ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში გადაასვენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისიდან სენაკში გადაასვენეს. გარდაცვლილის ნათესავებს გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა. ისინი არც კვარაცხელიას ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.
„არ ვიცით იქ რა მოხდა, ჩვენც მედიით გავიგეთ ინფორმაცია. არ გვჯერა, რომ ის თავს მოიკლავდა. ჯერ არ დაგვითვალიერებია ცხედარი, სახეზე არაფერი ეტყობა. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი ანა კვარაცხელია.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ აფხაზეთში სეზონური სამუშაოებისთვის გადადიოდა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

























