ნატო ჩხეიძე ინიციატივით გამოდის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არა 26 მაისს, არამედ 9 აპრილს აღინიშნოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის თარიღის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

როგორც ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დამოუკიდებლობის აღნიშვნა 26 მაისის ნაცვლად, 9 აპრილს უნდა მოხდეს.

„რადგან „ოცნების“ მთავრობამ ასე საზეიმოდ აღიარა ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე და აღნიშნა მისი ღვაწლი არა მარტო რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში, რაც ერთი ეტაპი იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, არამედ სცნო სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს, რაც სწორედ ამ თარიღით, 9 აპრილით არის შესული საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლში, ალბათ, მოვიდა ის დრო, როცა უნდა შეიცვალოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღი და ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს 9 აპრილს და არა 26 მაისს, როცა 1918 წელს ჟორდანიას მთავრობის მიერ იქნა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადებული, რაც სამ წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთავობით.

70 წელი საბჭოეთის კოლონია ვიყავით და მხოლოდ 1991 წელს ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი ღვაწლით. მაგრამ 1995 წელს შევარდნაძის გადაწყვეტილებით, სწორედ ჟორდანიას თარიღი იქნა საზეიმოდ დადგენილი და არა გამსახურდიას თარიღი. „მამა არ ახსოვდათ და მამინაცვალს ფიცულობდნენო“ ამაზეა ნათქვამი. ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც თავისი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდეს არა კონსტიტუციაში ჩანაწერის, არამედ რომელიმე სხვა ისტორიული თარიღის მიხედვით. არადა, ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი სავალდებულოდ შესასრულებელია თუ რაიმე სხვა პირადი მოტივი არ ახლავს ასეთ უკანონო ქმედებას“, - განაცხადა ჩხეიძემ.

მისივე განცხადებით, „ნათელია შევარდნაძის მოტივი, ასახსნელია სააკაშვილის მოტივი, მაგრამ გაუგებარი იქნება „ოცნების“ მოტივი, მისი ერთკვირიანი დითირამბები გამსახურდიას მიმართ, სრულ ფარისევლობად აღიქმება, თუ ქვეყნის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში დამოუკიდებლობის საზეიმო დღედ არ აღდგა და არ დადგინდა მისი ნამდვილი დაბადების დღე - 9 აპრილი“.

„იმედი მაქვს, რომ „ოცნების“ სიტყვები და ქმედებები წინა კვირას არ იყო ფარსი და სიყალბე და კიდეც შეცვლით ქვეყნის დამოუკიდებლობის საზეიმოდ აღნიშვნის თარიღს და ამით შეასრულებთ როგორც ზნეობრივი, ასევე უზენაესი კანონის მოთხოვნებს“, - განაცხადა ჩხეიძემ.

გარდა ამისა, ჩხეიძე გამოეხმაურა „ოცნების“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ გამსახურდიას მკვლელობა ბურუსით არის მოცული და აღნიშნა, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობა უკვე გამოძიებულია როგორც საპარლამენტო კომისიის, ასევე ლიტერატურის მკვლევარების მიერ. ჩხეიძის თქმით, პროკურატურის მხრიდან ამის დადასტურებას და ბურუსის გაფანტვას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა