ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა - გვსურს კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის, ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. მისივე თქმით, მხარეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

„კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. სხვადასხვა საკითხი გავიარეთ. განვიხილეთ საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარება, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით მყარ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს. ვისაუბრეთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერაზე იმ კონტექსტში, რომ რუმინეთი 2020 წელს ხდება ევროკომისიის თავმჯდომარე და ხაზი გავუსვით აღნიშნული ინიციატივის მიზნების მიღწევას. დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს,“ - აღნიშნა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ.

მისივე თქმით, რუმინეთს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება უფრო მეტად სურს.

„რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს ვცემთ. ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რათა უფრო დინამიური გახდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა, გაიზარდოს ექსპორტი რუმინეთიდან საქართველოში და აღვნიშნეთ, რომ ასეც იყო გასულ წლებში. გვსურს, რეგულარული გახდეს მთავრობათაშორისი კომისია, რათა არსებული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იქნება ეს ტურიზმი თუ ხალხთაშორისი კავშირები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს დავუჭერთ რუმინულ კომპანიებს, რათა კარგად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს აქვს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კასპიის ზღვა-შავი ზღვის პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც არის თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ერთობლივი პროექტი. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობა, რაც დიდი პოტენციალის მქონე სფეროა,“ - განაცხადა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება განათლების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია.

„ვისაუბრეთ განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებზე. ეს ხაზს უსვამს ქართველი და რუმინელი ხალხების კავშირებს და მინდა, სიხარულით აღვნიშნო ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დაიბადა საქართველოში და შუა საუკუნეების რუმინული კულტურის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ჩვენ მას უნდა ვუმადლოდეთ სტამბის დაარსებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი სტუმრობისთვის პრემიერ-მინისტრს. საქართველო მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი და დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა გახდება კიდევ უფრო ძლიერი და როგორც ქართველი, ასევე რუმინელი ხალხისთვის ძალიან სასარგებლო შედეგებს გამოიღებს,“ - განაცხადა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა