პროკურორი -  მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვქონდა

ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვქონდა, - ასე გამოეხმაურა პროკურორი დავით გუმბერიძე "ცენტრ პოინტის" საქმის "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

როგორც გუმბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმა 2014-2016 წლებში, 172 ადამიანს მოტყუებით გამოართვა თანხა, რამაც საერთო ჯამში, 240 000 ლარი შეადგინა. პროკურორის განცხადებითვე, აღნიშნული თანხები მაია რჩელიშვილმა საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.

"გარდა დაზარალებული პირების ჩვენებისა, გვქონდა ასევე უშუალოდ, "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" თანამშრომლების მიერ მიცემული მამხილებელი ჩვენება მაია რჩეულიშვილის მიმართ. ასევე, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებაც გვქონდა, რომელმაც დაადასტურა ყველა ის ფაქტი, რასაც ბრალდება ვედავებოდით წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, ექსპერტიზის დასკვნაც მოგვეპოვებოდა, რომლითაც ამ კონკრეტული თანხების ხარჯვის მიზნობრიობა დადგინდა.

ეს საქმე შეეხებოდა 2014-2016 წლების ეპიზოდს, შესაბამისად, განაჩენი ამნისტიას არ ითვალისწინებდა და დღევანდელ სხდომაზე, სასამართლომ რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა", - განაცხადა გუმბერიძემ.

რაც შეეხება, ბრალდებულ ქეთევან ჟორდანიას, მას 5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

"ჟორდანიამ აღიარა დანაშაული, თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის მსჯავრდებულად იქნა ცნობილი და კონკრეტული სასჯელის სახე განესაზღვრა, ეს არის 5 წლით პირობითი მსჯავრი", - აცხადებს პროკურორს.

რაც შეეხება, დების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, როგორც პროკურორი აცხადებს, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" წარმომადგენლები რამდენიმე ინვესტორთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. კონკრეტულ ინვესტორებზე არის საუბარი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები გვისახელებენ. თუ რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებები რეალური იქნება, ყველა დაზარალებულის ინტერესები დაკმაყოფილდება, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გუმბერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა