ხათუნა ლაგაზიძე - საით მიდის ბიძინა ივანიშვილის საქართველო?! თუ ივანიშვილი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს, მას 2020-შიც არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ფაქტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებამ საშინაო პოლიტიკაში აშკარად დააჩქარა პროცესები. დაჩქარებულ რეჟიმში საქმიანობის პირობებში გადასული მმართველი გუნდი იმაზე მეტ შეცდომას უშვებს, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.

აშკარად შეიმჩნევა მმართველ გუნდსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის კონფრონტაცია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საშინაო პოლიტიკაში არსებულ სურათს. გასაგებია, რომ ოპოზიციის ყველა ფრთის მიზანია 2020 არჩევნებისთვის მმართველი გუნდი რაც შეიძლება მეტად დისკრედიტებულ მდგომარეობაში მყოფი აღმოჩნდეს, ხოლო „ოცნების“ მიზანია მაქსიმალურად მოახდინოს მისი ყველა შესაძლო ალტერნატივის დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია.

ახლა, როცა საშინაო პოლიტიკაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების აჩრდილი დამოკლეს მახვილივითაა გამოჩენილი, როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ მმართველი გუნდის, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციურ ფლანგზე სხვადასხვა ჯგუფების ქცევასა თუ მოქმედებას?

- თქვენივე კითხვაში ზუსტი დიაგნოზი დაუსვით დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ქმედებებს - დიახ, დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს ტოტალური ნეგატიური დღის წესრიგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება თვითიდენტიფიკაციას მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციით ახდენენ. საოცარი რამ ხდება დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში - აღარავინ ამტკიცებს, რომ მე იმაზე კარგი ვარ, არამედ - სხვა ჩემზე ცუდია. მერე უკვირთ საზოგადოების იმედგაცრუება.

საოცარი რამ ხდება დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში - აღარავინ ამტკიცებს, რომ მე იმაზე კარგი ვარ, არამედ - სხვა ჩემზე ცუდია. მერე უკვირთ საზოგადოების იმედგაცრუება

ცალკე თემაა „ოცნების“ ქმედებები და პოლიტიკური მომავლის მისეული ხედვა. იმის ნაცვლად, რომ 2020-ისთვის პარტნიორებს ეძებდეს კოალიციური მთავრობისთვის და ხელს თუ არ შეუწყობს, ნუ შეუშლის მაინც ახალი პოლიტიკური ჯგუფების ასპარეზზე გამოსვლას, პირიქით, საფუძველშივე ცდილობს ცელი გამოუსვას ყველას თუ ვინმემ დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობის სურვილი გამოთქვა.

ამის მაგალითია ის აგრესია, რომლითაც გაივსო სოციალური ქსელები და მედია დათო მაღრაძის „დაიცავი საქართველოს“ შეკრების შემდეგ. გეტყვით რაზე დგას „ოცნების“ თვითდაჯერება - საზოგადოებაში ახალი, რესურსული ფიგურების მკვეთრი დეფიციტია, თუ ვინმე მაინც გაბედავს და გამოთქვამს პოლიტიკურ სარბიელზე შემოსვლის სურვილს, ხელისუფლების შავი პიარის მანქანა საფუძველშივე შეეცდება მათ დისკრედიტაცია-გაცამტვერებას.

ასევე ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალი თუ ძველი პოლიტიკური ჯგუფების მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი გაერთიანება არ გაჩნდეს 2020-ისთვის, ანუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ოპოზიციურ ფლანგზე დაყოფისა და ბატონობისთვის. ამ ფონზე ისევ წამოწევს წინა პლანზე „ნაციონალების“ რევანშის საშიშროებას და მიზანიც მიღწეულია. ანუ იმუშავებს ზემოთ ხსენებული პრინციპით - სხვები ჩემზე უარესები არიან.

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალი თუ ძველი პოლიტიკური ჯგუფების მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი გაერთიანება არ გაჩნდეს 2020-ისთვის, ანუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ოპოზიციურ ფლანგზე დაყოფისა და ბატონობისთვის

მაგრამ, აქ მთავარ საკითხს ვაწყდებით - ვისით უნდა დაკომპლექტდეს თავად „ოცნების“ საპარლამენტო სია?! 100 პარლამენტარს შეიძლება იოლად გადაუგრიხო ხელები კობახიძის მიერ გატანილი კანონპროექტებისთვის ხმის მისაცემად, მაგრამ ამომრჩეველი როგორ გინდა აიძულო კობახიძეს მისცეს ხმა, თუნდაც „მიშა-მგელი მოდის და შეგჭამს“ პრინციპით?!

მთავარი საფიქრალი, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰქონდეს, არის თუ რა ერქმევა მის ეპოქას საქართველოს უახლოეს ისტორიაში? ზვიადმა - თავისუფლებასთან მიგვიყვანა, შევარდნაძემ - ქვეყანას საგარეო პოლიტიკური როლი განუსაზღვრა, მიშამ - ამბიცია, დინამიკა, ტურისტული მომხიბვლელობა შესძინა.

რისკენ, საით მიდის ბიძინა ივანიშვილის საქართველო?! - თუ ივანიშვილი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს, მას 2020-შიც არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება

ის, რომ მიშას დამმარცხებელია, ქვეყანაში სტაბილურობაა და ჩამოთვლილი ლიდერებისგან განსხვავებით, მის დროს ქვეყანაში ომი არ ყოფილა, ვფიქრობ, მისი როლისთვის და მასშტაბისთვის ეს საკმარისი არ არის.

რა დაერქმევა მის ეპოქას საქართველოს ისტორიაში - ეკონომიკური აღმავლობის, საგანმანათლებლო რევოლუციის, გეოსტრატეგიული ფუნქციის გაფართოების?! რისკენ, საით მიდის ბიძინა ივანიშვილის საქართველო?! - თუ ივანიშვილი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს, მას 2020-შიც არ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება.

- ფართო მსჯელობის თემად იქცა პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის მტკიცება იმის თაობაზე, რომ „ოცნებას“ ყველა მხრიდან უტევენ არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ ყოფილი მხარდამჭერები და ე.წ. „შუაშისტებიც“ კი. მათი მიზანია „ქართული ოცნების“ საბოლოო დანგრევა, რისთვისაც მათ ერთი გზა დარჩათ - მმართველ გუნდში „ტროას ცხენის“ შეგზავნა. ზაალ ანჯაფარიძისვე თქმით, აქამდე ყველა ადგილობრივი მმართველი პარტია სწორედ "ტროას ცხენით" დაინგრა.

ბატონ ზაალ ანჯაფარიძეს სოციალურ ქსელში ”ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა - „ტროას ცხენი" დიდი ხანია შესულია „ოცნებაში“ და უმოწყალოდ ანგრევს მას შიგნიდან. ამ ტროას ცხენში ზუსტად ვიცით რამდენი კაცი ზის და რამდენს დაიტევს კიდევ. დღეს რაც ხდება იქ, შიგნით - ესაა უფსკრული და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ შეგნებულად ხდება ყველაფერი.“

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ „ოცნების“ ბირთვს ახლა „ნაციონალების“ კადრები წარმოადგენენ. თქვენი დაკვირვებით, მართლა არსებობენ თუ არა „ქართულ ოცნებაში“ „ტროას ცხენები“, რომლებიც მმართველ გუნდს შიგნიდან ანგრევენ?

- რად უნდა მმართველ გუნდს ნგრევა?! მე ასე დავსვამდი საკითხს - როდის იყო შექმნის დღიდან “ოცნება“ ერთიანი?! პირიქით, ის ყოველთვის აგებული იყო შიდა დაჯგუფებებს შორის ბალანსის და შეკავების პრინციპზე.

საქართველოში 30 წლის მანძილზე კონსტიტუციით აღიარებულ სახელისუფლო შტოთა შორის ბალანსის მიღწევა ვერ მოხერხდა, თორემ სახელისუფლო გუნდებში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ბალანსის და შეკავების, ანუ დაყავი და იბატონეს პრინციპით მართვა წმიდათაწმინდა იყო შევარდნაძისთვისაც და სააკაშვილისთვისაც. დღესაც ასეა.

პრობლემა „ოცნების“ დაშლა კი არა, „ოცნებიდან“ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეების გასვლა და პულტთან მჯდომი „ვალოდია ჯინჭარაძეების“ დარჩენაა, რომელთა სახელებიც, ვგონებ, მეზობლებმაც კი არ იციან. ასე უსახური უმრავლესობა ჩვენ არ გვყოლია

როგორც კი შევარდნაძის ხელისუფლებაში ბალანსი სააკაშვილი-ჟვანიას სასარგებლოდ დაირღვა, შევარდნაძის ხელისუფლება დამთავრდა. ისევე როგორც, სააკაშვილის ხელისუფლების დასასრული მოახლოვდა, როგორც კი მერაბიშვილი-ადეიშვილი-ახალია-კოდუებს და სხვა გავლენიან ჯგუფებს შორის ბალანსი დაირღვა. ამიტომაც, არც არასდროს მდგარა დღის წესრიგში „ოცნების“ ერთიანობა.

2016 წლის „ოცნების“ საპარლამენტო სიის შედგენა ხომ საერთოდ ნონსენსი იყო - თავად დეპუტატები ამბობენ, რომ 2016 წლის სიის შედგენისას მათთვის არავის უკითხავს რა იდეოლოგიის, რა საგარეო ორიენტაციის მომხრეები, რა ეკონომიკური ხედვების გამზიარებლები, რა ფასეულობების მატარებლები იყვნენ ანუ არ არსებობდა ღერძი, რის გარშემოც ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ.

ხელისუფლებას თუ შევხედავთ, აქ იოლად აღმოვაჩენთ კვლავ ბალანსის პოლიტიკას, რომელიც დღეს უკვე სამ საყრდენ ოფიციალურ ფიგურაზე - გახარიაზე, კალაძეზე და ღარიბაშვილზე დგას. არის სხვა უფრო მცირე გავლენის ჯგუფებიც და სწორედ მათით აიგება „ოცნების" საპარლამენტო სიაც

ასე რომ, პრობლემა „ოცნების“ დაშლა კი არა, „ოცნებიდან“ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეების გასვლა და პულტთან მჯდომი „ვალოდია ჯინჭარაძეების“ დარჩენაა, რომელთა სახელებიც, ვგონებ, მეზობლებმაც კი არ იციან. ასე უსახური უმრავლესობა ჩვენ არ გვყოლია.

ზოგადად ხელისუფლებას თუ შევხედავთ, აქ იოლად აღმოვაჩენთ კვლავ ბალანსის პოლიტიკას, რომელიც დღეს უკვე სამ საყრდენ ოფიციალურ ფიგურაზე - გახარიაზე, კალაძეზე და ღარიბაშვილზე დგას. არის სხვა უფრო მცირე გავლენის ჯგუფებიც და სწორედ მათით აიგება „ოცნების“ საპარლამენტო სიაც.

- გასულ კვირას პანკისის ხეობაში განვითარებული პროცესები ცალკე საუბრის თემაა, ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება ხეობის მოსახლეობაში ნდობის აღსადგენად, მაგრამ თუ ისევ მმართველ გუნდში არსებულ სიტუაციას დავუბრუნდებით, პანკისის თემა ამ საკითხშიც ფიგურირებს. თან საკმაოდ აქტიურადაც.

ბატონ გია ხუხაშვილის მტკიცებით - „პანკისის ხეობის ისტორია გიორგი გახარიას ჩაუდეს“. ამ პრობლემის შს მინისტრ გიორგი გახარიასთვის „ჩამდებად“ ხუხაშვილი „ოცნებაში“ დაბრუნებულ გიორგი ღარიბაშვილს ასახელებს.

გახარიას გაპრემიერ-მინისტრებაზე კარგა ხანია საუბრობენ, მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ის, რაზეც ბატონი ხუხაშვილი ვარაუდებს გამოთქვამს, სიმართლეს შეესაბამებოდეს?

- არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას ვინ ვის რა „ჩაუდო,“ ამიტომაც ამ თემაზე ვრცლად ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ღარიბაშვილისთვის ეს პოლიტიკაში შემოსვლის მეორე შანსია, რომელსაც ის ძალიან უფრთხილდება და არ ვფიქრობ, რომ მას ამ მასშტაბის პროვოკაცია გაერისკა და დაეგეგმა.

თუმცა, პანკისის თემა ამ ხელისუფლებისთვის ტესტი ბევრი სხვა კუთხით არის. ორი დღის წინ სუს-ის 2018 წლის ძალიან საინტერესო ანგარიშის მოსმენა იყო პარლამენტში, რომელიც პარლამენტისვე საიტზე კარგა ხნით ადრე გამოქვეყნდა.

ამ კვალიფიციურად შესრულებულ ანგარიშში ქვეყნის წინაშე არსებული ბევრი გამოწვევის შესახებ წერია და მათ შორის, შავით თეთრზე ვკითხულობთ - საანგარიშო პერიოდში „საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ ჰიბრიდული ომის მეთოდებსო, იყო მცდელობა დესტაბილიზაციის კერების შექმნის და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობისო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირებას, მუდმივი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმისა დანერგვასო.“

ეს ხომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშია და ამ ანგარიშის ფონზე ჩვენივე ხელისუფლება იმ შარში რომ ეხვევა პანკისში, რაც ჩვენ ყველამ ერთად 21-ში ვნახეთ, ჩნდება უამრავი კითხვა: რასთან გვაქვს საქმე?! ხდება თუ არა სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის ცირკულაცია?!

ეს ხომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშია და ამ ანგარიშის ფონზე ჩვენივე ხელისუფლება იმ შარში რომ ეხვევა პანკისში, რაც ჩვენ ყველამ ერთად 21-ში ვნახეთ, ჩნდება უამრავი კითხვა: რასთან გვაქვს საქმე?! ხდება თუ არა სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის ცირკულაცია?!

როცა კერძო ინვესტორის ინტერესების დასაცავად პოლიციის რაზმს აგზავნიდნენ, ჰქონდა თუ არა შსს-ს სათანადო ინფორმაცია პანკისში არსებულ განწყობებზე და იმ რისკებზე, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლებოდა დამუქრებოდა?!

და საერთოდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად საჭირო ყოფილა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და სისტემის მაკოორდინირებელი რგოლის არსებობა უშიშროების თუ უსაფრთხოების საბჭოს სახით, სულ მცირე იმისთვის, რომ ერთმა ხელმა იცოდეს რას აკეთებს მეორე.

გინდათ გითხრათ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მთავარი პრობლემა?! ჩვენ ვართ რუსეთთან პერმანენტულ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომელსაც არ გვაქვს არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, არც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია. ანუ მარტივად რომ ვთქვათ გამოდის, რომ არ გვაქვს აღნუსხული და სისტემატიზებული ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, შესაბამისად, არც მათზე რეაგირების ფორმები. შედეგსაც ვიმკით.

ახლო მომავალში, წესით, ფუნქციონირება უნდა დაიწყოს ახალმა უსაფრთხოების საბჭომ, რომელიც, იმედია, ისეთივე ფიქცია არ იქნება, როგორც მისი წინმორბედები ამ ხელისუფლების პირობებში.

ჩვენი საერთო უსაფრთხოების მორღვევაა „შეურაცხყოფილი და კუდამოძუებული“ სამართალდამცველი, რომელიც საზოგადოების რომელიმე ჯგუფის მხრიდან შანტაჟს ემორჩილება

და ორიოდე სიტყვა კიდევ პანკისზე, რომლისკენაც დაუფარავი ინტერესით იყურებიან როგორც რადიკალი ისლამისტები, ასევე რუსული სპეცსამსახურები და მიუხედავად გავლენების ამ ბრძოლისა, პანკისის მაცხოვრებლები, არა მხოლოდ საქართველოს ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები იყვნენ და არიან, არამედ - სახელმწიფოს პარტნიორებიც, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბევრ მნიშვნელოვან მომენტში, ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ეს დასანახი და დასაფასებელია.

მაგრამ არაფრით და არც ერთ შემთხვევაში არ მართლდება სამართალდამცველებზე ხელის აღმართვა და მათთან ხელჩართულ დაპირისპირებაში შესვლა და შემდეგ იმის ძახილი, რომ დამნაშავეს არ დაგასჯევინებთ და კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებით ხელისუფლების შანტაჟი.

რადგან ხელისუფლებამ აამღვრია წყალი, კეთილი ინებოს და თავად მონახოს შექმნილი სიტუაციიდან ღირსეული და კანონისმიერი გამოსავალი - 5-მეგავატიანი ჰესის აშენებით თუ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება წყდება და პანკისის სიმშვიდეზე მეტად ღირს, აფერუმ ჩვენი ხელისუფლების ხედვებს

ჩვენი საერთო უსაფრთხოების მორღვევაა „შეურაცხყოფილი და კუდამოძუებული“ სამართალდამცველი, რომელიც საზოგადოების რომელიმე ჯგუფის მხრიდან შანტაჟს ემორჩილება. მაგრამ რადგან ხელისუფლებამ აამღვრია წყალი, კეთილი ინებოს და თავად მონახოს შექმნილი სიტუაციიდან ღირსეული და კანონისმიერი გამოსავალი - 5-მეგავატიანი ჰესის აშენებით თუ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება წყდება და პანკისის სიმშვიდეზე მეტად ღირს, აფერუმ ჩვენი ხელისუფლების ხედვებს.

- მოსამართლეების დანიშვნის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, იმაზე, თუ რამდენად შეასრულა „ოცნებამ“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბევრი ითქვა, მაგრამ რამდენადაც ვხდებით, სულ ტყუილად.

ფაქტია, რომ მმართველი გუნდი მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მის მიერვე ორჯერ კენჭნაყარ კანონპროექტს მესამეჯერაც უპრობლემოდ უყრის კენჭს. მოსამართლეთა დანიშვნის წესსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ოცნებასა“ და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შორის გარიგება დადებულია და რა დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია“.

თუ თქვენც თვლით, რომ „ოცნებასა“ და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შორის გარიგება დადებულია, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ვერ ხვდება ბატონი ივანიშვილი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლეების ლობირებით „ოცნებამ“, როგორც მმართველმა გუნდმა უფრო წააგო, ვიდრე მოიგო?

- ვისთვის როგორ, - ორივე მხარე ფიქრობს, რომ სიმართლე მათ მხარესაა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს ღრმად სწამს, რომ ის ამ გზით იცავს ქვეყანას „ნაციონალების“ რევანშისგან. ის ფიქრობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტების თვითდინებაზე მიშვება ან არასამთავრობოების, სამოქალაქო სექტორის და „ოცნებიდან“ წასულების მიერ შეთავაზებული სასამართლოს დაკომპლექტების ყველა ვერსია, ძალით თუ უნებურად, შედეგად გამოიღებს სასამართლო ხელისუფლების „ნაციონალების“ ხელში გადასვლას. ამიტომ ხელისუფლება ღიად დაუპირისპირდა ამ საკითხში აშშ-ის პოზიციასაც კი.

ზუსტად საწინააღმდეგოს ფიქრობენ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებიც ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში დგანან, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი და „ოცნებიდან“ სწორედ სასამართლო ხელისუფლების თაობაზე გაჩენილი დაპირისპირების გამო წამოსულები.

„ოცნების“ ასეთი დაჟინებული სვლა დასავლეთის წინააღმდეგ სასამართლოს საკითხში მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს დასავლეთის დაჟინებულ რჩევებს პროპორციული არჩევნების საკითხშიც ანუ არაფრით დათმობს პროპორციულ არჩევნებს

ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში ამ მოსამართლეთა კლანის შენარჩუნებით ხდება „ოცნების“ „ნაციონალიზაცია“ ანუ „ოცნების“ იმ მონსტრად ქცევა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების სრულ მორჩილებაზე დგას.

„ოცნების“ ასეთი დაჟინებული სვლა დასავლეთის წინააღმდეგ სასამართლოს საკითხში მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს დაავლეთის დაჟინებულ რჩევებს პროპორციული არჩევნების საკითხშიც ანუ არაფრით დათმობს პროპორციულ არჩევნებს.

მით უფრო, რომ ვერც ოპოზიცია ახერხებს ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად ქცევას. თითქოს დაიწყეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება პორპორციული არჩევნების მხარდასაჭერად, მაგრამ ვერ ახერხებენ თანმდევი მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა-განხორციელებას, რაც ხელისუფლებაზე ზეწოლის მძლავრი იარაღი უნდა ყოფილიყო.

- ჩვენ საუბარი შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობით დავიწყეთ. იმაზეც ვთქვით, რომ პროცესები საკმაოდ დაჩქარებულადაც კი ვითარდება. რადგან საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ მმართველ გუნდში არსებულ ვითარებაზე, ახლა კარგი იქნება თუ ოპოზიციაზეც გავამახვილებთ ყურადღებას.

თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე და ამ ეტაპზე როგორ როგორ შეაფასებდით ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს?

- „ოცნების“ იმედი 2020-ის არჩევნებზე მხოლოდ ოპოზიციის დაქსაქსულობაა და ის ყველანაირად ეცდება ამ დაქსაქსულობის გაღრმავებას არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

სანდრა რულოვსის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებაც, რომ ზუგდიდის შტაბში განსაკუთრებული არაფერი ხდება და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად იქ ყველა ერთ საქმეს ემსახურება, ირიბად სწორედ იმას ადასტურებს, რომ „ოცნებამ“ მოახერხა ზუგდიდის საარჩევნო შტაბში უთანხმოების შეტანა.

„ოცნების“ იმედი 2020-ის არჩევნებზე მხოლოდ ოპოზიციის დაქსაქსულობაა და ის ყველანაირად ეცდება ამ დაქსაქსულობის გაღრმავებას არჩევნების მოახლოებასთან ერთად

რაც შეეხება საერთო ეროვნულ დონეს - ოპოზიციის ფლანგზე კარგა ხანია საინფორმაციო და პოლიტიკურ დღის წესრიგს ნიკა გვარამია ქმნის. შესაბამისად, ბრძოლის წინა ხაზზე ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერის როლსაც ის ასრულებს. მზარდი პოლიტიკური ფიგურაა გიორგი ვაშაძეც, რომელიც აგროვებს საინტერესო საერთაშორისო გამოცდილებასაც და თანაც მართვის თანამედროვე, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეთოდებზე დამყარებული მწყობრი ხედვა აქვს.

თუმცა, „ნაციონალების“ როლსა და ადგილზე 2020-ის პარლამენტში არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, რამდენად შეძლებს სააკაშვილი უკრაინაში ტრიუმფით დაბრუნებას, რასაც ზელენსკის შტაბის განცხადებით გარკვეულწილად ცივი წყალი გადაესხა.

ოპოზიციის ფლანგზე კარგა ხანია საინფორმაციო და პოლიტიკურ დღის წესრიგს ნიკა გვარამია ქმნის. შესაბამისად, ბრძოლის წინა ხაზზე ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერის როლსაც ის ასრულებს

რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც შეიძლება გამოვიდნენ ასპარეზზე. აქაც მთავარი დაქსაქსულობის პრობლემაა. მაღრაძის „დაიცავი საქართველო“, ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“, ახალი თაობის განაცხადი ახალგაზრდა მემარაცხენეების სახით, რომლებსაც მთაწმინდაზე თავის კანდიდატი ჰყავთ - გრიგოლ გეგელია და საინტერესო საარჩევნო კამპანიასაც აწარმოებენ, დავით ჭიჭინაძე, რომელმაც თავისი პოლიტიკური ძალის შექმნის სურვილი უკვე დააანონსა, ანა დოლიძე, რომლის გამოსვლასაც პოლიტიკაში ბევრი ელის - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც 2020-ში საარჩევნო რბოლაში ჩართულები შეიძლება ვიხილოთ.

იმ ამომრჩეველს, რომელსაც „ოცნება“ კატეგორიულად აღარ უნდა, მაგრამ „ნაციონალების“ რევანშისაც ეშინია, სჭირდება ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც მათ „ოცნების“ მარცხის შემთხვევაში „ნაციონალებისგან" დაიცავს.

ხალხს პატარა პოლიტიკური ჯგუფები კი არ სჭირდება, არამედ ძლიერი ძალა, რომელიც მათ თავის გამარჯვების უნარიანობაშიც დაარწმუნებს და იმაშიც, რომ ამომრჩევლის დაცვის თავი და ძალა ექნება

ეს კი ძალიან მომხიბვლელი ნიშაა ნებისმიერი მესამე პოლიტიკური ძალისთვის. ამავდროულად, სწორედ ეს არის ის საცდური, 3%-იან ბარიერთან ერთად, რომელიც ბევრ ახალ ამბიციურ პოლიტიკურ ძალას კისერს მოატეხინებს ანუ პარლამენტს მიღმა დატოვებს.

ხალხს სოკოებივით ამოზრდილი, პატარა პოლიტიკური ჯგუფები კი არ სჭირდება, არამედ ძლიერი ძალა, რომელიც მათ თავის გამარჯვების უნარიანობაშიც დაარწმუნებს და იმაშიც, რომ ამომრჩევლის დაცვის თავი და ძალა ექნება. ჯერჯერობით ამ ჯგუფებს გაერთიანების სურვილს ვერ ვატყობ, რასაც ხელს უწყობს ისიც, რომ მომავალ პარლამენტში ერთიანი სიით გასულ პოლიტიკურ ძალებს სხვადასხვა ფრაქციების შექმნის საშუალებას კანონმდებლობა აღარ აძლევს.

- ფაქტია, რომ 19 მაისისთვის ზუგდიდში, მთაწმინდასა და მარნეულში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნები პრინციპულია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე იმ ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ.

19 მაისის არჩევნები პრინციპულია იმის გამო, რომ მასში მონაწილეობის მიმღები პოლიტიკური ძალები აცხადებენ, რომ სწორედ ისინი არიან მმართველი ძალის ალტერნატივა. ვხედავთ, რომ ზუგდიდში, მარნეულში და მთაწმინდაზეც კი წინასაარჩევნო ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება 19 მაისის არჩევნების შედეგები საშინაო პოლიტიკაზე?

- ეს არჩევნები, პირდაპირი მნიშვნელობით, 2020-ის რეპეტიციაა - მთაწმინდამ აჩვენა, რომ ოპოზიციურ ძალებს საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანების უნარი და სურვილი არ შესწევთ, ზუგდიდში წყდება თუ არა, იტესტება მაინც 2020-ის ბედი.

საქმე ის გახლავთ, რომ „ნაციონალები“ და თავად სააკაშვილიც ზელენსკის გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენდნენ და ეს ტრიუმფატორის განწყობა რულოვსის გამარჯვების შანსებს ზუგდიდში მნიშვნელოვნად ზრდიდა.

ეს არჩევნები, პირდაპირი მნიშნელობით, 2020-ის რეპეტიციაა - მთაწმინდამ აჩვენა, რომ ოპოზიციურ ძალებს საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანების უნარი და სურვილი არ შესწევთ, ზუგდიდში კი წყდება თუ არა, იტესტება მაინც 2020-ის ბედი

მაგრამ, ზელენსკის შტაბის ძალიან ცივმა განცხადებამ, რომ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის გადმოკვეთისთვის სასამართლოს უნდა მიმართოს და უფრო მეტიც, სააკაშვილთან თანამშრომლობის ფორმატი დღეს არ არის განხილვის საგანიო, „ნაციონალებს“ ამ თემის თავის სასარგებლოდ გამოყენების შანსი შეუმცირა. სააკაშვილის მომავალს უკრაინაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზელენსკის უკან მდგომი ოლიგარქის - კოლომოისკის ფაქტორი, რომელსაც სააკაშვილთანაც ჰქონდა პრობლემები და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთანაც.

ვნახოთ რა გადასწონის - სააკაშვილის ხარჯზე ეცდება კოლომოისკი „ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგებას თუ მაინც შეუშვებს მას მეორე ვადით უკრაინულ პოლიტიკაში, რაც უკრაინაზე მეტად საქართველოზე შეიძლება აისახოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს