ნიდერლანდების საგარეო უწყების მაღალჩინოსანი „თიბისიზე“ - ჯანსაღი ფინანსური სექტორის არსებობა მნიშვნელოვანია - გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა ის საყრდენია, რაზეც ფინანსური სექტორი დგას

საქართველოს-ჰოლანდიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები - ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს პიტერ-იან კლეივეგ დე ზვაანს ესაუბრა.

- ვიდრე ჩვენი ინტერვიუს არსებითი ნაწილისკენ გადავალთ, მსურს ვისაუბროთ საქართველო-ჰოლანდიის ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენს საზოგადოებას ცოტა ინფორმაცია აქვს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. როგორ დაახასიათებდით ჩვენს ურთიერთობებს? რა პერსპექტივები გვაქვს და როგორ მიმდინარეობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია. ჩვენი ურთიერთობების მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრობლემები არ გვაქვს. ამიტომაც არის ალბათ, რომ ცოტა რამე იცის საზოგადოებამ ჩვენი ურთიერთობების შესახებ. ჩვენი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვენ მეორე ყველაზე მსხვილი ინვესტორი ვართ საქართველოში. ასევე საქართველოს მე-11 სავაჭრო პარტნიორი ვართ. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ დიდი მოთამაშე ვართ ამ ქვეყანაში. არსებობს ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO, რომელსაც დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობის პროექტების პორტფელი აქვს საქართველოში. უზარმაზარი ინვესტიციებია განხორციელებული კერძო სექტორში. როგორც ხედავთ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, რეფორმების მდგრადობის უზრუნველყოფაში. უნდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობის სფერო, რომელშიც ასევე ვართ ჩართულნი. სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. ცნობისთვის, ჰოლანდია მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის სფეროში. როდესაც საქმე ეხება სოფლის მეურნეობას, ჰოლანდია ერთ-ერთი ზესახელმწიფოა ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, ჰოლანდია და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ დგანან ავღანეთში. ჰოლანდია ფინანსური თვალსაზრისით მხარს უჭერს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რაც ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებასა და რეფორმირებას. ჩვენ ვახდენთ თქვენი ოფიცრების, დიპლომატების გადამზადებას. ყოველ წელს რამდენიმე ქართველი დიპლომატი გადამზადებას გადის ჰააგაში მდებარე დიპლომატიურ სკოლაში ანუ, ქართველი დიპლომატების მთელი თაობაა, რომლებიც ჩვენ მიერ იყვნენ მომზადებულნი. როგორც ხედავთ, უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სფეროში ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან ინტენსიურია. მსხვილი პროექტი გვაქვს საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. პოლიტიკურ დონეზეც ჩვენი ურთიერთობების კონტექსტი ფართოა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოსა და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა შედგა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ერთი სიტყვით, ძალიან დატვირთული და ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს. ჰოლანდია ნატო-სა და ევროკავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფოა და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირშიინტეგრაციის გზაზე.

- ორმხრივი ურთიერთობებიდან ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გადავიდეთ. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში. თუმცა, ამავდროულად, მან აღნიშნა ის სფეროები, რომლებიც საქართველოს მხრიდან გაძლიერებასა და გაუმჯობესებას საჭიროებენ. კერძოდ, საუბარია სასამართლო რეფორმაზე და ამ რეფორმის მეოთხე ტალღაზე. საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილ ხარვეზებზე. თუმცა, მინდა გკითხოთ არა იმ პროგრესზე, რომელსაც მივაღწიეთ, ვინაიდან ეს ის არის, რაც აპრიორი მოგვეთხოვება, არამედ იმ მინუსებზე, რომელიც გამოსწორებას მოითხოვს.

- თქვენ გსურთ ისაუბროთ იმაზე, რაც მჟავეა, თუმცა არ შეიძლება ამაზე საუბარი იმის ხსენების გარეშე, რაც ტკბილია ჩვენს ურთიერთობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომლის ინსტიტუტები ვითარდება. ვიდრე ვისაუბრებ მინუსებზე, ჯერ უნდა ვახსენო პლუსები. უნდა ვისაუბრო იმ დიდ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ განახორციელა. მოდით, შევხედოთ რეალობას. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, შვეიცარია და ნორვეგია ის ქვეყნებია, რომლებთანაც ევროკავშირს მჭიდრო ურთიერთობები აქვს, ისინი არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ძალიან ასოცირებულნი ვართ მათთან და შესანიშნავ სამუშაოს ახორციელებენ და ამის შემდეგ საქართველო მოდის თავისი სიახლოვითა და კავშირებით ევროკავშირთან, თუ როგორ აახლოვებს საქართველო თავის კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს შექებას იმსახურებს. ჩვენ ყველამ ვიცით თუ როგორი რთულია რეფორმების პროცესი. ჩვენ ვიცით ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში, რომლებსაც 15 წელი დასჭირდათ თავიანთი ეკონომიკის და სხვა სფეროების რეფორმირებისთვის და ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ იღწვის ამისთვის. ეს გრძელვადიანი პროცესია. ამას დრო სჭირდება, ვინაიდან რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლა. ასევე საჭიროა ცვლილებების იმპლემენტაცია, მოსახლეობის მხარდაჭერა. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველო წარმოუდგენელ სამუშაოს ახორციელებს. ახლა კი გადავიდეთ იმაზე თუ რაც შეეხება ხარვეზებს. ხარვეზები არის. გავეცანით ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. მაგალითად, როდესაც ჰოლანდიაში არჩევნები ტარდება, ის ტარდება „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნების შტამპით. ამგვარი არჩევნები ამ ქვეყანას არ მიუღია. ეუთო-ს ანგარიში გულწრფელი იყო. აღსანიშნავია, რომ კონკურენტუნარიანი გარემო იყო. ჩვენს ურთიერთობებში კარგი ის არის, რომ ღიად შეგვიძლია საუბარი და რჩევების მიცემა. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ვინაიდან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის ქვაკუთხედია. თუ საზოგადოებაში რაიმე სახის კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ინიშნებიან მოსამართლეები, ყველა ეჭვი და კითხვის ნიშანი უნდა გაქარწყლდეს. ამ კუთხითაც ჩვენ ღია და გულწრფელი დიალოგი გვაქვს თქვენთან. მე ვხედავ სხვა დიდ რეფორმებს, რომელიც საქართველომ წარსულში განახორციელა და ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ საკითხსაც გადაჭრის, ვინაიდან ეს ხალხსაც სურს.

- მინდა დავუბრუნდე მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებას დიდი კითხვის ნიშნები აქვს რიგ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომელთა დანიშვნა იგეგმება სამუდამო ვადით. ხელისუფლებისა და საზოგადოების პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი ისე, რომ დემოკრატიის ჩარჩოებს არ გავცდეთ?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს დებატები ისეთი დასკვნით უნდა დასრულდეს, რომელიც ეჭვის საფუძველს არ დატოვებს. ამ მომენტში ეჭვის საფუძველი არსებობს პროცედურასთან, პერსონალიებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირდებით თუ როგორ იყვნენ დანიშულნი და ეს ეჭვი უნდა გაქარწყლდეს. მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე და წარდგენაზე დებატებსა და დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ვხედავთ. მაგალითად, გავიხსენოთ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოვლენები პოლონეთში. ევროკომისია საკმაოდ კრიტიკული იყო პოლონეთის ხელისუფლებასთან მიმართებაში. თუმცა, ქართველები თვითონ უნდა მივიდნენ კომპრომისამდე. ამ მომენტისთვის არ არის ჰარმონია და შეთანხმება ამ საკითხზე.

- მინდა შევეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან უშუალოდ ჩვენს უსაფრთხოერბას ეხება იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ნატო-სგან მუდამ გვესმის მესიჯი, რომ ნატო-ს კარები ღიაა, თუმცა ამავდროულად, ქართული საზოგადოების ნაწილი ლეგიტიმურ კითხვას სვამს, თუ ეს კარები ღიაა, რატომ ვერ შევდივართ მასში. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას. გარდა უსაფრთხოების კომპონენტისა, ნატო-ს წევრობა ასევე არის ღირებულებების საკითხი. ამავდროულად გვესმის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ტესტები, საშინაო დავალებები და ა.შ. ვფიქრობ, არსებობს საშიშროება, რომ რაღაც მომენტში საზოგადოების ნაწილი დაიღალოს ამ ლოდინის მომენტით. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთისგან მომავალი საფრთხე დიდია და ჩვენ ვხედავთ ამას საოკუპაციო ხაზთან, როდესაც რეგულარულად ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ?

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ რაღაც თარიღების დაფიქსირება არ ღირს. ეს საქმეს არ წაადგება. ამიტომაც ვისაუბროთ პროცესზე. რაც შეეხება პროცესს, ერთი მხრივ,გვაქვს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს გადაწყვეტილება ძალაშია. ეს ფაქტია და ეს გადაწყვეტილება ნატო-მ ერთსულოვნად მიიღო. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს, მას სჭირდება რეფორმების გატარება. საქართველომ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა ამ კუთხით. საქართველო მშპ-ს 2%-ს ხარჯავს თავდაცვით საჭიროებებზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში. საქართველო მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს და მინდა გითხრათ, რომ ბევრი ვერ აკეთებს ამას. ჩვენი მხრიდან ეს პატივისცემას იმსახურებს. თუმცა, არის საკითხები, ძირითადად ინსტიტუციონალური საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი. ასევე არსებობს ნატო-ს წესდების მე-10 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ალიანსის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც საქმე ეხება გაფართოებას. სიტუაცია საქართველოში, როდესაც ორი სეპარატისტული რეგიონია, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

- ის, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება ერთგვარ ზოგად დაპირებად გამოიყურება, ვინაიდან საუბარი არ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რაიმე კონკრეტულ და დეტალიზირებულ გეგმაზე. საუბარი მაქვს MAP-ზე. დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს ზოგადი დაპირება, რომ ნატო-ს წევრები გავხდებით, თუმცა როდესაც საქმე MAP-ს ეხება, რაც კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს, აი, აქ უკვე პრობლემები გვაქვს, ვინაიდან ნატო-ს ზოგიერთი წევრიმხარს არ უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. როგორ ახსნიდით ამ დუალიზმს, როდესაც ერთი მხრივ, გვაქვს ზოგადი დაპირება, თუმცა როდესაც საქმე კონკრეტიკას ეხება, საქართველოს უარს ეუბნებიან? თამაშობს თუ არა აქ როლს რუსეთის ფაქტორი და ნატო-ს ზოგიერთი წევრის რუსეთთან ურთიერთობა?

- პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რომელიმე მესამე მხარე ვერ დაადებს ვეტოს ნატო-ში ვინმეს გაწევრიანებაზე. ეს ნათლად და მკაფიოდ უნდა გვესმოდეს. ალიანსის თითოეული წევრი ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებას იღებს. ითვალისწინებენ კრიტერიუმებს, დამსახურებას, უსაფრთხოების სიტუაციას, გეოპოლიტიკურ სიტუაციას. თუმცა,ვერასოდეს დავეთანხმებით იმას, რომ ერთმა ქვეყანამ, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის, დაბლოკოს ალიანსში ვინმეს მიღება. მესამე მხარე ვერასოდეს დაგვაშანტაჟებს.

- მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან რეზონანსური და აქტუალურია საქართველოში. საუბარია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე...

- „თიბისი ბანკი“ ბანკია, რომელიც საფონდო ბირჟაზეა გასული. ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ, როგორც ოფიციალური პირი, როდესაც კომენტარს ვაკეთებ კომპანიაზე, რომელიც საფონდო ბირჟაზეა, ვინაიდან არსებობენ აქციონერები, არსებობს ინტერესები. თუმცა, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, ვინაიდან არიან ჰოლანდიელი აქციონერები. როგორც უკვე გითხარით, ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO ოპერირებს საქართველოში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი ფინანსური ინფრასტრუქტურა და ჯანსაღი ფინანსური სექტორი.გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა ის საყრდენია, რაზეც ფინანსური სექტორი დგას.

- თქვენი ვიზიტის დასრულების შემდეგ, როდესაც ჰოლანდიაში დაბრუნდებით, საქართველოს შესახებ რა მესიჯს ჩაუტანთ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს?

- ჩემს უფროსს, მინისტრს ვეტყვი, რომ საქართველო რეფორმების გზას ადგას, თუმცა ზოგჯერ მოიკოჭლებს მცირე საკითხებზე, რომელიც შეიძლება დიდ პრობლემებში გადაიზარდოს. საქართველო შთამბეჭდავად ერთგულია უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებისადმი, რაც დიდი ალიანსების საფუძველია, როგორიც არის ნატო და ევროკავშირი. გეოგრაფიული მდგომარეობისა და ქართველი ხალხის გენიის გამო საქართველო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჰოლანდიის ეკონომიკაში. ვეტყვი, რომ საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება აქვს. და მინისტრს ვეტყვი, თუ როგორ გაოცებული ვიყავი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი „აიაქსის“ გულშემატკივარი ვიხილე, რომლებიც მადრიდის „რეალზე“ გამარჯვებას მილოცავდნენ.

„ინტერპრესნიუსი“

კახაბერ დგებუაძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს