დავით სერგეენკო - საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციები შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს

ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია,- ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საბავშვო ბაღებში საკვებით მომარაგების საკითხის გამკაცრებას გულისხმობს.

მინისტრის განცხადებით, 2012-2014 წლებში მონიტორინგის შედეგად, არამარტო საბავშვო ბაღებში, არამედ გაყიდვების ქსელში გარკვეული დარღვევები აღმოჩნდა.

„2012-2014 წლებში იყო ბევრი პრიორიტეტი, მათ შორის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვება. ამაში რამდენიმე უწყება იყო ჩართული. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო იმით, რომ მან განსაზღვრა ძირითადი კვებითი საჭიროებები და მენიუ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ ყველაფრის მართვასა და ლოჯისტიკას, ხოლო სურსათის უვნებლობის სამსახური ხარისხის მონიტორინგს. მართლაც იყო შემთხვევები, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დეტექცია მოახდინა. ეს ეხებოდა არამარტო საბავშვო ბაღებს, არამედ მთლიანად გაყიდვის ქსელში არსებულ იმ რამდენიმე პუნქტს, რომელზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია. ის სანქციები, რაც ასეთი დარღვევებისკენ არის მიმართული, შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს, თუმცა მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და მეტიც, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

BPN-ის ინფორმაციით, კანონის გამკაცრების მიზეზი - რეგიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცის; ნედლი რძის ნაცვლად კი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული პროდუქტების აღმოჩენა გახდა.

„რძის პროდუქტებთან და ხორცთან დაკავშირებით, რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად დაფიქსირდა და ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც დროს და ვერც კონკრეტულ ობიექტებს ვერ დაგისახელებთ. ჩვენმა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომ სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში და ალბათ, არა მხოლოდ, მსგავს დარღვევებზე კონტროლი გამკაცრდეს და სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცეს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიას ბიზნესურად უღირს ჯარიმის გადახდა. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, რომ დარღვევების შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდეს და პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგება იყოს. როგორც უკვე ვთქვი, მზადდება შესაბამისი ინიციატივა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც დავიწყებთ კომუნიკაციას. ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, კონსესუსი ნამდვილად იქნება,“-აღნიშნა დანელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს