ადვოკატი - ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის დათმობაში ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ

ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს არანაირი სახის მონაწილეობა არ მიუღიათ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის დათმობაში, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ზურაბ ადეიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

„ზურაბ ადეიშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მის მიმართ არ არსებობს არც ერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ რაიმე სახის დანაშაულში მონაწილეობას.

ამ საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ოქრუაშვილმა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე სწორი შეფასება გააკეთა. ჩემი კითხვის პასუხად, თუ როგორ მოახერხა ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსის ნაცვლად, მოწმის სტატუსი ჰქონოდა, მან განაცხადა: როცა პოლიტიკა და სამართალი ერთმანეთს უპირისპირდება, ყოველთვის პოლიტიკა იმარჯვებსო. თავად ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებითაც კი, ეს სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია“,- განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არაერთხელ მიუღია, შესაბამისად, ამ საქმეზე სასამართლოს მხრიდან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს.

„გონივრული მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ სასამართლო ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს მიიღებს. თუმცა, ცხადია, ის სასამართლო სისტემა, რომელიც ორკესტრირებულად პროკურატურასთან ერთად ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებებს, ამის გონივრული მოლოდინი ვერ გვექნება. სასამართლოს არაერთხელ მიუღია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ამ საქმეზე გონივრული მოლოდინი ვერ გვექნება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს წაუყენეს.

ადეიშვილს და მის მოადგილე ლაცაბიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