ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2019

საქართველო-რუმინეთი-ბულგარეთის სამკუთხედი შავ ზღვაში

“ხელისუფლება გვეუბნება, კიდევ 4 წელი გვაცადეთ ამ სიამ-ტკბილობაში ვიყოთ და ეს მანკიერება - მაჟორიტარები გამოვიყენო” - ხუხაშვილი

***

საქართველო-რუმინეთი-ბულგარეთის სამკუთხედი შავ ზღვაში

"ამერიკამ შეიძლება ბულგარეთისა და რუმინეთის საქართველოსთან შავი ზღვის აუზის აკვატორია შეკრას. შექმნას სამეთვალაყურეო პუნქტები და ჩაატაროს მონიტორინგი - თუ როგორ ავითარებს რუსეთი თავის სამხედრო პოტენციალს და იყოს ერთგვარი საპირწონე რუსული საზღვაო-სამხედრო ძალების ჰეგემონობის აღსაკვეთად," - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო-რუმინეთი-ბულგარეთის სამკუთხედი შავ ზღვაში / "აშშ-მ შეიძლება ბულგარეთისა და რუმინეთის საქართველოსთან შავი ზღვის აუზის აკვატორია შეკრას"

"ხელი ეწერება ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და "პეის ჯგუფს" შორის ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ფოთში აშენდება ახალი პორტი და ტერმინალი." ამის შესახებ 4 თებერვალს "პიერ-ჯგუფისა" და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (წზ|ს) მიერ პეირ ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო და მისი დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.რას შეიძლება ნიშნავდეს ბოლო დროს აშშ-ის ასეთი გააქტიურება შავი ზღვის აკვატორიაში და, ეკონომიკური თვალსაზრისის გარდა, ფოთის პორტს რა გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს?“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აშშ-ის გააქტიურებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს - ერთ-ერთი რუსეთთან, როგორც გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან, დაპირისპირებაა."შეინიშნება როგორ აშშ-ის, ასევე ევროკავშირის გააქტიურება, რაც მნიშვნელოვანია. აშშ-ის გააქტიურება ძირითადად უკავშირდება შემდეგ ფაქტორებს: შავი ზღვის აკვატორია ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას. აშშ-ს სურს, რომ დაუპირისპირდეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს - რუსეთის ფედერაციას. "შემთხვევითი არ არის, რომ 2019 წლის დასაწყისში ამერიკული სამხედრო გემი შავი ზღვის აკვატორიაში შემოვიდა. პირველი სამხედრო გემი შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ შევიდა."მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობაც. ვიცით, რომ ახალი სამხედრო პროგრამა უნდა ამოქმედდეს და აუცილებელია ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება იმისთვის, რომ ამერიკული სამხედრო დანიშნულების ტვირთი სწორედ ფოთის პორტში განთავსდეს," - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ახალ "ცივ ომზე" საუბრობს, რომელიც უშუალოდ რუსეთსა და აშშ-ის შორის მიმდინარეობს, რაც სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. "ამერიკელებმა ყირიმის მიმართულებით გააძლიერეს თავიანთი სამხედრო-სადაზვერვო როგორც პილოტიანი, ისე უპილოტო თვითმფრინავების ფრენის ინტენსივობა. "გასაგებია კიდევაც ამერიკელების გააქტიურება თუნდაც ფოთის შავი ზღვის აუზის აკვატორიაში - ახლა მიდის ახალი ცივი ომი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ახალი ცივი ომი შემდგარი ფაქტია, რომელიც სახუმარო საქმე არ არის."ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ, - საუბარია სტრატეგიულ სტაბილურობაზე. ორივე ქვეყანა ემზადება ბირთვული პრევენციული დარტყმის მიყენებისათვის ორივე მოკავშირე ტერიტორიებზე. "ნუ გვიკვირს შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთისა და ამერიკის აქტივობის გაზრდის ტემპი, რომელიც იქნება პირდაპირპროპორციული ამ პროცესებისა და ამაში ეჭვი არავის ეპარება," - განაცხადა მაისაიამ“, - დასძენს გამოცემა.

"ჩიტაძე განმარტავს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გააქტიურების მიზეზს - რომ აშშ სტრატეგიულ პარტნიორებს ეძებს იმისთვის, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა."მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, აშშ მართვადი ტიპის რაკეტებს გადასცემს თურქეთს, თუმცა ისევ იჩინა თავი უთანხმოებამ ვენესუელაში განვითარებული მოვლენების გამო. აშშ თურქეთს არ განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. რუსეთს კი განიხილავს, როგორც მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. "აშშ ეძებს მოკავშირეებს თუნდაც შავი ზღვის აკვატორიაში. მყარი მოკავშირეები შეიძლება იყვნენ რუმინეთი და ბულგარეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნები, ასევე, საქართველო და უკრაინა, ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორები. ამიტომაც გასაკვირი არაა სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის. "ნატო-ს წვრთნების ჩასატარებლად შავი ზღვის აკვატორიაში ფოთის პორტის მნიშვნელობა მეტად დიდია, რომ მისი გამტარუნარიანობა გაიზარდოს. "ამასთანავე, აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება შავი ზღვის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონში. ხდება თურქეთის დაბალანსება აშშ-ის მხრიდან. იგი ნატო-ს წევრია, მაგრამ არსებობს უთანხმოება, რომელიც უკავშირდება ვენესუელის კრიზისს, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას და ა.შ," - აღნიშნა ჩიტაძემ“, - წერს გამოცემა.

"ვახტანგ მაისაია ფოთის პორტის მნიშვნელობასა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საუბრობს, რაც რუსული ბატონობის აღკვეთის საფუძველი იქნება. "ფოთის პორტს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს - იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამხედრო-სანავიგაციო, ასევე, სამხედრო-სატრანზიტო, საზღვაო-სატრანზიტო ტიპის მონაკვეთისთვის, სადაც ამერიკულ და ნატოს გემები მოახდნენ გაჩერებას, მოსვენებას, იქნება ლოჯისტიკური ტიპის ცენტრი. ამასთანავე, ფოთის პორტს გააჩნია კარგი გეოსტრატეგიული ელემენტები, რომლისაგანაც შეიძლება მოახდინოს შავი ზღვის აკვატორიის მონიტორინგი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პრევენციული ზომების ელემენტების შემოღება. ჩვენი დასავლელი სტრატეგიული მოკავშირეების გააქტიურება იგივე სამხედრო-საზღვაო კუთხით ხდება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილება, რუსულ ჰეგემონიას კი დაესვას წერტილი. რუსეთ-ამერიკას შორის სტრატეგიული შეიარაღების რბოლის კონტექსტი, გასაგებია - ვაშინგტონის ხელშეკრულება უკვე გამოცხადებულია მკვდრად. ჩვენ თუ დავალთ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში, ბალანსის პირობების შენარჩუნება და რუსული ჰეგემონის შეკავება, ეს ლოგიკური მომენტია. გასაგებია, რომ ახალი ცივი ომია და აქ შავი ზღვის აკვატორია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია", - განაცხადა ვახტანგ მაიასია. ჩიტაძის აზრით, ფოთის პორტის მშენებლობა საქართველოს პოლიტიკურ წონას უფრო მეტად გაზრდის. თუ ფოთის პორტი გამტარუნარიანობა გაიზარდა, ამ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური წონაც გაიზრდება. საქართველოს პოლიტიკური წონა გაზრდილია კიდეც. საქართველოს არამარტო ეკონომიკური, გეოსტრატეგიული ფუნქციაც იზრდება. აშშ, ევროკავშირი და დასავლეთის დემოკრატიული სამყარო უფრო მეტად არის მოტივირებული და კიდევ უფრო გაიზრდება იმისთვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა კავკასიის რეგიონში, რადგან ეს უფრო მეტად და მეტად შედის დასავლეთის ინტერესებში" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

“ხელისუფლება გვეუბნება, კიდევ 4 წელი გვაცადეთ ამ სიამ-ტკბილობაში ვიყოთ და ეს მანკიერება - მაჟორიტარები გამოვიყენო” - ხუხაშვილი

"ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი აღარ არის, როგორც ჩანს, ისე მაღალი და ის მანევრებს ატარებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებზე დაკავდნენ, სხედან და იმით არიან დაკავებულები - ბესელია მოერევა თუ კობახიძე. მიაქციეთ ყურადღება, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი რა კომენტარი გაკეთდა? თურმე ხელისუფლება იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. მე კითხვას ვსვამ - ძალიან მაინტერესებს, აქამდე რის ფარგლებში მოქმედებდნენ? მითხარით, ეს ტრაგიკომედია არ არის?!"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ხელისუფლება გვეუბნება, კიდევ 4 წელი გვაცადეთ ამ სიამ-ტკბილობაში ვიყოთ და ეს მანკიერება - მაჟორიტარები გამოვიყენო” - ხუხაშვილი

"გია ხუხაშვილის თქმით, კილაძემ ისეთები ილაპარაკა, საერთოდ ვურჩევდი, ცოტა ხანს დაწყნარებულიყო. ეს მოთხოვნა არ არის ოპოზციის და "ნაციონალების" მოთხოვნა. ამ საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს და ამას თვითონ ხელისუფლებაც ეთანხმება. უბრალოდ, ხელისუფლება გვეუბნება, რომ კიდევ 4 წელი გვაცადეთ ამ სიამ-ტკბილობაში ვიყოთ და ეს მანკიერება - მაჟორიტარები გამოვიყენო. ანუ, რაიონების ყანდურები გამოვიყენო, რომ 2020-შიც მიყიდონ არჩევნები და 2024 წლიდან, კი ბატონო, გავხდები კარგი ბიჭი. ფაქტობრივად, ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებაა იზოლაციაშია. კონსტიტუციაში წერია, რომ პროპორციულზე გადავდივართ და საუბარი იმაზე კი არ არის, რომ კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი შეიტანონ, არამედ იმაზე, რომ ეს ახალი წესი როდის შევიდეს ძალაში, 2020-ში თუ 2024 -ში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ოპოზიციამ უნდა იაქტიუროს, არამედ მთლიანად საზოგადოებამ უნდა დაანახოს ხელისუფლებას, რომ თუ დემოკრატიულ გზაზე სიარული და მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება გვინდა, ამის გადადება 4 წლით არ ივარგებს. კილაძემ დამისახელოს ამ საზოგადოებაში ვინმე, ვინც ამას არ ეთანხმება, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ისტერიულად ებღაუჭებიან ძალაუფლებას. ეს საკითხი უნდა გახდეს ფართომასშტაბიანი, მრავალკომპონენტიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიაღწიოს ამას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ხუხაშვილის თქმით, ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან დიდი სისტემური პრობლემა გვაქვს და კი, ბატონო, კარგია უვადოდ დანიშვნების გადადება, მაგრამ, მთავარია, რეფორმა სასამართლო კორპუსში. იმდენი შემაშფოთებელი რამ ვნახეთ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოსამართლეების შესრულებით, ზოგს ფსიქიკაც არ აქვს მაინცდამაინც წესრიგში, როგორც მათი რიტორიკიდან ირკვევა და მათ მიერ გამოტანილ განაჩენებს რამდენი ხანი უნდა ვუყუროთ?! აქიდან გამომდინარე, სისტემური რეფორმის გეგმაა დასადები, იუსტიციის ეს საბჭოა გასახვეტი. კომლექსური მიდგომით დიდი რეფორმაა გასატარებელი, სხვანაირად აქ ეს - კოსმეტიკით და გადავადებებით არაფერი არ ეშველება. დიდი ბოდიში, მაგრამ კრიტერიუმების შემუშავებაზე ვინ მუშაობს? იგივე დისკრედიტირებული ხალხი და ესაა შემაშფოთებელი. ისევ კოლექტიური მურუსიძე ზის და ის წერს, როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე და საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ შეიმუშავებენ ამ კრიტერიუმებს. უკუღმართი პროცესი დაიწყო. უკვე იმდენად არაჯანსაღად მიდის, გასაგებია, რაზეც იქნება ლაპარაკი. ან ეს 10-კაციანი სია რომ შეიცვლება, ეს არ არის გამოსავალი ამ ვითარებიდან, სხვა ახალი 10-კაციანი სია შემოვა. პრობლემა ძალიან მძიმე ხასიათს ატარებს და ეს გამოჩნდა მოსამართლეთა კონფერენციაზეც, კომპარტიის ყრილობა რომ ჩაგვიტარეს, მქუხარე ტაშებით. სანამ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება, ვინმეს აქვს ილუზია, რომ უკეთეს სიას შემოგვთავაზებენ? რა წესითაც ეს ყველაფერი მიდის, ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება“, - განაგრძობს გამოცემა.

"მე ფიქრობ, რომ ივანიშვილს საკითხების ასე ცალსახად გადაწყვეტა უკვე აღარ შეუძლია. მის ავტორიტეტი აღარ არის, როგორც ჩანს, ისე მაღალი და ის მანევრებს ატარებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებზე დაკავდნენ, სხედან და იმით არიან დაკავებულები ბესელია მოერევა თუ კობახიძე. მიაქციეთ ყურადღება, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი რა კომენტარი გაკეთდა? თურმე ხელისუფლება იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. მე კითხვას ვსვამ - ძალიან მაინტერესებს, აქამდე რის ფარგლებში მოქმედებდნენ? ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, მრავალსაათიანი მსჯელობის შემდეგ ერთადერთ დასკვნას აკეთებს, რომ თურმე კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედონ. მითხარით, ეს ტრაგიკომედია არ არის?!“, - დასძენს გამოცემა.

"ქალბატონი კილაძე ეტყობა ლოგიკაზე მწყრალად არის. ბესელიას მიუთითებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და იქვე, მეორე წინადადებაში, თვითონ იგივეს აკეთებს, იშვერს ხელს „ნაციონალებისკენ". სად არის აქ ლოგიკა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს? მათი ამბიცია აბსოლუტურად არ შეესაბამება მათ კომპეტენციას და ათას სისულელეს ამბობენ. რომ აუხსნა, ვერც გაიგებს რა შეეშალა. "ოცნების" ერთიანობა არის ანტაგონიზმზე დაფუძნებული ძალიან ეკლექტური. ისინი თანამოაზრეები არც არასდროს ყოფილან, უბრალოდ ეს ადრე გარეთ არ გამოდიოდა, რადგან არსებობდა ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილის სახით. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მითი ივანიშვილის შეუმცდარობაზე და უცვლელობის ფაქტობრივად დაიმსხვრა და ყველაფერი გარეთ გადმოიღვარა. უმრავლესობაში აღარავინ არ არის თანახმა კობახიძის მოტანილი წერილებით პულტზე ხელი აჭიროს და ყველა თავის პირობას აყენებს. ყველამ თავისი ბოსტნის გაფართოება მოინდომა. ყველა თავის წილს ითხოვს და ამისთვის მიდის ბრძოლა, თორემ ახლა გაიგეს, რომ მურუსიძე სასამართლოში მუშაობს?! რამდენი წელია ამაზე გავყვირით“, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს