„საყდრისის კომიტეტი“ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარედ მშენებლობას აპროტესტებს

„საყდრისის კომიტეტი“ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარედ მშენებლობას აპროტესტებს. „საყდრისის კომიტეტის“ ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობისგან 27 მარტს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ვიზუალური დაცვის არეალში სამშენებლო ტექნიკა მუშაობდა.

ადგილობრივების თქმით, სამუშაოებს, სავარაუდოდ, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე აწარმოებდა.

„ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „საყდრისის კომიტეტმა“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას, 4 აპრილს, წერილობით მიმართა და აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვების გაცემის შესახებ, უმოკლეს დროში, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული წერილით აღმოჩნდა, რომ შპს „ინოვაციური სამშენებლო კომპანია“, რომელიც ვარძიაში, სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში სამშენებლო სამუშაოებს უნებართვოდ აწარმოებდა და მიუხედავად, ჯერ კიდევ, 2018 წლის, 5 ოქტომბერს, სააგენტოს კატეგორიული მოთხოვნისა, შეეჩერებინათ მშენებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი #60.10.34.313) უკანონო სამუშაოები მაინც გრძელდებოდა“, - აცხადებენ „საყდრისის კომიტეტის“ წევრები.

კომიტეტის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იმავე წერილით, ცნობილი გახდა, რომ უკანონო სამუშაოების შესახებ, რამაც ლანდშაპტის სახეცვლილება გამოიწვია, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოც ფლობდა. შესაბამისად, 5 აპრილს, „საყდრისის კომიტეტმა“ წერილობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და ფაქტზე რეაგირების შესახებ ინფრომაცია გამოითხოვა.

„საყდრისის კომიტეტის“ ინფორმაციით, სიტუაციაში უკეთ გარკვევისთვის, „საყდრისის კომიტეტის“ წევრები, 5 აპრილს ვარძიაში ჩავიდნენ და უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს, რის შედეგადაც სამშენებლო ტექნიკამ მშენებლობის არეალი დატოვა.

„საყდრისის კომიტეტის“ წევრების ინფორმაციით, „გარდა იმისა, რომ მშენებლობა უნებართვოა, ის საფრთხეს უქმნის, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას.

მათი თქმით, იმის გამო, რომ არ არსებობს, ვარძიის განაშენიანების გენგეგმა, იუნესკომ რამდენჯერმე უარი თქვა ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაზე.

მათივე თქმით, „მსგავსი მშენებლობები ამჯერადაც დაუკარგავს შანსს, ვარძიას მოხვდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში“.

როგორც „საყდრისის კომიტეტში“ ამბობენ, მიუხედავად, ადგილზე მყოფი ასპინძის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დაპირების, რომ ისინი ამჯერად, ნამდვილად შეძლებენ სამუშაოების შეჩერებას, „საყდრისის კომიტეტი“ გააგრძელებს, ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის მქონე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ვიზუალური დაცვის არეალის ზონაში მშენებლობის მონიტორინგს.

დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019
ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის