ირაკლი ტაბლიაშვილი  - არ მგონია, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად სააკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის, ე.წ. მესამე ძალის კონტურები მარცხნივ და მარჯვნივ უკვე გამოკვეთილია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» პოლიტიკურ მიმომხილველ ირაკლი ტაბლიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, ფაქტია, რომ ყველაფერი რაც ახლა შიდა პოლიტიკაში ხდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ვგულისხმობ აქტუალურ თემებზე საჯარო სივრცეში პოლიტიკოსებს შორის კამათსა და დავას, გაყრებისა თუ გაბუტვების სერიებს, ტაქტიკური მოსაზრებით გაერთიანებებს შუალედურ არჩევნებზე. ასევე საჯარო სივრცეში მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით სადღეისოდ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას სწორედ 2020 წლისათვის მზადების თვალსაზრისით?

- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და პრინციპში მეორე ტურის შედეგებმაც, "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ, ცხადყო, რომ მმართველ "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში დარჩენა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, არამედ, უბრალო, ჩვეულებრივი გამარჯვების მოპოვებაც და შესაბამისად, მთავრობის ფორმირება 2020 წლის მიწურულისათვის.

ოპოზიციური ელექტორატი მზარდია იმიტომ, რომ "ოცნებამ" ვერ აასრულა ვერც 2012 და ვერც 2016 წლის მთავარი დაპირებები

ოპოზიციური ელექტორატი მზარდია იმიტომ, რომ "ოცნებამ" ვერ აასრულა ვერც 2012 და ვერც 2016 წლის მთავარი დაპირებები - მიზეზთა გამო პოლიტიკური სივრციდან ვერ განდევნა სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური პირები და ეკონომიკური კეთილდღეობა ან გაუმჯობესება ვერ უზრუნველყო საზოგადოებისათვის.

„ოცნებამ,“ ამ თვალსაზრისით, საკუთარი თავი ამოწურა და, შედეგად, გაიზარდა ე.წ. პასიური ამომრჩევლის რაოდენობა, ანუ მათი, ვინც იმედგაცრუებულია "ოცნების" პოლიტიკით. ეს ამომრჩეველი ეძებს ახალ ძალას, ახალ ცენტრს, რომელსაც ენდობა და რომელიც სულ მინიმუმ იმას მაინც დაპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გაანადგურებს "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს".

"ევროპულ საქართველოს" მართებს უფრო მკვეთრი და მკაფიო დისტანცირება სააკაშვილისგან

ფაქტია ისიც, რომ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილისგან და ბიძინა ივანიშვილისაგან დისტანცირებული პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებაც - "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსი, ჩემი წარმოდგენით, მზარდია და გათვლილია იმ ტიპის ამომრჩეველთა გულის მოგებაზე, ვისაც არც მიშა უნდა და არც ბიძინა, ოღონდ, არა იმიტომ, რომ ე.წ. სამართლიანობა ვერ აღდგა, არამედ, იმ მიზეზით, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლურ კურსს, ლიბერალური დემოკრატია საფრთხეშია და, პარალელურად, ეკონომიკური რეფორმებიც არ მიმდინარეობს.

თუ ეს ალიანსი შემოიკრებს კარგ ოპინიონ-მეიკერებს, პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად და მას ფინანსური რესურსიც ეყოფა, 2020 წლისათვის მისი პერსპექტივები საკმაოდ სოლიდურ იერს შეიძენს.

ივანიშვილმა თქვა, რომ ენდობა კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის დაჯგუფებას და მასზე ჩადის ფსონს... ეს ჯგუფი მას ვერ "გაუქაჩავს"... ყველა დებატში საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყველა დისკუსიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ ჯგუფის მარცხი გარდაუვალია. ივანიშვილი, ამას, ალბათ ვერ ხვდება...

ოღონდ, გარდა ზემოთთქმულისა, კონკრეტულად "ევროპულ საქართველოს" მართებს უფრო მკვეთრი და მკაფიო დისტანცირება სააკაშვილისგან, პოლიტიკოსისგან, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკრიტიკოა არა მხოლოდ წარსულის შეცდომების თუ გადაცდომების, არამედ მისივე ღირებულებების გამო.

და კიდევ უფრო მთავარი - "ოცნებაზე“ - ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში თქვა მთავარი, რომ ენდობა კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის დაჯგუფებას და მასზე ჩადის ფსონს. ივანიშვილს პრაქტიკულად აღარავინ შერჩა 2012 წლის გუნდიდან.

ვვარაუდობ, რომ პოლიტიკური იდენტობის არმქონე, წარსულში ანუ სააკაშვილის მმართველობის დროს, არაფრით გამორჩეული ეს ჯგუფი მას, ვთქვათ ასე, ვერ "გაუქაჩავს"... ანუ, ყველა დებატში საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყველა დისკუსიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ ჯგუფის მარცხი გარდაუვალია. ივანიშვილი, ამას, ალბათ ვერ ხვდება...

- რადგან ახლა ყველაზე აქტიურად "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჯერ 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებული წერილი, ხოლო შემდეგ ტვ "იმედზე" ვრცელი გამოსვლა განიხილება, ჩვენც შევეხოთ ამ თემას.

ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოითქმის. პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე აცხადებს, რომ მან საერთოდ ვერ გაიგო თუ რისი თქმა უნდოდა ივანიშვილს. თქვენ როგორ შეაფასებდით უკანასკნელ დღეებში მმართველი პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს?

- წერილი და ინტერვიუ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს შეიცავს. ერთი მხრივ, ივანიშვილი მოგვიწოდებს წარსულის დავიწყებისაკენ, ხოლო მეორე მხრივ, თავად სულ ლაპარაკობს წარსულზე.

ჩვენ ვისაუბროთ ინტერვიუზე, რომლითაც ივანიშვილმა მიგვანიშნა, რომ სრულ ნდობას უცხადებს კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძეს პარლამენტში, აგრეთვე, მაგალითად, ზარდიაშვილს, რომლის პოლიტიკურ გუნდში ყოფნაც, უკიდურესად დამაზიანებელია ამ ეტაპზე და 2020 წლისათვის სიაში რომც არ ჩასვას, ეს ბევრს არაფერს შეცვლის აღქმის თვალსაზრისით.

წერილი და ინტერვიუ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს შეიცავს. ერთი მხრივ, ივანიშვილი მოგვიწოდებს წარსულის დავიწყებისაკენ, ხოლო მეორე მხრივ, თავად სულ ლაპარაკობს წარსულზე

უფრო სამწუხაროა, რომ მურუსიძე - სიმბოლო უსამართლობისა, ჩინჩალაძე, მეთოფიშვილი და ეს კლანი ივანიშვილმა პარტნიორად აქცია. რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი? ვერ ხვდება, რომ სულ მინიმუმ დამაზიანებელია მათთან ასოცირება? ლოგიკური ახსნა თითქოს არ არსებობს და მე არ მაკმაყოფილებს ანალიზი, რომ თითქოს მას - ივანიშვილს სჭირდება გასვრილი და მორჩილი მოსამართლეები.

ჩემი აზრით, ივანიშვილი დაზაფრულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით და ხვდება, რომ "ოცნებას" ძალიან გაუჭირდება 2020 წელს გამარჯვება. ამავდროულად, იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს, მან არჩევნებზე უნდა მოიყვანოს პასიური ამომრჩეველი, რისი რესურსიც მას არ გააჩნია.

ივანიშვილი დაზაფრულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით და ხვდება, რომ "ოცნებას" ძალიან გაუჭირდება 2020 წელს გამარჯვება. ამავდროულად, იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს, მან არჩევნებზე უნდა მოიყვანოს პასიური ამომრჩეველი, რისი რესურსიც მას არ გააჩნია

შესაბამისად, მურუსიძეზე თუ ზარდიაშვილზე, ჩინჩალაძეზე თუ მდინარაძეზე ფსონის დადება სტრატეგიის ნაწილია - ივანიშვილმა წინასწარ განჭვრიტა, რომ ამის გამო მას მიატოვებდა ბესელიას ჯგუფი და გააქტიურდებოდა ვთქვათ "დაიცავი საქართველო", მაგრამ, უღირდა ამ რისკზე წასვლა იმიტომ, რომ მათთან სამომავლოდ მაინც შეკრავს ალიანსს.

როცა ვსაუბრობთ მურუსიძეზე შავგულიძესთან კონტექსტში, იმისგან დამოუკიდებლად თუ რა დამსახურებები აქვს ივანიშვილს წარსულში უნდა ვთქვათ - ლიდერი ყოველთვის მართალი არაა! ესაა კლასიკური ნიმუში, როცა ლიდერიც ცდება.

რაც შეეხება შავგულიძეს - შესაძლოა, ბევრი ამომრჩეველი მართლაც გაბრაზდა მასზე იმის გამო, რომ მან გადადგა თამამი ნაბიჯი და გააფორმა ალიანსი ბოკერიას პარტიასთან, მაგრამ, მოდი, საკითხს შევხედოთ სხვაგვარადაც.

ჯერ ერთი - "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" არის პროდასავლელ ლიდერთა გაერთიანება. მეორე - სააკაშვილისაგან დისტანცირებით "ევროპულმა საქართველომ" ღიად განაცხადა, რომ ემიჯნება ყველა იმ უმსგავსობას, რომელიც ხდებოდა არა ცხრა, არამედ, 4-5 წლის განმავლობაში, ვთქვათ ასე - 2007 წლიდან.

დღეს შავგულიძეზე გულმოსულმა ხელისუფლებამ არ გაანადგურა "თავისუფალი დემოკრატები"? არ განდევნა პოლიტიკიდან ამ პარტიის ყოფილი ლიდერი ალასანია? არ დაიწყო ზოგი ლიდერის რეპუტაციის შელახვა? ხელოვნურად არ მოიმხრო მისი დამფუძნებლების ნაწილი? მედასავლეთეებს, არ ამჯობინა კონფორმისტები და არაკვალიფიციურები ყველგან - მთავრობაში, პარლამენტში და ა.შ?

და მესამე - თუ "ევროპული საქართველოს" ლიდერების მიმართ არსებობდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, ეს დევნა ხელისუფლებას აქამდე უნდა ეწარმოებინა. რადგან არ აწარმოა (არ იგულისხმება უგულავა), სადავოც არაფერია და რომც იყოს, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება პოლიტიკური საქმიანობის, მათ შორის, იმ პირებსაც, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები.

კითხვა უნდა დავსვათ ასე - დღეს შავგულიძეზე გულმოსულმა ხელისუფლებამ არ გაანადგურა მისი "თავისუფალი დემოკრატები"? არ განდევნა პოლიტიკიდან ამ პარტიის ყოფილი ლიდერი ალასანია? არ დაიწყო ზოგი ლიდერის რეპუტაციის შელახვა? ხელოვნურად არ მოიმხრო მისი დამფუძნებლების ნაწილი? მათ - დღევანდელ ხელისუფლებასთან შედარებით კვალიფიციურებს, პრინციპულებს და მედასავლეთეებს, არ ამჯობინა კონფორმისტები და არაკვალიფიციურები ყველგან - მთავრობაში, პარლამენტში და ა.შ?

წარმოუდგენელია შავგულიძეს ედავო გირგვლიანის საქმის არაკვალიფიციურ წარმოებაში და თან, პარალელურად, რეცხო და ათეთრო მურუსიძე. ივანიშვილმა ეს წარმოუდგენელი ნაბიჯი უკვე გადადგა.

- ფაქტობრივად, ივანიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. თავის მხრივ სააკაშვილი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს ყველასთან ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარდა. ძნელი სათქმელია ემატება თუ არა „გაერთიანებულ ოპოზიციას“ მხარდამჭერები, მაგრამ ვხედვათ, რომ ისინი „ოცნებას“ აშკარად აკლდება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის არჩევნებიც ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის. თან ისე, რომ როგორც მინიმუმ 800 ათასი ამომრჩევლისთვის სააკაშვილი საფრთხობელა უკვე არ იქნება. თქვენც ფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის?

- სააკაშვილი ერთის მხრივ მართლაც აღარაა საფრთხობელა 800-900 ათასი ამომრჩევლისათვის, მაგრამ, "ოცნება" მაინც ჯიუტად ცდილობს საკუთარი უალტერნატივობის ამ საფუძველზე დამყარებას.

მეორე მხრივ, პირადად მე არ მგონია, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად სააკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის. როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. მესამე ძალაზე, მისი კონტურები მარცხნივ და მარჯვნივ უკვე გამოკვეთილია. ჩამოვასახელებ ყველა ძირითად და სავარაუდო მოთამაშეებს:

პირადად მე არ მგონია, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად სააკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის. როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. მესამე ძალაზე, მისი კონტურები მარცხნივ და მარჯვნივ უკვე გამოკვეთილია

1. „ქართული ოცნება,“ რომელშიც იქნება ბიძინა ივანიშვილი; 2. „ერთიანი ნაცმოძრაობა,“ რომელშიც იქნება მიხეილ სააკაშვილი; 3. „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ალიანსი, რომელსაც ალბათ შეემატებიან ინდივიდები და რომელსაც ექნება მნიშვნელოვანი მოთამაშის ამბიცია და 4. ინაშვილი-ბესელია-მაღრაძის ის ალიანსი, რომელსაც ალბათ შეუერთდებიან ვასაძე, "ქართული მარში" და სხვები.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ გადასალახი ბარიერის პროცენტი დაწეულია. ეს კი მინიმალურ, მაგრამ შანსს უჩენს ბურჯანაძეს, ნათელაშვილს და ა.შ. თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლება მთავრობის ფორმირების პროცესში.

რაც შეეხება თანამშრომლობას - ორივე ლიდერი ადასტურებს, რომ ნაბიჯსაც კი არ გადადგამს შეთანხმებისაკენ. ეს კი ძალიან, უკიდურესად საზიანოა ქვეყნისათვის.

- გია ხუხაშვილის აზრით, - „ივანიშვილისთვის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, რისთვისაც არანაირ მეთოდებს აღარ მოერიდება, მისი სატელევიზიო ინტერვიუ ამის დადასტურებაა“.

- ივანიშვილი მისი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენისათვის არანაირ მეთოდზე არ იტყვის უარს ერთადერთი მიზეზის გამო - მას აქვს განცდა, რომ სააკაშვილი, მობრუნების შემთხვევაში, მას დასჯის. უკლებლივ ყველა, ვინც მას აკრიტიკებს, მას სააკაშვილის აგენტებად წარმოუდგენია. ეს ეხება არა მარტო ბოკერიას, უგულავას თუ შავგულიძეს, არამედ, ბესელიასაც კი.

ივანიშვილი მისი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენისათვის არანაირ მეთოდზე არ იტყვის უარს ერთადერთი მიზეზის გამო - მას აქვს განცდა, რომ სააკაშვილი, მობრუნების შემთხვევაში მას დასჯის

ჩემს მოწოდებას რომ ვინმე უსმენდეს, მოვუწოდებდი - მიეცით ივანიშვილს უმყარესი გარანტიები უსაფრთხოებისა, მათ შორის, დასავლეთიდან და ივანიშვილი ასე არ "ჩააფრინდება" ძალაუფლებას. ოღონდ, ეს მხოლოდ პირადი უსაფრთხოების გარანტია არ უნდა იყოს... ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი კაპიტალიც და ისიც, რომ მას ეკითხებოდნენ ჭკუას ქვეყნის განვითარებაზე. ითვალისწინებდნენ მის აზრს, უჯერებდნენ მას.

რასაკვირველია, ამ უკანასკნელი გარანტიების მიცემა პრაქტიკულად შეუძლებელია მით უფრო სააკაშვილისათვის, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს - მასაც ჰგონია, რომ მისი აზრი ყოველთვის მართებულია, ისიც ფიქრობს, რომ საუკეთესო მმართველი იყო და ა.შ.

- დამკვირვებელთა უმრავლესობის შეფასებით, ზუგდიში, მთაწმინდასა და მარნეულში შუალედური არჩევნები საკმაოდ პრინციპული არჩევნებია. ზოგი უფრო შორსაც მიდის და იმაზე საუბრობს, რომ ზუგდიდის არჩევნები „სააკაშვილის ვენდეტა“ იქნება. სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიისას მომხდარი ინციდენტებიც იმაზე მიანიშნებს, რომ ზუგდიდში მართლაც სერიოზულ დაპირისპირებაა მოსალოდნელი ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს შორის.

სტრასბურგში ვიზიტისას პრემიერ მამუკა ბახტაძეს არაერთხელ უთხრეს - „ შეგიძლიათ პირობა დადოთ, რომ ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა ზედმიწევნით იქნება გამოძიებული? „შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ მომავალში არჩევნებში დარღვევებსა და ძალადობას ადგილი არ ექნება? ასეთი განცხადებების ფონზე ხელისუფლება აშკარად უფრო ფრთხილი უნდა იყოს, მაგრამ თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლებს ექნებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ეს არჩევნები ძალადობისა და ზედმეტი აყალ-მაყალის გარეშე ჩაივლის?

- პრემიერი ბახტაძე, კვირიკაშვილის მსგავსად, საკმაოდ მძიმე ვითარებაშია ამ თვალსაზრისით. კრიტიკა, რომელიც მან სტრასბურგში მოისმინა, არ გაჩერდება და მეტიც, არსებობს მოლოდინი, რომ კერზაიას მსგავსი ქეისები განმეორდება. ბახტაძეს მოუწევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ატანა მანამ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გადაწყვეტს, რომ მან თავისი თავი ამოწურა და იგი უნდა ჩაანაცვლოს მაგალითად გახარიათი.

ბახტაძეს მოუწევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ატანა მანამ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გადაწყვეტს, რომ მან თავისი თავი ამოწურა და იგი უნდა ჩაანაცვლოს მაგალითად გახარიათი

საქმე ისაა, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ სახელმწიფო, რომელშიც ბევრი უკანონობა ხდებოდა ყოველთვის და არჩევნებს ირიბად თუ პირდაპირ ყოველთვის აკონტროლებდნენ კრიმინალური ან ნახევრადკრიმინალური ჯგუფები, ამასთან, ხშირად პორტირებულები ერთი პოლიტიკური პარტიიდან მეორეში.

ამ ყველაფერს დაუმატეთ სპეც.სამსახურების კონტროლი და, მივხვდებით, რომ დემოკრატიული, სრულყოფილი არჩევნების ჩატარებიდან შორს ვართ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის როლიც. შესაძლოა, რუსეთი არ ან ნაკლებად ჩაერიოს შუალედურ არჩევნებში, მაგრამ, ეს უხილავი აქტორი, მათ შორის მის მიერ პირდაპირ თუ ირიბად მართული ტროლები, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მომხდენები, ძველი ბიჭები და ა.შ. ბევრს წყვეტენ არჩევნებზე.

არ სძინავს დასავლეთსაც, რომლისთვისაც საქართველო რჩება მთავარ პარტნიორად რეგიონში. ამის დასტურია ის პროგრამები, განსაკუთრებით სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ხორციელდება საქართველოში

ბახტაძე იქნება თუ სხვა, უბრალოდ ვერავის აღუთქვამს, რომ ამას აღმოფხვრის. პროცესები იმდენად ღრმადაა წასული, რომ მხოლოდ სურვილი ან მხოლოდ განცხადება არ კმარა. ხელისუფლების შენარჩუნებისათვისაა საჭირო მეტი კერზაია საქართველოში და მწუხარე სახეებით განცხადებების გაკეთება, რომ, აი, თურმე, რა დაგვემართა, ბლეფია.

ცხადია, ამასობაში, არ სძინავს დასავლეთსაც, რომლისთვისაც საქართველო რჩება მთავარ პარტნიორად რეგიონში. ამის დასტურია ის პროგრამები, განსაკუთრებით სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ხორციელდება საქართველოში.

- სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნება“ დატოვეს ბესელიამ, ფოფხაძემ და კვაჭანტირაძემ, ასევე შაქარაშვილმა და ჯიშკარიანმა. პოეტმა და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძემ, რომელიც აქამდე ივანიშვილისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყო, „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება დაანონსა.

ბევრი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ივანიშვილის მიერაა მართული, რომ იგი ახალ პარტიებს ქმნის იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მეტი მხარდამჭერები ჰყავდეს. გითხრათ სიმართლე, რატომღაც არ ვარ დარწმუნებული, რომ „დაიცავი საქართველოს“ ახალი სახეები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ივანიშვილის მხარდამჭერები არ იქნებიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანებს, ვინც „დაიცავი საქართველოს“ სახეებად მიიჩნევიან, არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება საქართველოს საგარეო კურსის გამო.

როგორი მოლოდინი გაქვთ - პოლიტიკურ ველზე გააქტიურებული „დაიცავი საქართველო“ იქნება თუ არა ივანიშვილის სატელიტი მოძრაობა?

- მაღრაძის "დაიცავი საქართველო" დამოუკიდებლად არანაირ ძალას არ წარმოადგენს და, შეიძლება რეზო ამაშუკელის მიერ დაფუძნებულ მსგავსი მოძრაობის დონემდეც კი დავიდეს, მაგრამ, აი, ალიანსი "პატრიოტთა ალიანსთან", ბესელიას ჯგუფთან და ვასაძესთან, რომელიც აკონტროლებს "ქართულ მარშს" და მსგავს ორგანიზაციებს, უკვე ქმნის სინერგიას.

თუ "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსს" აქვს პრეტენზია, გაამაგრონ დასავლური ფრონტი, ამ უკანასკნელ ჯგუფს ექნება პრეტენზია, იყოს "უკეთესი ოცნება".

იქნება თუ არა „დაიცავი საქართველოს“ გაერთიანება ივანიშვილის სატელიტი? ღიად და პირდაპირ - არა, მაგრამ, პრინციპულ საკითხებზე, ივანიშვილისეული გაგებით მათი სწორი პოზიციის იმედი ივანიშვილს ნამდვილად ექნება

იქნება თუ არა „დაიცავი საქართველოს“ გაერთიანება ივანიშვილის სატელიტი? ღიად და პირდაპირ - არა, მაგრამ, პრინციპულ საკითხებზე, ივანიშვილისეული გაგებით მათი სწორი პოზიციის იმედი ივანიშვილს ნამდვილად ექნება.

თუ ეს ალიანსი, დავარქვათ მას - ინაშვილი-ბესელია-მაღრაძის ჯგუფი, შედგა, მან შეიძლება გადალახოს არა მხოლოდ 3%-იანი ბარიერი, არამედ, მიიღოს ვთქვათ 8-10 %-იც კი. ამ შემთხვევაში, "ოცნებას" ეყოფა 42-43 %-იც და ფორმალურად კოალიციური მთავრობაც შედგება.

ამ სცენარის შემთხვევაში - კობახიძე გადაეხვევა ბესელიას, თალაკვაძე - ფოფხაძეს... ზარდიაშვილი სადმე ელჩად იქნება გამწესებული... მურუსიძე - პენსიაზე და მაღრაძე ვთქვათ კულტურის მინისტრად.

"ოცნებისეული" გადმოსახედით - იდეალური ვარიანტია.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ განახლებული „დაიცავი საქართველო“ აღმოჩნდება ანტიდასავლური კურსის მხარდამჭერთა ფლაგმანი და თუ მას სხვა ამ ტიპის პოლიტიკური ძალებიც შეუერთდნენ, სწორედ ის აღმოჩნდეს ის მესამე ძალა, რომლის გაჩენაზე ბოლო რამდენიმე წელია ბევრს საუბრობენ?

- ამ კითხვას ნაწილობრივ უკვე გავეცი პასუხი. ჩემს მიერ წარმოდგენილი სცენარი მხოლოდ ჰიპოთეზაა და, ცხადია, არ აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე.

აი, ჭეშმარიტება კი ესაა - არც ერთი პოლიტიკოსი არც ერთი პოლიტიკური, მათ შორის, დასავლური ცენტრიდან არ არის მედასავლეთე თუ ღირებულებებზე ამბობს უარს კონიუნქტურის ან ტაქტიკური მოსაზრებების გამო.

მხოლოდ განცხადება, რომ ჩვენ გვინდა დასავლეთთან ალიანსი, არ კმარა. აუცილებელი პირობაა მკვეთრად ანტირუსული და ლიბერალური განცხადებებიც.

"რუსული თუ ანტიდასავლური ფრონტის" გახსნისათვის არაა აუცილებელი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი... ამ ფრონტის გახსნისთვის საჭიროა აპელირება "ყოველივე ქართულზე", ყალბ ქრისტიანობაზე... სიძულვილი და არაშემწყნარებლობა და ა.შ. ესაა და ეს

ეს პრობლემა აქვს არათუ, მაგალითად, ვატო შაქარაშვილს თუ დავით მაღრაძეს, არამედ, მიხეილ სააკაშვილსაც კი.

ჩვენ ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ლიბერალურ დემოკრატიასა და დასავლურ განვითარებას შორის. მეტიც, საგარეო პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ არავის გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ბალანსის პოლიტიკას მივსდევთ.

... და კიდევ - არსებობს მხოლოდ დასავლური და რუსული პოლიტიკა, საგარეოც და შიდაც. არ არსებობს არანაირი "ქართული პოლიტიკა" და ვინც ამტკიცებს, რომ ეს უკანასკნელი გულისხმობს ჩვენი იდენტობის დაცვას, უნდა ვუთხრათ - იდენტობა საუკეთესოდაა დაცული სწორედ დასავლეთში, იქ, სადაც ლიბერალური დემოკრატიაა.

თქვენ გსურთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი?

გიპასუხებთ ასე - ისე, რომ მის ლიდერებს არც ეცოდინებათ, "დაიცავი საქართველო" იქნება ანტიდასავლური ფრონტის ფლაგმანი ან მონაწილე არა იმიტომ, რომ მის რომელიმე წევრს ვერჩი, ან ვებრძვი - არა... ჩემი ნაცნობებიც არიან ამ გაერთიანებაში. უბრალოდ, მათეული წარმოდგენები ლიბერალურ დემოკრატიაზე და კონსერვატიზმზე, მათ ურთიერთმიმართებაზე, არასწორია.

"რუსული თუ ანტიდასვლური ფრონტის" გახსნისათვის არაა აუცილებელი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი... ამ ფრონტის გახსნისთვის საჭიროა აპელირება "ყოველივე ქართულზე", ყალბ ქრისტიანობაზე... სიძულვილი და არაშემწყნარებლობა და ა.შ. ესაა და ეს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა