ქართული პრესის მიმოხილვა 08.04.2019

გია ხუხაშვილი - „დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის“

პაატა ზაქარეიშვილი - “არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი დაბრუნდა, არამედ ხალხიც, სახეებიც”

“ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა” - საყვარელიძე

* * *

გია ხუხაშვილი - „დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის“

“შეიძლება ითქვას, რომ მომსწრენი ვართ მმართველობითი კრიზისის ბოლო ფაზის, როდესაც “ბაბილონის გოდოლის” ნგრევის ტრაგიკომედია კომედიურ ხასიათს იღებს. როდესაც ხელისუფლება მუდმივად დაცინვის ობიექტი ხდება, ეს არის სიმპტომი, რომ მისი დასასრული მოახლოებულია... ვიცით, რომ “ქართული ოცნება” თავიდანვე იყო სრულად ეკლექტური გაერთიანება. ამ ადამიანებს არაფერი აერთიანებდათ, გარდა ერთი ადამიანის რესურსისა და ავტორიტეტისა. მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი დაანგრია და მისი ავტორიტეტი საგრძნობლად შეირყა, ეს ეკლექტიკა გადავიდა დაპირისპირების ფაზაში, რის მერეც ვაკვირდებით რღვევის პროცესს. ჯერჯერობით რღვევა შეფერხებულია და ესეც ივანიშვილის ფაქტორით არის გამოწვეული, რომლის მიმართ გაჩნდა ეჭვი - არის თუ არა ის რეალურად ლიდერი; თუმცა ძალის ცენტრად კვლავ რჩება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის” / “დღეს ამომარჩეველს უჩნდება მარტივი კითხვა: რაზე თქვა ამ ხელისუფლებამ უარი “ნაციონალთა” მემკვიდრეობიდან?”

“ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან მერკანტილური მიზნებით და პირადი ამოცანების გადასაწყვეტად, ისევ რჩებიან ამ გაერთიანებაში, რადგან მიიჩნევენ, რომ კეთილდღეობის მიღება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელიდან შეიძლება. მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი კომპონენტია ეს კომედიური ჟანრის პროცესები, როდესაც ხან ღილაკები ერევათ პარლამენტში, ხან აკუსტიკა არ უვარგათ და არ ესმით, რომელ კანონპროექტს როდის უყრიან კენჭს და ა.შ. თუ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილი შექმნილ ვითარებას, დავიწყოთ სამეგრელოში მისი ვოიაჟით, რაც აშკარად საარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყო. რა ფორმითაც ეს მოხდა, არ არის მისი პოლიტიკისთვის დამახასიათებელი. როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, ამ ტიპის, თეთრი ძაფით ნაკერი საარჩევნო მოქმედებები მისთვის მიუღებელი იყო და ამგვარ აქციებში მონაწილეობას მუდმივად ეწინააღმდეგებოდა. როგორც ჩანს, ის არის პოლიტიკურ დეპრესიაში და უკვე თავისთვის მიუღებელი წითელი ხაზებიც გადაკვეთა, ამასთან, ძალიან უხარისხო დადგმებში მონაწილეობს, რაც სამწუხაროა. ეს არის მისი პირადი და, საზოგადოდ, ქართული პოლიტიკის დრამა. ეს ერთხელაც აჩვენებს, რომ მთავრდება ეს ისტორიული ეტაპი. ახლა ვართ გარდამავალ პერიოდში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად მშვიდად გაიაროს ქვეყანამ და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობის ფუნდამენტური პრინციპები არ დაზიანდეს. როგორც ვთქვი, “ქართული ოცნების” დეგრადაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ის, ალბათ, შეფერხდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ისევ ხელისუფლების ხელშია თავმოყრილი ყველა რესურსი, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური ნაკადებიც, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ, ეს კი “ქართულ ოცნებას” ამ ეტაპზე გარკვეულ შანსებს უტოვებს. თან მას ნამდვილად აძლევს ხელს ის, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას", პრაქტიკულად, აღარ ჰყავს ნატურალური ამომრჩეველი, ანუ ამომრჩეველი, რომელიც მათზე ამყარებს იმედს და აქვს რაციონალური არგუმენტები თუნდაც თავისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა მოახერხებს და უკეთეს საქართველოში გვაცხოვრებს. ისინიც კი, ვინც ჯიუტად ისევ “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს, ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლის დამსახურებაზე და არა იმაზე, რომ ხვალ რაღაც უკეთესად იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლებას აქვს ძალიან სუსტი მცდელობები, რომ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას. “ანტიმიშას” ფაქტორი, რის ექსპლუატირებასაც აქამდე ეწეოდა “ქართული ოცნება”, აღარ მუშაობს. ჯერ ერთი, ძალიან გაცვდა ცხრა წელზე ლაპარაკი, მეორეც - “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მორალური უპირატესობა მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ლამის ყველა მანკიერი სისტემა გადმოიბარა და, ფაქტობრივად, გამოაცხადა, მე ვარ “კოლექტიური მურუსიძის” სამართალმემკვიდრეო... დღეს ამომრჩეველს უჩნდება მარტივი კითხვა: რაზე თქვა ამ ხელისუფლებამ უარი “ნაციონალთა” მემკვიდრეობიდან? საბედნიეროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არის ისეთი რეპრესიული, როგორიც იყო “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ ფუნდამენტურ მანკიერებებზე უარი არ უთქვამს. შეინარჩუნა მოსმენების, მაჟორიტარების და აბსოლუტურად გაკოტრებული და რეპუტაციადაკარგული მართლმსაჯულების სისტემები. უარს არ ამბობს ფინანსების კონტროლზე და ისევ მმართველი პარტიის დამფინანსებელთა რიგში დგება ყველა პოტენციური დამფინანსებელი”, - ამბობს ექსპერტი.

“კი ბატონო, ეს ხელისუფლება ისეთი სასტიკი არ არის, როგორიც წინა, მაგრამ აქ უკვე სხვა კითხვა ჩნდება: რატომ არ არის სასტიკი? იმიტომ, რომ ჰუმანურია, თუ იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, ამის თავი არა აქვს? მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ მარტო ხელისუფლება კი არ არის დისკრედიტირებული, სამწუხაროდ, მთელი პარტიული ელიტაა ღრმა კრიზისში, რასაც ბოლო კვლევებიც აჩვენებს. როდესაც ამომრჩევლის 55% გეუბნება, რომ არ არსებობს საქართველოში პარტია, რომელიც მის გემოვნებას მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს, დაახლოებით 20% კი ამ კითხვას პასუხს საერთოდ არ სცემს, ეს ნიშნავს, რომ ქართველ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია დაკარგა მთლიანად პოლიტიკურმა ელიტამ და არა - მხოლოდ ხელისუფლებამ. მაგრამ ხელისუფლების დაკარგული ლეგიტიმაცია საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან ამას შეიძლება არაპროგნოზირებადი პროცესები მოჰყვეს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ქართულმა ოცნებამ" ბოლო რესურსები სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოიკრიბა. საზოგადოდ, მასობრივი ფსიქოზის ინიცირება, განსაკუთრებით - ხელისუფლების მხრიდან, დამახასიათებელია ქართული არჩევნებისთვის, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” მეორე ტურამდე მართლაც სასწაული მოახდინა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ეს მასობრივი ფსიქოზი გადავიდა მასობრივ ისტერიკაში. ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, არმაგედონის სურათი დახატა და მთელი საზოგადოება სტრესში ჩააგდო. სწორედ ამ სტრესზე რეაგირება იყო ის, რაც მეორე ტურში მოხდა... მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, საიდანაც გამოსვლა, ფაქტობრივად, ძალიან მძიმე, ხანგრძლივი დეპრესიის გავლით ხდება. დღეს სწორედ ამ დეპრესიულ მდგომარეობაში ვართ. მომავალ არჩევნებზე ეს ფაქტორი, ვფიქრობ, ძალიან სუსტად, ან საერთოდ აღარ იმუშავებს; ან შეიძლება უკუშედეგიც მოუტანოს ხელისუფლებას. ხელისუფლება ამ კუთხით აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს. საქმე ის არის, რომ სხვა არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო”, - თვლის რესპონდენტი.

“კობახიძე და სხვები ახლა ამბობენ, რომ შავგულიძე მკვლელებს შეეკრა და ა.შ. ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, განსაკუთრებით - ისეთი პერსონაჟების მხრიდან, როგორიც კობახიძეა, რომელსაც მთელი ცხოვრება არც გირგვლიანი აინტერესებდა და რომლისთვისაც 2013 წლამდე თვალი არსად მოგვიკრავს. ის, ფაქტობრივად, ბუჩქებიდან გამოაძვრინეს და დასვეს თანამდებობაზე. რომელი მებრძოლი და გირგვლიანის მედროშე ის იყო?! ფაქტობრივად, ამ ნარატივით დაიწყო ზუგდიდიდან შუალედური არჩევნების საარჩევნო კამპანია მმართველმა პარტიამ, მაგრამ ხომ ნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე იმის ახსნა უწევს საზოგადოებისთვის, თუ რატომ არ ანებებენ თავს ცხრა წელზე ლაპარაკს და მათი არგუმენტები უკვე ძალიან სასაცილოდ ჟღერს. თუ აკვირდებით, ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი აქცენტს ამომრჩეველზე აღარც აკეთებს. ისინი საკმაოდ უხეში მეთოდებით მოქმედებენ, მაგალითად, მუშაობენ პრინციპებით - მე მეტს გადავიხდი, ვიყიდი და ა.შ. აქცენტს აკეთებენ რესურსების კონტროლზე და მიიჩნევენ, რომ მათი ამოცანა პოლიტიკური სივრციდან “ნაციონალური მოძრაობის” გაყვანა კი არ არის, არამედ ალტერნატიული ცენტრების ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლა”, - განმარტავს ექსპერტი.

“შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის. ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა, როგორმე ალტერნატიული არჩევანი შექმნას, რომ 2020 წლისთვის მივიღოთ მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემა და პოსტსაარჩევნო კოალიციები. შეიძლება ეს არ არის იდეალური მოდელი, მაგრამ ჩვენმა პოსტსაბჭოურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა საბოლოოდ მიდის ძალაუფლების უზურპაციამდე და ქვეყანა ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე ტრიალებს. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ძალაუფლების ხიბლს... დღეს “ქართული ოცნებაც” საკუთარი უსაფრთხოების გარანტიად მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლებას ხედავს. ისინი იმის უფლებასაც ვერ აძლევენ თავს, რომ თუნდაც ერთი უმნიშვნელო არჩევნები წააგონ. ახლა მოდის შუალედური არჩევნები და მათ ისევ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოაცხადეს, განსაკუთრებით - ზუგდიდში, სადაც არჩევნები მათთვის აშკარად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აღიქმება”, - დასძენს ხუხაშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი - “არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი დაბრუნდა, არამედ ხალხიც, სახეებიც”

“გეთანხმებით, რომ ზუგდიდმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ხელისუფლება მიხვდა, რომ სამეგრელოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა საიდან დაიწყო რევოლუცია? სამეგრელოდან. ყველას კარგად ესმის, რომ თუ სამეგრელოს მოაწონე თავი, თუ სამეგრელო შენია, ეს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა ზუგდიდში იწყება ბრძოლა 2020 წლისთვისაც და ამიტომაც ამოტივტივდა ზვიად გამსახურდიას თემაც. სააკაშვილმა გამსახურდიას ნეშტი გადმოასვენა. ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. პოლიტიკოსებს გამსახურდია ახსენდებათ მხოლოდ თავიანთი პოზიციების გასამტკიცებლად, თორემ რამდენიმე თვის წინ გამსახურდიას ვაჟები შიმშილობდნენ პროკურატურის წინ, რათა გამოძიება არ შეწყვეტილიყო და შიმშილობის შედეგად მოახერხეს სიტუაციის რაღაცნაირად გადატეხა. ამასობაში წამოეწიათ არჩევნები და გამოძიება გახდა მთავარი თემა”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი დაბრუნდა, არამედ ხალხიც, სახეებიც” - ზაქარეიშვილი.

“შიმშილობა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ გამსახურდიას თემა ამ ხელისუფლებისთვის აქტუალური იყო, მაგრამ შიმშილობამ გამოააშკარავა, რომ ისინი ამაზე არც ფიქრობდნენ და მხოლოდ არჩევნებმა შეახსენეს ეს თემა. აშკარაა, რომ აქ ფარისევლობის ელემენტებია და ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ ამ ფარისევლობას ერთი დადებითი მაინც მოჰყვება, ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდება გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები, ეს დაფარავს ყველა ამ ფარისევლურ ნაბიჯებს. ყველა შედეგს ელოდება. წინ ორი წელია და თუ შედეგი არ დადგება, ეს ძალიან მძიმედ შემოუტრიალდებათ. ამიტომ, ამ ვალდებულებით “ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა უკან დასახევი გზა დაიწვა. ეს თემა 1 წლის შემდეგ რომ დაეწყოთ, კიდევ შეიძლებოდა დრო გაეწელათ, ახლა გამორიცხულია, 2020 წლის არჩევნებამდე შედეგი უნდა დაიდოს. ასე რომ, გამსახურდიას თემით იწყება სამეგრელოს მოსახლეობის გულის მოგება. ეს აშკარაა. თუმც აქ მეორე მომენტიცაა, ახლა გამსახურდიაზე ლაპარაკის დაწყება ძალიან გვიანია და არავინ იცის, “ოცნებას” აჰყვება თუ არა ამ სპექტაკლში მოსახლეობა. სამეგრელოში ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა “ოცნებას” ყოველთვის. ახლა უნდა დაუმტკიცონ ყველას, რომ სამეგრელოში სიტუაცია გამოასწორეს. ამიტომ მთელი „ოცნების" და მთელი ოპოზიციის მობილიზებაც იქ მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“9-წლიანი რეჟიმზე” საუბარი ვეღარ მუშაობს - ის რეჟიმი თავად „ოცნებამ" დააბრუნა. ძალიან ძნელია დააჯერო ამომრჩეველი, რომ სისხლიანი რეჟიმი ცუდი იყო, როდესაც შენ ახსენებ ამ რეჟიმის “გამპრავებელ” მოსამართლეებს. პრინციპულად არ თმობენ და როცა ასე ჩაბღაუჭებულები არიან მოსამართლეებზე, საზოგადოებამ რატომ უნდა დაიჯეროს, რომ სისხლიანი რეჟიმი ბრუნდება. მეორეც, თუ ბრუნდება, ვისი ბრალია, ვინ დააბრუნა, თუ არა “ოცნებამ”?! გარდა იმისა, რომ მთელი საზოგადოება ხედავს სასამართლოებს, მე კონფლიქტების მოგვარებაშიც ვხედავ, რომ არა მარტო “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი დაბრუნდა, არამედ ხალხიც, სახეებიც. ძალიან მინდა “ოცნება” დავიცვა, უფრო მათ მიმართ მაქვს სიმპათიები, ვიდრე “ნაციონალების” მიმართ, მაგრამ მე თვითონ ვხედავ, როგორც სპეციალისტ-ექსპერტი, რომ კონფლიქტებში მთლიანად დაბრუნდა “ნაციონალების” ნარატივი”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ “ნაციონალების” ნარატივის და სახეების დაბრუნებაში”, - პასუხობს:

“მაგალითად, ჟენევის ფორმატში დაბრუნდა “ნაციონალების” ნაცრისფერი კარდინალი შალვა ცისკარაშვილი, რომელიც იყო ქართული დელეგაციის მუდმივი ფიგურა ჟენევის ფორმატში. იცვლებოდნენ მოადგილეები, წევრები, ის სულ რჩებოდა. ის “ოცნების” დროს წავიდა და სიტუაციას ღირსეული ადამიანი დავით დონდუა მართავდა, ახლა კი ცისკარაშვილი ისევ დააბრუნეს. ეს ჩემთვის პირდაპირი სიგნალია, რომ “ნაცმოძრაობა” ბრუნდება. მეტიც, მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე არის რუსლან აბაშიძე, რომელიც 2008 წლის ომის დროს იაკობაშვილის მოადგილე იყო. ცისკარაშვილს და აბაშიძეს კი არ ვედავები, უბრალოდ თუკი “ოცნება” ამ ხალხის გარეშე პრობლემას ვერ აგვარებს, მე რატომ უნდა დავიჯერო, რომ სისხლიანი რეჟიმი ბრუნდება?! როგორ უნდა გავამართლო ღარიბაშვილის მოწოდება, რომ თურმე არ უნდა დავაბრუნოთ 9-წლიანი რეჟიმი?!”

“კალაძის განცხადება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, რადგან ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან, - ეს არის წმინდა წყლის წინასაარჩევნო პროპაგანდა, ამაზე მუშაობდა შევარდნაძეც, სააკაშვილიც. ეს აფხაზეთისთვის არაფერი არ არის, ეს არის ქართული საზოგადოებისთვის ილუზიის შექმნა. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ზუგდიდში ხომ არ ჩადის, 80%-მა არ იცის რა ხდება ზუგდიდში, ამიტომ ასეთი პროპაგანდისტული გამოსვლებით ზუგდიდზე ლაპარაკი იოლია. ზუგდიდში ყველა წინასაარჩევნო კამპანიის დროს თემა არის აფხაზეთი და რა შეიცვალა 25 წლის განმავლობაში? არაფერი. ფაქტია ის, რომ ზუგდიდი ფეხზე დადგა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, პარკი გაკეთდა, სინათლე, მეტი სიმშვიდე დადგა, მართლა რაღაცები გაკეთდა. ვინაიდან სააკაშვილი მადლიერი იყო სამეგრელოსი, მან ნამდვილად სერიოზული ინვესტიციები ჩადო ზუგდიდში, ამიტომ ამ ფონზე თუ ნახავთ განსხვავებას სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს შორის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემდეგ ბევრი არაფერი გაკეთებულა”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

“ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა” - საყვარელიძე

“დიდი ეჭვი მაქვს, რომ დეპუტატებმა პარტიული და ინდივიდუალური პოზიციის ერთმანეთისაგან დიფერენცირება ვერ მოახერხეს. თუ დეპუტატმა თავისი ინდივიდუალური პოზიციის მიხედვით უნდა მისცეს ხმა, ინდივიდუალური პოზიცია კი საზოგადებრივი აზრისგან იყო ჩამოყალიბებული, თუ როგორ შეიძლება გამოცდების გაუქმება?! ბევრი ფაქტორის ასეთ ნაზავში ხელი წაუვიდათ იმისკენ, რომ კანონპროექტი ჩააგდეს. მოგეხსენებათ, ღილაკებთან ცუდი ურთიერთობა აქვთ”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე პარლამენტის მიერ საკანონდებლო ინიციატივის ჩავარდნაზე, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა”.

“ჩავარდნის მერე გადაწყვიტეს ხელახალი კენჭისყრა. ეს უკვე ქართული პარლამენტარიზმის პროცესში, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბევრ ხარვეზზე მიუთითებს, თუმცა გაუგებარი არ არის. ალბათ, ყველა ფრიქრობდა, “მე არ მივცემ ხმას და სხვა მისცემს”. ამის შედეგად მივიღეთ ის სურათი, რაც იყო... ხმა რომ არ ისმის, ეს ნამდვილად აკუსტიკის ბრალია. თუკი უკეთესი აკუსტიკით იმუშავებენ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებ, თუმცა ხმის მიცემა აკუსტიკაზე რომ არის დამოკიდებული, ეს უკვე უმრავლესობის პრობლემაა, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე უმრავლესობას უნდა ჰქონდეს ის მექანიზმები, რომლითაც თითოეულ დეპუტატს ეცოდინება, რას აძლევს ხმას და რა პოზიცია უნდა დაიკავოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “და ვინ უნდა გააკონტროლოს ეს?” - პასუხობს:

“ამის გაკონტროლება, ალბათ, შეუძლებელია. ისეთი პირობები უნდა იქნას მიღებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა და ის საბაბი, რომ “ვერ გავიგეთ”, - აღარ იარსებებს. ეს საბაბია და არა რეალური მიზეზი. ასეთი მომიზეზების საფუძველი რომ არ იყოს, კარგია თუკი აკუსტიკა დალაგდება, მაგრამ მგონი პარლამენტის თავმჯდომარეს გამორჩა ის, რომ უფრო მნიშვენლოვანი რამეა დასალაგებელი უმრავლესობაში. უმრავლესობას ერთიანი პოლიტიკური პოზიცია არ აქვთ”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს