თედო პაატაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და ახალგაზრდობას ღია წერილით მიმართავს (R)

ნება მიბოძეთ შეგახსენოთ ქართული ეროვნული მოძრაობისა და უზენაესი საბჭოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის რამოდენიმე მომენტი. მით უფრო, რომ ამ პერიოდისათვის თქვენ საქართველოში არ ბრძანდებოდით. ვფიქრობ ეს არც ახალგაზრდა თაობისათვის იქნება უსარგებლო და უინტერესო.

1989 წლის 9 აპრილი უდავოდ განსაკუთრებული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. სწორედ 9 აპრილმა დაანახა თვალნათლივ ქართულ საზოგადოებასა და მთელ მსოფლიოს რომ ქართველი ერი საბჭოეთის შემადგენლობაში აღარ იცხოვრებდა და რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა.

10 აპრილს შეიქმნა "ეროვნული ხსნის კომიტეტი", რომლის წინაშეც სამი ძირითადი ამოცანა იდგა მსოფლიოს გაეგო სიმართლე თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, ეროვნული მოძრაობის დაპატიმრებულ ლიდერთა განთავისუფლება და თავიდან უნდა აგვერიდებინა თბილისის უბნებში არსებული თუ რეგიონებიდან ჩამოსული პატარ-პატარა შეიარაღებული ჯგუფების დედაქალაქში აშკარად გამომწვევად მოსეირნე საბჭოთა პატრულებზე თავდასხმა რაც ერთგვარად გაამართლებდა მათ მიერ ჩადენილ მხეცობას.

ერთ მუშტად შეკრულმა ქართულმა საზოგადოებამ (ღმერთმა ინებოს და იქნებ კიდევ მოვესწროთ ქართველთა მსგავს ერთსულოვნებასა და შობადობის იმ პიკს, რომელიც 9 აპრილის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა) "ეროვნული ხსნის კომიტეტთან" ერთად წარმატებით გაართვა თავი სამივე ამ ამოცანის შესრულებას.

სწორედ 9 აპრილის სობჩაკის კომისიის საკითხის განხილვას მოჰყვა საკავშირო უზენაეს საბჭოში უპრეცენდენტო შემთხვევა. საკავშირო დეპუტაციის უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი. ამავე საკავშირო სესიაზე მოხდა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დაგმობა, რამაც საფუძველი დაუდო ბალტიის ქვეყნების განთავისუფლებას. ასე რომ 9 აპრილი არა მარტო საქართველოსთვის გახლდათ უაღრესად მნიშვნელოვანი.

სწორედ 9 აპრილის შემდგომ გახდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომლის ავტორიტეტი უპირველესად სწორედ სიმართლესა და მორალურ სიძლიერეს ეფუძნებოდა.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი საქართველოსათვის გახლდათ ის თუ მიზნისაკენ რომელი გზით გვევლო საქართველოს მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ პერმანენტული აქციების, მუდმივი ხისტი პრესინგის მეთოდი, რომელიც ერთობ ეფექტურიც გახლდათ (მაგალითისათვის ალბათ საქართველოს წვევანდელთა საბჭოთა ჯარში არგაწვევის საკითხის გადაწყვეტის გახსენებაც კმარა, რომელიც უამრავი აქციისა და შიმშილობის შედეგად დადგა). თუ არჩევნებში მონაწილეობისა და არჩევნებით კომუნისტების დამარცხების გზა.

ეროვნული მოძრაობისათვის პრაქტიკულად მიუღებელი იყო რა ყოველივე საბჭოური, არჩევნების გზას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. საკითხს ართულებდა ისიც, რომ იმ დროისათვის საბჭოთა დისიდენტური თუ ქართული ეროვნული მოძრაობის უდავო ავტორიტეტი მერაბ კოსტავა ცოცხალი აღარ იყო.

საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფილარმონიაში გამართულ ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე სადაც ორგანიზაციათა შედარებით მცირე ჯგუფმა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით (იყო კიდევ "სახალხო ფრონტი" და "რუსთაველის საზოგადოება") არჩევნების გზა ავირჩიეთ.

იმისათვის, რომ კომუნისტურ არჩევნებში მონაწილეობა ჩვენთვისაც მორალურად გამართლებული ყოფილიყო, უნდა გვეიძულებინა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რომელიც ზემოდან საკავშირო ხელისუფლების წნეხს განიცდიდა, რამოდენიმე წინაპირობა შეესრულებინა: ოფიციალურად ეღიარებინა 1921 წლის თებერვლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტი, დაენიშნა საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, 202-ით განესაზღვრა ახალ უზენაეს საბჭოში დეპუტატთა რაოდენობა და მიეღო ისეთი საარჩევნო კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ორგანიზაციებს მაშინ მოქმედი საბჭოური კონსტიტუციის აღიარებას არ დაავალდებულებდა.

უზარმაზარი ძალისხმევის, აქციებისა და მოლაპარაკებების შედეგად ყველა ეს პირობა შესრულებულ იქნა.

არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა "მრგვალი მაგიდის" წინასაარჩევნო პროგრამებზე. ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობდა ჯგუფი ბ-ნი კოკი გუგუშვილ-გურჯისტანისა (ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის პირველი მეუღლე) და გია მაისაშვილის ხელმძღვანელობით. პოლიტიკურ პროგრამაზე ძირითადად შემდგომში „ქარტია-91“-ად წოდებული ჯგუფი. (ცნობისათვის ეს ორგანიზაცია გახურებული ძმათა-მკვლელი ომის დროს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და მისი სრული დასახელება “ქარტია-91“ საქართველოში საყოველთაო სამოქალაქო მშვიდობისათვის გახლდათ).

ვაცნობიერებდით, რა არსებულ საფრთხეებს გამოვაცხადეთ „გარდამავალი პერიოდი“, შევცვალეთ კონსტიტუცია, შემოვიღეთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, საყოველთაო არჩევნებით ავირჩიეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საკავშირო რეფერენდუმის, რომელიც მოდერნიზებული კავშირის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად საპირისპიროდ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩავატარეთ რეფერენდუმი აფხაზეთსა და ცხინვალის ოლქში შთამბეჭდავი შედეგებით. სამწუხაროდ დღეს რეფერენდუმის ფაქტი თუ მისი შედეგები უსამართლოდ არის მივიწყებული.

სწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე დაყრდნობით გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 9 აპრილს.

იუნკერებისა თუ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა თავგანწირვის შემდეგ პოსტსაბჭოთა საქართველოშიც უამრავი სისხლი ვღვარეთ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 9 აპრილს გაღებულ მსხვერპლს მოჰყვა საქართველოსთვის (და არა მხოლოდ ჩვენთვის) დადებითი შედეგი. ამასთან 9 აპრილს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ დროის ქრონოლოგიური თვალსაზრისით უკვე თითქმის ათჯერ გადაასწრო 1921 წლის 26 მაისს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას და იმედია აღარასოდეს დაგვიდგება 25 თებერვალი. ამდენად, ალბათ უფრო სამართლიანი იქნება თუ დღევანდელი, მით უფრო კი მომავალი თაობა საქართველოს დამოუკიდებლობას 9 აპრილს იზეიმებს.

ჯერ კიდევ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ვაწარმოებდით ერთობ რთულ და მრავალრაუნდიან მოლაპარაკებებს. მაგალითად, ე.წ. თურქი მესხების საკმაოდ აგრესიულ ფრთასთან, რომელსაც სარვაროვი მეთაურობდა. ს.უ.კ.-ი ყოველმხრივ აქეზებდა მათ რათა ჯავახეთში მუსულმანთა მასობრივი ჩამოსახლებით დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი საქართველოსათვის დამატებითი პრობლემები შეექმნა. ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებს გელა ჩორგოლაშვილი უძღვებოდა. შედეგად დაიდო დოკუმენტი, რომელშიც ორივე მხარე თანხმდებოდა, რომ ამ საკითხის განხილვა, მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში ცხინვალის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

ქართულ-ოსური კონფლიქტი სუკის დავალებით, ცხინვალის ცენტრში "მრგვალი მაგიდის" ოთხი წევრის ტყვიამფრქვევებით დახვრეტის შემდეგ დაიწყო. ისინი მანქანაში ისხდნენ, ორს ეძინა და ლიახვის ხეობიდან მეორე მანქანას ელოდებოდნენ.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა თავი რესპუბლიკად გამოაცხადა, ანუ გავიდა ჩვენი კონსტიტუციური სივრციდან, უზენაესი საბჭო იძულებული გახდა გაეუქმებინა ოლქის სტატუსი. სერიოზული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ ყაზბეგში ჩამოსულმა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც ცხინვალის რეგიონი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად იყო მოხსენიებული.

სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდია, რომელიც ერთ-ერთი ავტორი გახლდათ ერთიანი კავკასიური სახლის იდეისა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უფრო დისიდენტად დარჩა, ვიდრე დიპლომატად თუ სახელმწიფო მოხელედ, რომელსაც უმძიმესი გამოცდილება ჰქონდა ს.უ.კ.-ის ჯურღმულებში ყოფნისა, რომელსაც პირადი მეგობრობა აკავშირებდა ჯოხარ დუდაევთან კავკასიური წესით ძმებად იყვნენ შეფიცულნი შეუძლებელია აღფრთოვანებული არ ყოფილიყო დუდაევის მეთაურობით ჩეჩენი ხალხის თავგანწირული ბრძოლისა და განსაკუთრებით, ამ ომის პირველი პერიოდის ჩეჩენთა საოცრად წარმატებული სამხედრო ოპერაციებით. აკაკი ასათიანი ცოცხალი მოწმეა იმ მრავალჯერადი სატელეფონო კონსულტაციებისა, რომელსაც ჯოხარ დუდაევი ზვიად გამსახურდიასაგან იღებდა სწორედ იმ დღეს, როდესაც გროზნოში მრავალათასიანი მიტინგის მხარდაჭერით, ერთი გასროლის გარეშე აიღო ძალაუფლება ხელში.

ზვიადმა ირწმუნა, რომ საბჭოთა კავშირის დემონტაჟს უცილოდ მოჰყვებოდა რუსეთის იმპერიის რღვევაც და ყოველმხრივ ცდილობდა ამ პროცესის ხელშეწყობას.

სწორედ ეს გახლდათ ჩვენს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი, როდესაც ჩვენმა არგუმენტმა ჯერ საკუთარ „ავადმყოფს“ ვუპატრონოთო არ გაჭრა გადავწყვიტეთ დახმარებისათვის იმ დროს ერთადერთი ზესახელმწიფოსათვის ამერიკისათვის მიგვემართა, რომელსაც ელცინის რუსეთზე უზარმაზარი ზეგავლენა ჰქონდა. სწორედ, პრეზიდენტ ბუში უფროსის დავალებით ჩამობრძანდა თბილისში პრეზიდენტი ნიქსონი, რათა ზვიადი დაერწმუნებინა, რომ დასავლეთს ჯერ სსრკ-ს დემონტაჟის პრობლემები არ მოეთავებინა და რომ ამერიკა ამ ეტაპზე რუსეთის რღვევას მხარს არ დაუჭერდა (ნიქსონის ვიზიტი ძირითადად უზენაესი საბჭოს "კომაროველმა" დეპუტატმა მერაბ ურიდიამ მოამზადა უნიჭიერესმა კაცმა, რომელიც ორი პარლამენტის თითო სესიაზე თითო „ისტორიულ“ სიტყვას მაინც ამბობდა ღმერთმა აცხონოს). სწორედ საქართველოდან ნიქსონის ამერიკაში დაბრუნების შემდეგ განაცხადა უფროსმა ბუშმა „გამსახურდია დინების აღმა მიცურავს“-ო.

შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, ყველაზე საშინელი კი ძმათამკვლელი ომის გაჩაღება იყო, რომელიც დაიწყო და მიმდინარეობდა რუსული სპეცსამსახურების ძირითადად სამხედრო დაზვერვის (Г.Р.У.)-ს წაქეზებითა და მონაწილეობით. მეტიც, ერთმანეთს ტყვია ვესროლეთ თუ არა, როგორც ოპოზიციასთან ისე ხელისუფლებასთან კონტაქტში მყოფი რუსი ოფიცრების რანგი გენერლიდან კაპიტნამდე დავიდა, რადგან საქმე ერთ „კამაზ“ იარაღსა და ტყვია-წამალს ეხებოდა რომელ მხარესაც მისცემდნენ ბრძოლის სასწორიც იმ მხარეს იხრებოდა. კალაშნიკოვის ერთი ტყვია ერთი დოლარი ღირდა. რუსები თან დიდ ფულს შოულობდნენ, თან ერთმანეთს გვახოცინებდნენ, მაქსიმალურად რომ დავსუსტებულიყავით.

მადლობა ღმერთს, რომ ზვიადი, როგორც ჭეშმარიტი ქართველი და ქრისტიანი (შეიარაღებული ოპოზიციის ლიდერთა რელიგიურობასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ) მიხვდა რაც გვჭირდა და თბილისის ომის დაწყებიდან (22 დეკემბერი) ორ კვირაში, შობა ღამეს გავიდა საქართველოდან თუმცა ბრძოლის გაგრძელების ყველანაირი რესურსი ჰქონდა. მეტიც ზვიადი ერევნის ნაცვლად დასავლეთ საქართველოში რომ გადმოსულიყო და ჯოხარ დუდაევისათვის დახმარება ეთხოვა საქართველოში სამოქალაქო ომი ალბათ წლები გაგრძელდებოდა. უღრმესი მადლობა მის ხსოვნას თვითშეწირვის ამ საოცარი აქტისათვის და გულწრფელად ვითხოვ პატიებასა და შენდობას ყველა იმ ტკივილისათვის რაც მისთვის მიმიყენებია.

ედუარდ შევარდნაძეს პირისპირ პირველად იმ საღამოს შევხვდი (შეხვედრა თეიმურაზ სტეპანოვ-მამალაძემ მოგვიწყო), კაკო ასათიანი სსრკ-ს უზენაესი საბჭოს სესიაზე მართლაც ისტორიული სიტყვით რომ გამოვიდა. მის „ქალბატონებო და ბატონებოს“, „ამხანაგებოს“ დაჩვეული დარბაზის გუგუნი მოჰყვა. შემდეგ კაკომ მათ კანადის კვებეკის პროვინცია შეახსენა და ადამიანურობისაკენ მოუწოდა. მეორე დღეს უკვე კაკო და მე ვესტუმრეთ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ამ შეხვედრებს შედეგად ის მოჰყვა, რომ ა.შ.შ-ის კანადის და ევროპელ ლიდერთა 1990 წლის 19-21 დეკემბრის პარიზის სამმიტზე აღმოვჩნდი. ჩემთვის მისაღები დელეგაციის წევრის სტატუსი, სულ ახალგაზრდა იგორ ივანოვთან ერთად შევარჩიეთ (შემდგომში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი).

მეგზურობას მსოფლიო დიპლომატიის ამ ფორუმზე შევარდნაძისავე დავალებით ალექსანდრე ჩიკვაიძის უმცროსი ვაჟი დავითი მიწევდა. თვალადტანად, განათლებითა თუ ოჯახიშვილობით აშკარად გამორჩეული ალბათ 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც მაშინ გაეროს საბჭოთა წარმომადგენლობაში მუშაობდა. ასე რომ სამმიტში მონაწილე დელეგაციებს, რომლებსაც ძალზედ აინტერესებდათ კავშირში პირველი ანტისაბჭოთა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ქართულად ვესაუბრებოდით. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთ საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელთა შორის, რომლებიც ბოლო მომენტში პრაქტიკულად ჩემს გამო, დაემატნენ გორბაჩოვ-შევარდნაძის ძირითად დელეგაციას, მხოლოდ მე და დათოს გვქონდა სამფეროვანი "ბაჯი", რომელიც სამმიტის სამივე დარბაზში შესვლის უფლებას გვაძლევდა.

სამმიტის პირველივე შესვენებაზე ერთი ჩვენთვის საინტერესო კურიოზი მოხდა. სასახლის დერეფანში „პოდრუჩკ“-ით მომავალი მიტერან-გორბაჩოვის წყვილი შეჩერდა და რაღაც ჩოჩქოლივით ატყდა. სამმიტს ესწრებოდა ბალტიის საბჭოთა რესპუბლიკათა 12 კაციანი დელეგაცია, რომლებიც იქ დასწრებას სკანდინავიის ქვეყნების მეშვეობით სამი თვის განმავლობაში „ჩალიჩობდნენ“ ერთ-ერთმა მათგანმა გორბაჩოვს რაღაც რეპლიკა ესროლა. გორბაჩოვმა დარბაზში შესვლაზე უარი თქვა. ბალტიელებს სასახლის დატოვება მოსთხოვეს ისინი იატაკზე დასხდნენ და ყვირილი დაიწყეს შიმშილობას ვაცხადებთო (ეროვნულ მოძრაობათა ნაცადი მეთოდი). ხუთ წუთში სასახლის ვიტრინებთან მომდგარ რაფის ტიპის მანქანებში კარტოფილის ტომრებივით შეაწყვეს ბალტიელები მე და დათო სიცილს ვერ ვიკავებდით და სამმიტი გაგრძელდა.

იმავე საღამოს დანიშნული მაქვს შეხვედრა, ჩემს კოლეგა ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ემანუილ ზინგერსისთან, ახალგაზრდა ფრანგი ანტისაბჭოთა გოგონას პაწაწინა მანსარდულ ბინაზე. პარიზში ჩემი პატრონი ქალბატონი ზეინაბ კეიდია ზურაბიშვილისა იყო, რომელიც ადრე გავიცანი, როცა მისივე დიდი ძალისხმევით ქართულმა ემიგრაციამ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები საფრანგეთში დაგვპატიჟა.

შეხვედრაზე გასაგები მიზეზების გამო ზინგერსისმა ორი საათით დააგვიანა, ოდნავ ვღელავ, ჩემს ბალტიელ ანტიკომუნისტ კოლეგებს სამმიტის სასახლეში პროტესტისას გვერდით რომ არ მივუჯექი. ოთახში შემოსული ემანუელი თან მიტერანს ლანძღავს, თან ბოდიშს გვიხდის დაგვიანებისათვის და თან ფეხსაცმელს იხდის. არა და სან-დიეგოში ნაყიდი „ინსპექტორები“ მაცვია თოფიანი ყაჩაღი რომ ვერ გამხდის. არჩევნებამდე ზვიადმა სან-დიეგოში ვალერი ასათიანის ხელმძღვანელობით მიმავალ კულტურის მოღვაწეთა დელეგაციას გაგვაყოლა ამათ ამერიკაში კომუნისტური არაფერი წამოსცდეთო. ამ დროს დელეგაციის ყველა წევრი ჩვენზე დამსახურებული ქართველი და 9 აპრილის შემდეგ ჩვენზე არანაკლები ანტისაბჭოელი იყო. ზინგერსისთან დიდხანს ვისაუბრეთ, დამშვიდობებისას ემანუელი მეუბნება თქვენში 100% ვარ დარწმუნებული თქვენი პოზიციის სისწორეში კი ოთხმოცითო.

თუ კი ლიტვის დამოუკიდებლობა გამოცხადებული პარლამენტის წევრი არ უკადრისობთ საბჭოთა პასპორტით მოგზაურობას, მე, ჯერ მხოლოდ „გარდამავალი პერიოდის“ გამომცხადებელი პარლამენტის წევრმა პარიზში საბჭოთა საელჩოს საპატიო სტუმრის სტატუსი რატომ ვიუკადრისო-მეთქი. ამით დამთავრდა ჩვენს შორის "გაუგებრობა". მოგვიანებით, ვილნიუსისა და რიგის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ (1991 წ. იანვარი) ზინგერსისი მირეკავს და ნახევრადხუმრობით მეუბნება ემიგრაციაში წასვლა რომ დაგვჭირდეს, ხომ შეგვიფარებთო. ეროვნული მოძრაობისა და უზენაესი საბჭოს წევრთაგან ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ სანამ ერთმანეთს ტყვიას ვესროდით, ბალტიელები დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ ჩვენ გზას უფრო რაციონალურად და გამართლებულად მიიჩნევდნენ, ვიდრე საკუთარს.

ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ურთულეს დროს დაბრუნდა. სტალინის შემდგომი მსოფლიოს უდიდესი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც სტალინისავე შედევრს უზარმაზარ მსოფლიო იმპერიას წერტილი დაუსვა. შევარდნაძე უდაოდ გახლდათ კულუარული პოლიტიკის დიდოსტატი, რომელიც არასაჯარო პოლიტიკის ყველა მეთოდსა თუ ხრიკს ვირტუოზულად ფლობდა. 10-15 წლის წინანდელი პირადი საუბრისა თუ პარლამენტში ნათქვამის ისეთ დეტალს გაიხსენებდა, გაგაოგნებდა, თანაც საოცარი გურული იუმორის გრძნობა გააჩნდა.

იმ დროს საქართველოშიც და მის გარშემოც ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ღია-საჯარო პოლიტიკით ფონს ნამდვილად ვერ გავიდოდით. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ, თბილისში ნამყოფი ეიმსის გამოაშკარავებას რუსეთმა თბილისში ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უწყინარი უფროსის ვუდროფის მკვლელობით უპასუხა. მისი ცხედარი სამშობლოში თვით ც.ს.ს-ის უფროსმა რობერტ გეიტსმა პირადად გადაასვენა. რუსებს ანიშნეს თქვენი „მესიჯი“ გასაგებიაო. იგი თვითმფრინავის ტრაპს არ მოცილებია შევარდნაძე მას მისსავე თვითმფრინავში ესაუბრა.

მთავარი შეცდომა, რომელიც საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ დაუშვა ალბათ ის იყო, რომ გრაჩოვის წინადადებას არ დათანხმდა და ს.ნ.გ.-ში მაშინ არ შეგვიყვანა, როცა ფრონტის ხაზი გუმისთაზე გადიოდა. საბაბი ბათიაშვილი და ყარყარაშვილი ვერ დავითანხმეო, არასერიოზულია. რაც შეეხება მისთვის ცოცხალი ზვიადის სახით არსებულ უზარმაზარ პრობლემას, რუსეთი ს.ნ.გ.-ში შესულ შევარდნაძეს ზვიადის წინააღმდეგ, ბალტინის არმადას, ყოველთვის დაახმარდა, რადგან რუსეთისათვის გამსახურდია გაცილებით მიუღებელი იყო, ვიდრე შევარდნაძე. ამასთან დაკავშირებით, მას ჯერ პირადად ვესაუბრე, შემდეგ ბიუროზე (მახსოვს თენგო გაზდელიანი მეჯდა გვერდით და ფეხს მირტყავდა რა გინდა გაჩერდი ბიჭო ხომ ხედავ აღი-არა შეცდომაო), ბოლოს კი პლენარულ სხდომაზე მოვახსენეთ რასაც მისი მხრიდან იშვიათად თავშეუკავებელი რეაქცია მოჰყვა მიკროფონიდან გვიყვიროდა არ გაპატიებთ მე თქვენ ამასო.

სხვა მხრივ შევარდნაძე ღიად და საჯაროდ ვერც იმაზე ისაუბრებდა, თუ რატომ დავიმოწმეთ თურქეთ-საქართველოს ახალ "ჩარჩო" ხელშეკრულებაში, რუსეთ-თურქეთის ყარსის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც აჭარას ეხებოდა, ვერც იმას, თუ რატომ დავთმეთ არაფრისფასად რუსეთთან ე.წ. "ნულოვანი ვარიანტი".

სსრკ-ს უცხოეთში არსებული უზარმაზარი ქონებიდან ჩვენი წილი. ვერც იმას, რომ იოსელიანისა და კიტოვანის დაჭერას აპირებდა, ვერც გია ჭანტურიას უმოწყალო დახვრეტის რეალურ მიზეზებზე ვერც გილაევის რაზმის კოდორში გადაყვანაზე რომ არა 2001 წლის 11 სექტემბერი. აფხაზეთში პროცესები შესაძლოა ერთობ საინტერესოდ წარმართულიყო ბედი არ გვწყალობს ქართველებს 1945-ში ხიროსიმა და ნაგასაკის ტრაგედიამ შეგვიშალა ხელი. 2001-ში კი 11-მა სექტემბერმა. სანამ არ მოაგვარა, ღიად ვერ ბაქო-ჯეიხანის პროექტზე იტყოდა რამეს, ვერც "ნაცებზე" ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადაბარების რეალურ მიზეზებზე და ალბათ ძალიან ბევრს სხვა რამეზე. ის შევარდნაძე იყო, და ამ ყველაფრის გაკეთება შეძლო.

სააკაშვილის ხელისუფლებაზე ძალზედ მოკლედ ვიტყვი. პირველ რიგში უნდა ვაღიარო, რომ ის ქართულ პოლიტიკაში "ქარტია-91"-ის გავლით შემოვიდა. ნაცებმა რომ აკადრეს ქართველი ხალხს მსგავსი 1937 წლის მერე არც ერთ ხელისუფლებას არ უკადრებია. ციხეები ჯერ კონცლაგერებად საწამებელ კამერებად აქციეს, შემდეგ კი უდანაშაულო ხალხით გაავსეს. მოსახლეობის სრული ფსიქიკურ-ქონებრივი დატერორების მიზნით, 37-იანი წლების „ტროიკებ“-საც კი რამოდენიმეჯერ ჩამორჩნენ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით. „სულთანს“ თანამდებობის მაძიებელთა რიგები ედგა, მორჩილებისა და ერთგულების ტესტი ადვილად რომ გაევლოთ.

რაც შეეხება ჩვენს უმთავრეს, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, მას ახალი - სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიები ე.წ. „ქვების გროვები“ დაემატა და „წერტილიც დაესვა“, როგორც ამასწინათ ეს ზურაბ აბაშიძემ ბრძანა (ვუდასტურებ მას ჩემს პატივისცემას).

დღევანდელის ჩათვლით სიტყვიერად საქართველოს ყველა ხელისუფლება აღიარებდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ფუნქცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კეთილმეზობლობის, კულტურულ-ეკონომიკური აღმავლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციაა.

და არა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, თუნდაც უფრო პროგრესული და პირობითად ძლიერი დასავლეთის მხარეს საომარ ავანგარდში პირველ ხაზზე ყოფნა.

თავის დროზე, საშუალება მქონდა გავცნობოდი ნატო-საბჭოთა კავშირის უშუალო შეხების ხაზზე თურქეთის მესამე საველე არმიის (ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი) და საბჭოთა სამხრეთის სამხედრო ოლქის, რომელშიც ამიერკავკასიის სამხედრო „ოკრუგი“-ც შედიოდა სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს.

კრიზისის დაწყებიდან 24 საათში თურქებს უნდა აეღოთ ერევანი, ხოლო შეტევის სამი სტრატეგიული მიმართულებიდან ორი საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა. საბჭოთა სამხრეთის დაჯგუფების მთავარი ამოცანა იყო, არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ საბრძოლო მოქმედებათა თეატრის კავკასიონის მიღმა გავრცელება. საბჭოთა სამხედრო დაზვერვა სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში არ გამორიცხავდა კავკასიონის ძნელადსაკონტროლებად უღელტეხილებზე ატომური „მიკრო“ ნაღმების აფეთქებას! მას შემდეგ 25 წელზე მეტია გასული, მაგრამ არა მგონია რუსეთ-ნატო-თურქეთის კრიზისულ სცენარებში რაიმე პრინციპულად შეცვლილიყო.

სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, არა მხოლოდ საქართველოსათვის დამღუპველ – რუსეთთან არდალაპარაკების სააკაშვილ-ბოკერიესეული პოლიტიკა.

ამ პოლიტიკის შედეგებს მხოლოდ მაშინ შეიძლება ველოდოთ, როდესაც რუსეთის დანგრევის შედეგად, თურქეთიც ისე დაზარალდება, რომ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალს სოჭის მხარესა და ტაო-კლარჯეთსაც დავიბრუნებთ.

ანდა უნდა ველოდოთ იმას, თუ ხანდაზმულობისა და ნატო-ევროკავშირის `თაფლაკვერის’ სანაცვლოდ, როდის იტყვის გაბეზრებული და სრულიად გაუცხოებული (აფხაზეთში არნამყოფი) საქართველოს მოსახლეობა ამ ძირძველ ქართულ ტერიტორიაზე უარს. მოხდება ის რაც არაერთხელ მომხდარა მსოფლიო პოლიტიკის დიდი მოთამაშეები ჩვენს ხარჯზე გარიგდებიან.

რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს ოცნების პოლიტიკის ძირითად ხაზად „ნაცების“ ინტრიგებზე რეაგირება?!

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად აფხაზები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში ჩავარდნენ. დღეს ისინი რეალურად დგანან ფიზიკური გაქრობის საფრთხის წინაშე. აფხაზეთში უკვე უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზი. ამას თითოეული აფხაზი აცნობიერებს. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა აფზახები მიწებს დღემდე არ ყიდიან - ამბობენ ანქვაბი და ბაგაფში ამ თემას შეეწირნენო. და თუ ჩვენ აფხაზებს ძმებად მივიჩნევთ მომხვდურ მტერთან უამრავ ერთობლივ ბრძოლას რომ თავი დავანებოთ, გურიელები რომ გვღალატობდნენ შერვაშიძეები ჩვენ გვერდით იდგნენ და მათ აფხაზეთის ავტოქტონურ მოსახლეობად ვთვლით. მათი ფიზიკური გადარჩენა ქართველებს ისტორიულად, მორალურად და თუ გნებავთ ღვთის წინაშეც გვევალება. მდგომარეობა იმდენად კატასტროფულია, რომ არაორდინალური ერთობ მტკივნეული სახელმწიფოებრივი ინიციატივის გარეშე საქმეს ვერ ვუშველით.

და რადგან ჩვენდა საუბედუროდ, დიდწილად ჩვენივე ბედოვლათობით ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს დაფუძნების ისტორიული შანსი პრაქტიკულად დავკარგეთ. იქნებ აფხაზურ-ქართული სახელმწიფოს დაფუძნების შანსი მაინც არ გავუშვათ ხელიდან - სანამ ის ჯერ კიდევ არსებობს.

ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს აღდგენის რეალური შანსი დაგვანახოს ვინმემ და... პირადად მე ხელ-ფეხს დავუკოცნი.

თავი თუ არ შეგაწყინეთ, იმ რამოდენიმე გარემოებასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, რომ-ლებიც ჩემი აზრით, აფხაზურ-ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას სავსებით რეალურს ხდის. შიდა გარემოებებით დავიწყებ:

საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ქალი პრეზიდენტი, რომელთან დაკავშირებითაც პირველი ტურის შემდეგ ფეისბუქში ვწერდი და ეხლაც გავიმეორებ. სალომე ზურაბიშვილი დღეს მოქმედ, გნებავთ ყოფილ, პოლიტიკოსთა შორის ერთადერთია, ვისაც „ცივი ომის“ დროს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა სპეცსამსახურების მრავალწლიანი დაკვირვება აქვს გამოვლილი, უპირველესად სწორედ რუსეთთან არაჯანსაღი ურთიერთობების თვალსაზრისით. მრავალი წელია ვიცნობ პირადად მას, მის პირველ მეუღლესა თუ ძმას, ვიცნობდი მის არაჩვეულებრივ დედას ქალბატონ ზეინაბს და მის მეუღლეს ბატონ ჯანრი კაშიას. მთელი საქართველო იცნობს მის უახლოეს წინაპრებს, ნიკო ნიკოლაძესა და სპირიდონ კეიდიას. მე პირადად მის პატრიოტიზმში, კეთილსინდისიერებაში, პროფესიონალიზმში, უაღრესად სხარტ გონებასა თუ ფრანგულ იუმორში ეჭვი იოტისოდენადაც არ მეპარება.

ბრძანა კიდევაც, ერევნის ვიზიტიდან ღირსეულად დაბრუნებულმა პრეზიდენტმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაფართოვდეს და მან პოლიტიკური დატვირთვა უნდა შეიძინოსო. აშკარაა, რომ მის გარემოცვაში ფიქრობენ ამ საკითხებზე.

ქალბატონი სალომე შეუძლებელია სრულად არ აცნობიერებდეს იმ უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რაც მას უფალმა, როგორც საქართველოს უკანასკნელ არჩეულ პრეზიდენტს დააკისრა.

ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტთან უკეთეს მომლაპარაკებელზე ვერც ვიოცნებებდით. მით უფრო, რომ მას საგარეო საქმეთა მინისტრობისას აქვს რუსეთთან მოლაპარაკების უაღრესად წარმატებული გამოცდილება.

2) როგორც რუსეთში ისე საქართველოში ჯერ კიდევ თითო კაცი წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენი მტერი ელაპარაკა რუსეთის კოლექტიურ „დერჟავნიკულ“ ხელისუფალს. ბატონო ბიძინა თქვენი და ქალბატონი სალომეს დუეტს რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულ მოლაპარაკებებზე უარს ვერ გეტყვით.

3) თქვენს პირად ნაცნობობას, რომ თავი დავანებოთ, რუსეთის პრეზიდენტს უდაოდ კარგად ახსოვს რუსეთის დეფოლტისას თქვენი საქციელი. ასე მგონი არსად, არასდროს, არც ერთი ბანკირი არ მოქცეულა და შეუძლებელია ის თქვენ პატივს არ გცემდეთ.

4) აფხაზები ვფიქრობ სწორად გაიგებენ აფხაზურ-ქართული სახელმწიფოს დაარსების მათთვის უკიდურეს აუცილებლობას და დაგვეხმარებიან ოსებთან მოლაპარაკებების დროს.

რა თქმა უნდა, აქ უმთავრესია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინიციატივის სერიოზულობა - აღიაროს აფხაზურ-ქართული სახელმწიფო, რომელშიაც გალისა და ოჩამჩირის ქართულ რეგიონებს ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორიც ოსებს ქართულ სახელმწიფოში.

ამ ინიციატივის ხელშემწყობ გარე ფაქტორთაგან ავღნიშნავდი:

1) რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებამ ისეთ პიკს მიაღწია, იმდენად დიდია ორივე მხარეს თუნდაც მხოლოდ მატერიალური ზარალი, რომ ჩვენი ამ ინიციატივის ანუ დაპირისპირების ტემპერატურის დაწევის მომხრეთა მოძიება დასავლეთში ნამვდილად არ გაგვიჭირდება. ყველა დასავლელი დიპლომატი თუ სახ. მოღვაწე რუსეთს დაელაპარაკეთო გვეუბნება.

2) სრულიად კავკასიაში ჩვენს ამ ინიციატივას უდაოდ დადებითად მიიღებენ, რაც კარგ ფონსა და პერსპექტივას შექმნის დანარჩენ კავკასიურ კონფლიქტთა მოსაგვარებლად.

3) მეტიც, იქნებ უკრაინელებიც, რომლებსაც ცხელი ომი აქვთ რუსეთთან, ჩვენგან განსხვავებით, მათ მოსკოვთან არც დიპლომატიური და არც სავაჭრო ს.ნ.გ-ისეული ურთიერთობები არ გაუწყვეტიათ მიხვდნენ, რომ გარე თუ შიგა რეაქციულ ძალთა წაქეზებით არ ღირს ყირიმის ისტორიულად მათთვის აშკარად უსამართლო პრობლემის გამო, წლობით თავი ალეწონ რუსეთს. რუსეთი ამიერკავკასიას უფრო ადვილად დათმობს, ვიდრე ყირიმის ნახევარკუნძულს. უკრაინელები ამას ადრე თუ გვიან მაინც მიხვდებიან, ჩვენმა ინიციატივამ ეს პროცესი მხოლოდ შეიძლება დააჩქაროს და დაწყნარდება უკრაინაცა და რუსეთის დასავლეთის საზღვარიც.

აქვე იმასაც ვიტყვი, ვისაც ყირიმისა და აფხაზეთ-ცხინვალის პრობლემები იდენტური ჰგონია, და მათ ურთიერთ მიწებებას ცდილობს, ან შეგნებული მტერია ან უგუნური მოყვარე. რუსეთს ყირიმში რეფერენდუმის ჩასატარებლად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისაგან განსხვავებით, უკრაინელთა გენოციდი და ეთნოწმენდა არ დაჭირვებია.

4) დასავლეთში სულ უფრო მძლავრობს და კიდევ უფრო მოიმატებს ტენდენციები რომ ერთ თარგზე გაკრეჭილი ევროპა და ევროპელები უტოპიაა. და რომ ევროპის ფასი და მიმზიდველობა მისი საოცარი მრავალფეროვნების ჰარმონიულობაშია. ამას ამერიკაში ტრამპის პრეზიდენტობაც კარგად ემთხვევა, რომლის დევიზიცაა: „ამერიკა და ამერიკელები უპირველეს ყოვლისა“.

ბატონო ბიძინა, უახლოეს მომავალში საქართველოს შემდგომი ნაბიჯები პრაქტიკულად თქვენი გადასაწყვეტია.

ამბობენ, რაღაც ზღვარს მიღმა კაპიტალი მართავს კაცს, და არა კაცი საკუთარ კაპიტალსო. იმასაც, რომ ვალდებულებათა ზღვარი არა მხოლოდ პირად, არამედ ოჯახის წევრთა სიცოცხლეზეც კი შეიძლება გადიოდეს. თუ თქვენ ამა თუ იმ მიზეზთა გამო, არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილების, მით უფრო სახელმწიფო მნიშ-ვნელობის გადაწყვეტილებათა მიღებისას რაც მალე შეეშვებით ქართულ პოლიტიკას მით უკეთესია, როგორც თქვენთვის ისე ქვეყნისათვის. თქვენი პოლიტიკიდან ნელ-ნელა „გაპარვა“ (რაზეც დღეს ბევრს საუბრობენ) ერთი, რომ ძალზედ ძვირფას დროს დაგვაკარგინებს, და მეორე თქვენი წასვლის შემთხვევაში თქვენივე უზარმაზარმა ავტორიტეტმა თუ კაპიტალმა ვეჭვობ ისეთ ადამიანთა მოსვლას შეუწყოს ხელი მომდევნო პარლამენტში, რომლებიც უთქვენოდ ქვეყანას გამოადგებიან.

საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა, დღეს კი განსაკუთრებით ისეთი ხელისუფლება, რომელიც არც რუსეთის და არც დასავლეთის მარიონეტი არ იქნება. იმ რეალობაში, როდესაც გერმანიის კანცლერს უსმენენ და ევროპის წამყვან სახელმწიფოებში უმაღლესი თანამდებობის პირები - განსაკუთრებით ძალოვნები ვაშინგტონის დასტურის გარეშე არ ინიშნებიან ძალზე ძნელია „ოქროს შუალედის“ დაჭერა. ნეტავ ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდეთ ჩვენსავე შესახებ ის და იმდენი ინფორმაცია აგენტურულ ქსელზე აღარაფერს ვამბობ კავკასიით დაინტერესებულ ზესახელმწიფოებს უპირველესად კი რუსეთს რომ გააჩნია.

ამდენად, როგორც რუსეთის ისე დასავლეთისათვის, მათ შესაძლო მოთხოვნებზე ქართული ხელისუფლების-გან მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით მყარად არგუმენტირებული უარი შეიძლება იყოს მისაღები. როგორც კი, სხვა მიზეზის გამო (მუქარა, ქრთამი, საიდუმლოდ აღებული ვალდებულებები და სხვა) ამა თუ იმ მხარეს გადავიხრებით, მეორე მხარე უეჭველად `იგრძნობს’ ამას და საქმე გაგვიფუჭდება. შევარდნაძე აღარ გვყავს, ამდენად ჩვენმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად გახსნილი, ღია პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რათა არ დაკარგოს უმთავრესი მორალური უპირატესობა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. ეს რა თქმა უნდა ყოველთვის, ყველგან, ყველაფერზე ლაპარაკსა და განცხადებების კეთებას არ გულისხმობს.

ასე თუ ისე ქართული საზოგადოება, დარწმუნებული ვარ 2020 წელს, ბოლო დროის ყველაზე უფრო სწორ არჩევანს გააკეთებს და სულ ცოტა დაასრულებს ჩვენს ქვეყანაში ერთპიროვნულ თუ ერთპარტიულ მმართველობას. ასეთი მმართველობა კი ყოველთვის და ყველგან პრინციპში ბანდიტური დაჯგუდების მმართველობაა, რაც არ უნდა „მწყემსი კეთილი“ ცდილობდეს მის მართვა-გაკონტროლებას.

ბოგანოთა გადიდკაცება განსაკუთრებით ამაზრზენია საქართველოში სადაც ყველამ ერთმანეთზე პრაქტიკულად ყველაფერი ვიცით.

იმედია, არ ჩაგვეყრება წყალში 90-იანი წლების მომსწრე, უკვე წარმავალი თაობის ქართველობას ქართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის გაღებული ოფლი და სისხლი.

რადგან მიიღეთ სააკაშვილისაგან უმძიმესი „წერტილდასმული“ მემკვიდრეობა საქართველოსათვის ეს „გორდიას კვანძი“ თქვენვე უნდა გაჭრათ. აფხაზეთ დაკარგული საქართველო არა მხოლოდ მიწადაკარგული, არამედ აფხაზებ-დაკარგული საქართველო ალბათ უაფხაზებო მსოფლიო იქნება, რაც ბევრად უფრო ტრაგიკულია.

ბ-ნო ბიძინა, თუ დავკარგავთ, როგორც ქართულ-აფხაზური, ისე აფხაზურ-ქართულ სახელმწიფოს დაფუძნების ისტორიულ შანსს, ამაზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი როგორც საქართველოს ბოლო ხელისუფალი ნამდვილად თქვენ იქნებით.

პატივისცემით და წარმატების გულწრფელი სურვილით: თედო პაატაშვილი

1986 წლიდან, ეროვნული მოძრაობის,

1990-2003/4 წლებში სამი მოწვევის

პარლამენტის და მერაბ კოსტავას

დამკრძალავი კომისიის წევრი

P.S. რადგან პრესასთან 15 წლიანი დუმილი დავარღვიე, შესაძლო არასწორ გამოხმაურებათა პრევენციის მიზნით ვიტყვი, რომ არც ასაკი თუ განვლილი ცხოვრება, არც ნერვები თუ ზოგადად ჯანმრთელობა არანაირად არ მიჩენს სურვილსა და შესაძლებლობას რაიმე ფორმით ქართულ პოლიტიკურ აურზაურში თავიდან გავერიო. როგორც იქნა შვილიშვილს ველოდები, ტკბილი სიბერე და მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით გარდაუვალისათვის მშვიდი მზადება მინდა.

2019 წლის 9 აპრილი

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო