიანების მართვა ადვილია. ამ მორჩილების პროცესში დაიკარგა ივანიშვილი და მოხდა ის, რაც მოხდა _ სრულიად აერია მართვის სადავეები და თავად გაება იმ მახეში, რომელსაც ეგონა, რომ სხვებს უგებდა...”, - დასძენს თინა ხიდაშელი.