ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2019

ბესელია კობახიძის გადასაყენებლად ბრძოლას იწყებს

“აიცილე ლევან მურუსიძე” - ადვოკატების მასშტაბური კამპანიის მოსალოდნელი შედეგები

“ოცნებიდან” ისინი მიდიან, ვისაც 2020 წელს საარჩევნო სიაში მოხვედრის გარანტია არ აქვს” - ძაბირაძე

* * *

ბესელია კობახიძის გადასაყენებლად ბრძოლას იწყებს

“საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გადინება გუშინაც გაგრძელდა - მმართველი პარტიისა და ფრაქციიდან გასვლის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. ასევე, წასვლას არ გამორიცხავენ მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და გია ჟორჟოლიანი. პარალელურად კი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტისათვის მუშაობის დაწყებას აანონსებს. “ოცნების” ყოფილი წევრი, ბესელიას თანამოაზრე დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უკვე გაზაფხულზე დადგეს დღის წესრიგში, რადგანაც, მისი ვარაუდით, გაზაფხულისთვის მმართველ პარტიას კიდევ ბევრი დეპუტატი დატოვებს. თავად ბესელია კობახიძეს პარლამენტის “5 კაცის სათარეშო ადგილად” ქცევაში ადანაშაულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბესელია კობახიძის გადასაყენებლად ბრძოლას იწყებს.

“მე მგონი, ვერ ხვდება, რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ის რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინა პარლამენტში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და გული დამწყდა, როდესაც დავინახე, როგორ ინგრევა, რაც ძალიან დიდი რუდუნებით, 4 წელი ვაშენეთ. მე მგონი, ამას, უბრალოდ, ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა”, - განაცხადა ბესელიამ ირაკლი კობახიძის შესაძლო იმპიჩმენტზე საუბრისას. დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ გუნდში თმენის ვალდებულება უკვე ამოწურულია და არ არის გამორიცხული, რომ გაზაფხულზე პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ისინი მმართველი გუნდიდან კიდევ ბევრი დეპუტატის წამოსვლას ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ამაში ოპოზიციის მხადაჭერასაც მიიღებენ. ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან თანაპარტიელების დაბეზღებით არის დაკავებული და თანაც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილს წამოსცდა “ქართული ოცნების” დახურულ სხდომაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კარგია, რომ პარტიის შიგნითაც ძალიან ბევრი ადამიანი უკვე კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარს იწყებს. ეს ადამიანი ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას აფერხებს. კაცმა გუნდი დაშალა. როგორც თვითონ არის ცვილის ფიგურა, პარლამენტიც მაგას დაამსგავსა. ეს ადამიანი რომ დაბეზღებით არის დაკავებული, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ვინც კიდევ მაგის დაბეზღებებს უსმენს და ასე ენდობა, ძალიან ცდება. ან კიდევ მაგის გვერდით ვინც ბოლომდე ჩერდება, დაღუპულია. საქართველოს პარლამენტი ხალხის ხასიათს უნდა ასახავდეს და არა ამის მსგავს უემოციო ადამიანს, რომელიც არავისთან არ თანამშრომლობს და ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზეა ორიენტირებული. ბიძინა ივანიშვილთან მიაქვს გადაკეთებული, ტყუილი ამბები. ეს ივანიშვილს სხვადასხვა სხდომაზეც წამოსცდენია. შეუხედავს კობახიძისთვის ან რომელიმე დეპუტატისთვის და უთქვამს - რაო, ამან რა თქვაო? სულ ზეპირად იცოდა, ვინ რას ლაპარაკობდა, თან კობახიძეს იმოწმებდა. ეს კიდევ წითლდებოდა. ძალიან ბევრ რამეს უღირსს სჩადის, რაც ჩვენი ხასიათისთვის მიუღებელია. კაცი ენის მიმტანი იყოს, ვინმეს სადმე გაუგონია? თუ კობახიძის გადაყენებით საქართველოს პარლამენტარები გაზაფხულს მიულოცავენ და პოლიტიკიდან გაუშვებენ, ყველაზე დიდი სიკეთე “ოცნებისა” ეს იქნება, რაც პოლიტიკაში არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილი პარტიაში კრიზისისა და ბევრი შეუსაბამობის გამო დაბრუნდა, “ოცნებაში” მიმდინარე პროცესები გარდაუვალი იყო. მისი აზრით, იმათ, ვინც გუნდიდან მიდიან, პირველ ადგილზე პიროვნული დაპირისპირება დააყენეს. იქ კი, სადაც ოპოზიცია სუსტია და მმართველ გუნდს დამარცხების რისკი არა აქვს, მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირება იწყება. ქუცნაშვილის შეფასებით, დღეს ოპოზიციაში ჩანაცვლების პროცესი მიდის. “ჩემმა კოლეგებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება. ივანიშვილმა მათ მისცა თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება. სამი ვარიანტი შესთავაზა - გნებავთ, წადით, დარჩით ან გაგრიცხავთ. მაქსიმალური თავისუფლება მისცა. რა თქმა უნდა, ივანიშვილი თან საუბრობდა, რომ მისთვის ყველა მნიშვნელოვანი იყო და ერჩივნა, რომ დარჩენილიყვნენ. დაპირისპირების თემად სასამართლო ჩანს, თუმცა მიზეზები უფრო ღრმაა”, - ამბობს ქუცნაშვილი, რომლის განმარტებით, “ეს უკვე პიროვნულ დაპირისპირებაშია გადასული”, - განაგრძობს გამოცემა.

