იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს. სერგო მეთოფიშვილის შეფასებით, ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის 7 წლის თავზე, გარკვეულმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიზირებული NGO-ების წარმომადგენლებმა უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელეს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
აღნიშნულ მიმართვას სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გრძელდება თავხედი და ზღვარგადასული თვითნებობა სასამართლოს სისტემის და მოსამართლეების მიმართ!
უფრო მეტიც, სიტუაცია ყოველ დღე უარესობისკენ მიდის! ამ ადამიანების მოწოდებები სულ უფრო და უფრო ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური და უკანონო ხდება! შესაბამისად, ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და საგამგაშოა! ზოგიერთი პოლიტიკოსის (საზოგადოებას ახსოვს ალბათ ცნობილი მუქარა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით) და მაღალი რანგის საჯარო მოხელის (მაგალითად ანა დოლიძის ბოლო მუქარა: “უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს“) მხრიდან სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის ციხეში დაჭერის მუქარა მოსამართლეების მიმართ!
საზოგადოებას ახსოვს ალბათ ამ ხალხის მოწოდებები, კერძოდ: რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები! რომ სასამართლოში უნდა განხორციელდეს წმენდა! რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს! რომ უნდა დაიშალოს კონსტიტუციური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო! რომ საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს და ა.შ.
საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს გიგაურის მოწოდება ძალადობისკენ, რომლის შედეგად ორმა ადამიანმა ქუჩაში ჩემზე თავდასხმა განახორციელეს!
და აგერ სულ ახალი ფაქტები ძალადობისკენ მოწოდებისა: სულხან სალაძე
და მიხეილ ბენიძე მოუწოდებენ, რომ კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გვაიძულონ საკუთარი განცხადებით დავტოვოთ თანამდებობები! თანაც გვემუქრებიან, რომ ამას გააკეთაბენ “უხაში ჩარევით”! და ესენი ამბობენ, რომ არიან უფლებადამცველები....(?!) წარმოიდგინეთ ასეთ უფლებადამცველს, რომ მიეცეს ძალაუფლება რას გააკეთებს? მეც და თქვენც ვიცით პასუხი - ყველას ვინც არ მოეწონება დააწერინებს განცხადებას და აიძულებს “საკუთარი ნებით” დატოვონ თანამდებობები!
გახსენდებათ როდის იყო ასეთი პრაქტიკა? მე მახსოვს - იყო ასეთი პერიოდი ჩვენს წარსულში! უფრო სწორად ბნელ წარსულში! ესენი ცდილობენ დაგვაბრუნონ იმ ბნელ წარსულში, სადაც “საკუთარი ნებით” ტოვებდნენ თანამდებობებს ხელისუფლებისათვის არასასურველი კვალიფიციური კადრები, სინამდვილეში კი მათ ასეთი სალაძეები, გიგაურები, ბენიძეები და ა.შ. აიძულებდნენ თანამდებობიდან და სამსახურიდან წასვლას!
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ მივცე ამ სულით მოძალადეებს საშუალება დაგვაბრუნონ იქ სადაც უკანონობა და ძალადობა იყო!
ადრე მივმართე და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას!
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს! საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! ყველა ორგანიზაციას და ადამიანს, ვისთვისაც დემოკრატია, დამოუკიდებლობა და კონსტიტუცია არ არის უბრალოდ სიტყვები!
ბატონებო და ქალბატონებო! ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის 7 წლის თავზე, გარკვეულმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიზირებული NGO-ების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას და რომელთაც თითქოსდა ამოძრავებთ სასამართლო სისტემის ,,გაჯანსაღების“ მოტივი, განახორციელეს უპრეცედენტო თავდასხმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე! არადა, სახეზეა ცუდად შეფუთული, რეალურად მეტად შემაშფოთებელი მცდელობა - დასაჯონ სასამართლო ხელისუფლება, მოიპოვონ სასამართლო სისტემაზე გავლენები და დაიმოჩილონ მოსამართლეები! პოლიტიკური მიზნებისა და კერძო ინტერესების მისაღწევად ისინი არ ერიდებიან არაფერს, უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! ხალხს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ! შექმნილმა ვითარებამ საშიშ დონეს მიაღწია!
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ ხართ ამ უკანონობის პასიური მაყურებლის როლში!“- წერს მეთოფიშვილი.