კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მეორე საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის დასკვნით დღეს უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მეორე საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის - „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია 2019“ დასკვნით დღეს უმასპინძლა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სკოლა კონფერენცია 1-5 აპრილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

პროექტის კოორდინატორმა და თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, იმუნოლოგმა ნუნუ მიცკევიჩმა სკოლა-კონფერენციის შესახებ ისაუბრა.

„საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების კონფერენციას. ჩატარდა ორი კომბინირებული ღონისძიება, საერთაშორისო სკოლა და კონფერენცია. ღონისძიება 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი მეცნიერებების კვირეული საქართველოში. სამი დღის განმავლობაში სკოლას მასპინძლობდა სხვადასხვა ორგანიზაცია: მასპინძელ უნივერსიტეტებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლუგარის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სადაც ლაბორატორიული ტური ჩატარდა. პარტნიორები თელავის, თბილისის და ქუთაისის უნივერსიტეტები და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, მაგალითად, ამერიკული - მიჩიგანის უნივერსიტეტიდან გვყავდა წარმომადგენელი, რომელმაც რამდენიმე ლექცია ჩაატარა. არიან მეცნიერები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაც - იტალიიდან, შვედეთიდან, უნგრეთიდან და სხვა“, - განაცხადა მიცკევიჩმა.

მანვე ისაუბრა სკოლა-კონფერენციის მიზნებზე. ასევე, მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ სკოლა-კონფერენციაზე დამსწრენი კონკურსის წესით შეირჩნენ, ღონისძიებაზე აქტივობა კი საკმაოდ მაღალი იყო.

„თემატიკა ქვედარგების მხრივ მრავალმხრივი იყო - ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვის, აგრარული და კვების ბიოტექნოლოგია. სკოლა-კონფერენციის მიზანია ევროპული და ამერიკული კვლევების შედეგების უფრო ახლოს მოტანა ჩვენს სამეცნიერო წრეებთან და ახალგაზრდებთან, ასევე, სამეცნიერო წრეების მიერ აქტიურად გამოყენებული საკვლევი მეთოდებისა და დარგში არსებული დღევანდელი მიღწევების გაცნობა. მნიშვნელოვანი მიზნებია აგრეთვე დარგის პოპულარიზაცია და კონტაქტების დამყრება როგორ ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.სტუდენტების აქტივობა და დასწრება ძალიან მაღალი იყო. სკოლაში შერჩევა კონკურსის წესით, აკადემიური მოსწრებისა და მოტივაციის წერილის საფუძველზე მოხდა. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო და სტუდენტები იყვნენ როგორც რეგიონული, ასევე - თბილისის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო, ტექნიკური, აგრარული უნივერსიტეტიდან და ა.შ. მსმენელებად უკვე გვყავდა სტუდენტებიც, რომლებიც უკვე აღნიშნული მიმართულებით დოქტორანტები არიან და პირველი სკოლის დროს, 2016 წელს ამ კონფერენციაზე ბაკალავრის სტატუსით იყვნენ“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა.

კონფერენციის შესახებ ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ ისაუბრა.

"ეს ძალიან მაღალი დონის კონფერენციაა, რასაც თავად მონაწილეები განსაზღვრავენ. მოწვეულ მეცნიერებს საერთაშორისო მნიშვნელობის გამოკვლევები აქვთ ჩატარებული. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება და აქტიურობა იყო, იყო ჩართულობა, კითხვები. მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან თავიანთი კვლევის შედეგები წარმოადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგი არ ვარ, მოხსენებები ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. დღესაც არაერთი წარმომადგენელი გამოდის, საინტერესო მოხსენებებია ქვევრის ღვინოს ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით მზადდება. ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩვენს სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ ჩვენი ლაბორატორია, სწორედ მეღვინეობის ძალიან კარგი ლაბორატორია გვაქვს. ამას გარდა, საშუალება გვექნება, ჩამოსულ მეცნიერებთან სამომავლო თანამშრომლობაზე ვისაუბროთ ", - განაცხადა გოგიბერიძემ.