“ივანიშვილს კალთები არავისთვის არ ჩამოუხევია და ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება მისცა. არ ჯობია, რომ როცა დაპირისპირება პირადშია გადასული, დაშორდნენ ერთმანეთს და ყველამ თავისი გზა გააგრძელოს?” - თვლის ქუცნაშვილი. მისივე თქმით, ბესელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირება პიროვნულია და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ ვის აჯობებს და ისიც შეუიარაღებული თვალითაც კარგად ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებული დეპუტატების რიცხვი მზარდია. ქუცნაშვილი ასევე აცხადებს, რომ თუ კობახიძე მის თავისუფლებას შეეხება, მაშინ ისიც დაუპირისპირდება. მისი აზრით, ახლა “ოცნებაში” იმაზე მეტი თავისუფლებაა, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში. კონსტიტუციონალისტი, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხდეს ირაკლი კობახიძის იმჩიმენტის საკითხის დაყენება, რადგანაც მაშინ მან რაიმე დანაშაული უნდა ჩაიდინოს და მის გადაყენებას, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. ერთადერთი ვარიანტი უმრავლესობის მიერ მისი გადარჩევაა. ძაბირაძის შეფასებით, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ივანიშვილის სურვილით და დავალებით მოხდეს. თუ დაინახავს, რომ კობახიძის მიმართ როგორც გუნდში, ასევე საზოგადოებაში ნეგატიური განწყობაა, რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნებამდე აღარ გააჩერებს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემთვის გაუგებარია, ბესელია რას გულისხმობს იმპიჩმენტის დაყენებაში. ჩვენი კონსტიტუციით, იმპიჩმენტით პრეზიდენტისა და მოსამართლის გადაყენება შეიძლება. რაც შეეხება კობახიძის საკითხს, მაშინ მან რაღაც დანაშაული უნდა ჩაიდინოს. შეიძლება მხოლოდ მისი გადარჩევა, ამასაც უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ახლა თუ “ოცნებას” ამდენი დეპუტატი დატოვებს, ივანიშვილს ხელისუფლება დანგრევია თავზე და ეგაა. ეს ცოტა აბსურდი მგონია. თუ ბესელია გულისხმობს, რომ “ოცნების” შიგნით ამდენ დეპუტატს გადაიბირებს და გადაირჩევენ კობახიძეს, მაშინ ივანიშვილი ამ ქვეყანაში არავინ აღარ ყოფილა და ბესელია ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ლიდერი გამოდის. ერთი ასეთი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, რომ თავად ივანიშვილი ამზადებდეს კობახიძის გადაყენების ნიადაგს. თუ დაინახა, რომ კობახიძის წინააღმდეგ როგორც გუნდის შიგნით, ასევე მის გარეთ ნეგატიური ფონი გაზრდილია, მას აღარ გააჩერებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“აიცილე ლევან მურუსიძე” - ადვოკატების მასშტაბური კამპანიის მოსალოდნელი შედეგები

"ადვოკატების ერთმა ჯგუფმა კამპანია დაიწყო - “აიცილე ლევან მურუსიძე”. კამპანიაში ჩართული ადვოკატები სასამართლო პროცესებიდან მურუსიძის აცილებას მის წარსულთან დაკავშირებული კითხვების, რეპუტაციისა და მიკერძოებულობის გამო ითხოვენ და ასევე აცხადებენ, რომ სისტემიდან მურუსიძე და კიდევ 9 მოსამართლე უნდა წავიდეს. კამპანიას აღშფოთებული გამოხმაურება უკვე მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანიდან. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ეს “ბინძური პროვოკაციაა”, რასაც “ღირსეულად გაუმკლავდებიან” და ითხოვს, რომ ეს საკითხი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ განიხილოს. სერგო მეთოფიშვილმა კი მოითხოვა, რომ ყველა ადვოკატი, ვინც მურუსიძის აცილებას დააყენებს, 500 ლარით დაჯარიმდეს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “აიცილე ლევან მურუსიძე” - ადვოკატების მასშტაბური კამპანიის მოსალოდნელი შედეგები.

“ადვოკატების ერთმა ჯგუფმა მურისიძის წინააღმდეგ კამპანია “ფეისბუქში” სამშაბათს დაიწყო. კამპანიაში ამ ეტაპზე 10 ადვოკატია ჩართული. ერთ-ერთი ინიციატორი, გიგი სისვაძე არ გამორიცხავს, რომ მომზადდეს შესაბამისი პეტიციაც და აცხადებს, რომ ადვოკატების მიერ მოსამართლის აცილებას მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს. “მე ეჭვი შემაქვს სამოსამართლეო ღირსებაში იმ მოსამართლეების, რომლის მიმართაც კითხვები დასმულია და პასუხები ადეკვატური გაცემული არ არის. ადვოკატებმა ამ დროს თავისი სათქმელი უნდა თქვან, იმიტომ, რომ ადვოკატები მართლმსაჯულების ნაწილი ვართ”,- ამბობს სისვაძე. ადვოკატების ამ ჯგუფის განცხადებით, არა მარტო მურუსიძე, არამედ სხვა არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ და ამ შავ სიაში შედიან: თავად მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საბჭოს ის რვა მოსამართლე წევრი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა - გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი. გიგი სისვაძე მოუწოდებს კოლეგებს, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული მოსამართლეების მხრიდან ადგილი აქვს მიკერძოებულობას, კამპანიას შეუერთდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კამპანიას “ფეისბუქში” გამოეხმაურა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი. მისი თქმით, სასამართლო სხდომებზე ადვოკატები მურუსიძის ასაცილებლად შუამდგომლობებს აყენებენ და “ეს კამპანია არის იმ ბინძური, უსაფუძვლო კამპანიის ნაწილი, რაც ბოლო წლებია წარმოებს ლევან მურუსიძის მიმართ”. ის ამბობს, რომ საკითხი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ უნდა განიხილოს, თუმცა “არ აქვს ამის იმედი”. გვრიტიშვილის ამ “ფეისბუქ” სტატუსს კომენტარებში მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება. “მე მიმაჩნია, რომ ასეთ შუამდგომლობას მოსამართლის მხრიდან უნდა მოჰყვეს შუამდგომლობის ავტორის დაჯარიმება 500 ლარით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო! ეს არის ყველაზე კარგი “წამალი” ამ შემთხვევაში!”, - წერს მეთოფიშვილი. ადვოკატი გიგი სისვაძე პასუხად ამბობს, რომ ეთიკის კომისიისგან რაიმე სამართლებრივი ქმედების შიშის ან საფრთხის მოლოდინი არ აქვს და აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნება. იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, ეს კამპანია მისასალმებელია და თუ მასში ყველა იურისტი ჩაერთვება, ეს ძალიან კარგი იქნება, მურუსიძე დარწმუნდება, რომ ის მიუღებელია. ხოლო იურისტ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს აქცია გამართლებულია, მაგრამ სამართლებრივად შედეგი ვერ ექნება”, - დასძენს გამოცემა.

“ამ აქციას სოლიდარობას ვუცხადებ. როცა მოსამართლის მიმართ უნდობლობა ცხადდება, რასაკვირველია, მან საქმის განხილვაზე უარი უნდა თქვას. თუ მურუსიძე მიმართავს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს, იმედი მაქვს, რომ საბჭო გაითვალისწინებს მურუსიძის საყოველთაო არაეთიკურობას და ამისთვის ადვოკატებს არ დასჯის. თუმცა სასამართლო ცალკე ადგენს ჯარიმას და თუ სასამართლო ასეთ ადვოკატებს აცილების შუამდგომლობისთვის დააჯარიმებს, ადვოკატთა ასოციაციამ თავად უნდა გადაუხადოს ჯარიმა, რომ ჭეშმარიტი სოლიდარობა იყოს პროფესიის შიგნით. თუ ეს აქცია პერმანენტული და სისტემატური იქნება, მურუსიძეს ბევრი დააკლდება. ის მიხვდება, თუ როგორი მიუღებელია ის პროფესიული წრეებისთვის და ეს იქნება სერიოზული დარტყმა ამ კლანისთვის, რომელმაც სასამართლო ხელში ჩაიგდო. იმედი მაქვს, ამ აქციას ყველა ადვოკატი შეუერთდება, ყველაზე მეტად ადვოკატებს სჭირდებათ სამართლიანი სასამართლო, რომ არ მოუწიოთ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების გაგზავნა და 10 და მეტი წელი ლოდინი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“აქ ორი მომენტია - სამართლებრივი და პოლიტიკური. პოლიტიკურად კამპანია გამართლებულია, რადგან არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ მურუსიძე სასამართლო სისტემაში არ უნდა იყოს. მაგრამ სამართლებრივად ეს არაფრის მომცემია. მე შენი ბიოგრაფია არ მომწონს და ამიტომ აცილებას გიცხადებ - სამართლებრივად ამას არც ერთი კანონი არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, აცილების საკითხს წყვეტს თვითონ მოსამართლე და როცა მას ეტყვიან, რომ ამ მიზეზით გიცილებ, ის იტყვის, რომ აცილება არ არის მიღებული და პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.

“მურუსიძე ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობს და მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა საქმეს. ამიტომ, ეფექტის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ პოლიტიკურად, თუ ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს, მნიშვნელობა ექნება ანტიპიარის თვალსაზრისით... ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს შეუძლია ადვოკატს გაფრთხილება მისცეს, ან უფლებამოსილება შეუჩეროს დროებით, თუმცა ადვოკატებს აქვთ აცილების მოთხოვნის უფლება და ამის გამო მათ ეთიკის კომისიაში არავინ დასჯის. მაგრამ შედეგია მთავარი და ფაქტია, რომ ადვოკატების აცილებას მურუსიძე არ დააკმაყოფილებს... ადვოკატთა ასოციაციაში 5000-მდე ადვოკატია, მათგან ნახევარზე ნაკლებია იმ ადვოკატთა რიცხვი, ვინც ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობს. თეორიულად და პოლიტიკურ კუთხით აქცია გამართლებულია“, - დაასკვნის გელა ნიკოლაიშვილი.

“ოცნებიდან” ისინი მიდიან, ვისაც 2020 წელს საარჩევნო სიაში მოხვედრის გარანტია არ აქვს” - ძაბირაძე

“შეცვლა შეიძლება, მაგრამ კონსტიტუციით, პარლამენტის თავმჯდომარეს ოთხი წლის ვადით პარლამენტი უმრავლესობის სრული შემადგენლობით ირჩევს, მაგრამ თუკი ხდება გადაყენება, ეს უნდა მოხდეს ასე - თუ კობახიძეს არ ექნება პარლამენტის უმრავლესობის სრული შემადგენლობის მხარდაჭრა, მას უბრალოდ არ აირჩევენ”, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურების შესაძლო დაწყებაზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც “რეზონანსი” ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე გამოცემა ესაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებიდან” ისინი მიდიან, ვისაც 2020 წელს საარჩევნო სიაში მოხვედრის გარანტია არ აქვს - ძაბირაძე.

“დღევანდელ სიტუაციაში, თუ ამას ივანიშვილი მოისურვებს, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადაყენება რეალურია. თუ ამას ივანიშვილი არ მოისურვებს, რა თქმა უნდა, არ არის რეალური. არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს, რადგან მხოლოდ კობახიძის გადარჩევაზე არ არის საუბარი. თუ ყალიბდება ახალი უმრავლესობა - ანუ, მინიმუმ 76 დეპუტატი - არა მარტო პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობაც შეიძლება გადაირჩიოს. გამოდის, რომ იქმნება ახალი ძალა და ეს „ქართული ოცნება” არ იქნება, რადგან “ქართული ოცნებიდან” ხალხი ნელ-ნელა გადის და თუ დარჩენილთა რაოდენობა 75 ან ნაკლები იქნება, ის უმრავლესობას დაკარგავს. არც ის მგონია, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატთა ნაწილს უნდოდეს, რომ არა კობახიძეს, არამედ ივანიშვილს აუჯანყდნენ. აქამდეც უმრავლესობაში მსგავსი რღვევები ყოფილა და ყველა ხელისუფლების პერიოდში იყო ეს. მიუხედვად ამ რღვევისა, ხელისუფლება ყოველთვის ინარჩუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას და ვფიქრობ, რომ დღესაც ასე იქნება. ამიტომ, გადაწყვეტილება ივანიშვილს აქვს მისაღები. ივანიშვილს, რა თქმა უნდა, დღესვე შეუძლია თქვას, რომ გადადგეს და გადადგება კობახიძე, აბა რას იზამს?!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისგან ფრაქციის შექმნა შეიძლება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას, ამ ეტაპზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარდა მყარი ამომრჩეველი არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ ჰყავს. მეტ-ნაკლებად რეიტინგული იყო “ევროპული საქართველო”, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალებთან” გაერთიანების შემდეგ, მათ რამდენად შეინარჩუნეს ამომრჩეველი, არ ვიცი. დანარჩენი, ფაქტობრივად, არის ერთი პოლიტიკური ძალა. გნებავთ შექმნან პარტია და გნებავთ - არა. მიზიდულობის ცენტრი ოპოზიციაში ვერ გამოიკვეთება. რა თქმა უნდა, ბესელიას და ამ ჯგუფს სურვილი ექნებათ, ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ შეიქმნას ეს ცენტრი, მაგრამ ამ ეტაპზე პერსპექტივა იმისა, რომ ისინი ამას შეძლებენ, საკმაოდ ბუნდოვანია”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ეს პროცესი ჩემთვის მოულოდნელი არ არის. “ქართული ოცნება” იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც ის პარლამენტში 2012 წელს გავიდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მივიდოდა. “ქართულ ოცნებაში” დაიწყო ახალი ბირთვის გამოკვეთის პროცესი. ნაწილი უნდა მოიშორონ და გარკვეულწილად ეს არის ბესელია და ის ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა შორდება. გააჩნია, ეს რღვევის პროცესი სანამდე მივა.არ მგონია, რომ ვინმეს ამ ჯგუფიდან თავისი სურვილით მონდომებოდა წასვლა, თუ მას ექნებოდა რაღაც გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოხვდებოდა. აქედან ნელ-ნელა მიდიან იმიტომ, რომ მათი შანსი 2020 წლის საარჩევნო სიაში მოხვდნენ, მიზერულია. ცალკე, გარე თემაა მოსამართლეების საკითხი. ამის ქვეტექსტი ეს არის და “ქართულ ოცნებაში” ეს პროცესი მიდის”, - დასძენს ძაბირაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა