ვლადიმერ კონსტანტინიდი - ვაშინგტონში საქართველოს მხარდაჭერის კუთხით ხმამაღალი განცხადებები კეთდება

ვაშინგტონში საქართველოს მხარდაჭერის კუთხით ხმამაღალი განცხადებები კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

კონსტანტინიდმა მიულოცა ალიანსს 70 წლის იუბილე და ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტზე ვაშინგტონში.

„დღეს მნიშვნელოვანი დღე გახლავთ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ისტორიაში - ნატოს 70 წელი შეუსრულდა და მინდა, მივულოცო წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. ვაშინგტონში მიმდინარეობს ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალი და მიუხედავად იმისა, რომ მინისტერიალში მონაწილეობას მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები იღებენ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტი ვაშინგტონში და პარალელურად გამართულ ღონისძიებებში, ასევე, ორმხრივ შეხვედრებში მისი მონაწილეობა. მინისტრმა შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების კოლეგა მინისტრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებაში. ის სიტყვით გამოვიდა სპეციალურ პანელზე, რომელიც მიეძღვნა ნატო-ს გაფართოებას. ამავე დროს, მან გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს წევრი ქვეყნების, კერძოდ, რუმინეთის, უნგრეთის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც საუბარი იყო საქართველოს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე და სადაც ცალსახად აღინიშნა ჩვენ მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონში ხმამაღალი განცხადებები კეთდება საქართველოს მხარდაჭერის შესახებ.

„ამ დღეებში ვაშინგტონში კეთდება ხმამაღალი განცხადებები საქართველოს მხარდაჭერის კუთხით: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა კონრესში გამართულ მოსმენაზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა და ასევე ის, რომ ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თუ რომელ გზას აირჩევს იგი. კონგრესმენებისა და მომხსენელების მხრიდან გამოიხატა საქართველოსადმი შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს გლობალური უსაფრთხოების საკითხში და პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა სენატშიც, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით“, - აღნიშნა კონსტანტინიდმა.

ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ მინისტერიალის წინ საქართველოსა და ნატო-ს შორის დატვირთული დღის წესრიგი სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ საქართველო ალიანსში ინტეგრაციის გზაზე წინ მიდის და აქვს ყველანაირი საშუალება, მოემზადოს მასში გაწევრიანებისთვის.

„მინისტერიალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. ნატო განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობას აღნიშნული კუთხითაც. ნიშანდობლივია, რომ ნატო-ს მინისტერიალს წინ უსწრებდა ნატო-საქართველოს უპრეცედენტოდ დატვირთული დღის წესრიგი: რამდენიმე დღის წინ საქართველოში იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა, გვეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, ჩატარდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც მიეძღვნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო დაჯგუფების ვიზიტი შედგა. ასეთი პრეცედენტოდ აქტიური დინამიკა ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს ალიანსის დღის წესრიგში და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან კიდევ ერთ დადასტურებას იმისა, რომ საქართველო ნატო-სთვის არის ერთ-ერთი საიმედო და ერთგული პარტნიორი. საქართველოს ნატო-სთან აკავშირებს არა მხოლოდ საერთო ინტერესები და დღის წესრიგი, არამედ საერთო ფასეულობები და უსაფრთხოების გამოწვევები. ჩვენი პარტნიორები ყველა დონეზე, ყველა მაღალი ტრიბუნიდან გამუდმებით აღნიშნავენ, რომ ურთიერთობები ისტორიულად მაქსიმუმზეა და საქართველოს გააჩნია ყველა სათანადო ინსსტრუმენტი იმისათვის, რომ გაწევრიანებისთვის მოემზადოს. საქართველო განაგრძობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, რათა განხორციელდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს