გუგული მაღრაძე სკოლებში გამოცდების გაუქმებას მხარს უჭერს

„ყოველგვარი მაგრამის გარეშე ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ გამოცდების გაუქმებას საშუალო სკოლაში იმ ტიპით, როგორც ეს იყო კატი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკოლაში არ იქნება შეფასების საშუალებები და არ იქნება შეფასების კრიტერიუმები“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გამოსვლის შეფასებისას.

მან ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში გამოყენებული შეფასების თაობაზე და აღნიშნა, რომ იქ შეფასებები კეთდება ყოველდღე, სემესტრის ბოლოს - ესაა წერითი, ასევე აქტივობა, კლასგარეშე აქტივობაც კი და მასწავლებელმაც იცის როგორ უნდა შეაფასოს მოსწავლე ამის მიხედვით და მოსწავლემაც იცის როგორ ხდება მისი შეფასება: „ასეთნაირად, ორიენტაცია იმაზე კი არაა, რომ დაიზუთხოს რაღაც, გამოცდისთვის რაც სჭირდებოდა, არამედ ზოგადად მიიღოს ცოდნა, შეიმუშავოს უნარები, მიეჩვიოს კრიტიკულ აზროვნებას და ა. შ. და ა. შ.“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი შეფასებით, დღეს როდესაც მთელი აქცენტი გადატანილია გამოცდებზე, სკოლა აღარ არის საინტერესო. კი არიან მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, ცდილობენ სწავლის პროცესი საინტერესო გახადონ, მაგრამ ეს მათთვის მაინც ზედმეტ დატვირთვასავით არის და არ არის ძირეული სასიცოცხლო მოთხოვნილება მათთვის",- აღნიშნა მან.

„ჩვენ შეიძლება ერთი-ორი წელი გვქონდეს სიძნელეები, შეფერხებები, როგორ გადავალთ შეფასების ახალ სისტემებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ ამას მივეჩვევით, იმიტომ, რომ მასწავლებლებიც გვყავს, მშობლებიც ამას გაიგებენ. რაც შეეხება უმაღლესს, მე მიმაჩნია, რომ რეციდივი კორუფციისა აღარ იქნება. იმიტომ, რომ გაიარა იმ დრომ, სტუდენტი ახლა მოტივირებულია, თვითონ უნივერსიტეტსაც თავისი პრესტიჟი აქვს და მას არ უნდა ისეთი სტუდენტის მიღება, რომელიც შემდეგ წარმატებით არ წარმოაჩენს მას. არის საერთაშორისო შეფასებები, ასე რომ ესეც დაძლევადია და არ შეიძლება იმის თქმა, რომ კორუფცია შეიძლება დაბრუნდეს. რაც შეეხება სკოლების დაყოფას ასაკობრივად, ეს იდეა ნაცებსაც ჰქონდათ თავის დროზე 2004-2008 წელში, მაგრამ ხარჯიანია ძალიან და მოერიდეთ. აი, ჩვენი ხელისუფლება კი არ ერიდება ამ ხარჯს“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს