ადვოკატი 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს

ადვოკატი ზურაბ თოდუა 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის, ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

როგორც ზურაბ თოდუამ აღნიშნა, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს არ შესთავაზებს და ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მას ექნება სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობაც, ვინაიდან პროცესზე რამდენიმე არასრულწლოვანი პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება მოუწევს.

„მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით არც ერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული, რადგან მტკიცებულებები, რომელიც გადმომეცა პროკურატურისგან, არანაირ საფუძველს არ იძლევა იმისა, რომ ამ ადამიანის მიმართ პატიმრობა იყოს გამოყენებული. ალტერნატივის სახით გირაოს არ შევთავაზებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვალდებულებას აიღებს თავის თავზე, რომ არ დატოვებს საქართველოს საზღვრებს, დარჩება თბილისში, სადაც მას დაქირავებული აქვს საცხოვრებელი სახლი და ამავე დროს იგი ვალდებული იქნება გამოცხადდეს ნებისმიერ დროს როცა სამართალდამცველები ჩათვლიან საჭიროდ მასთან კომუნიკაციას", - განაცხადა იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

1982 წელს დაბადებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატისა და პროკურორის პოზიციები ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული ქალის საქმეზე - სასამართლო იულია სუსლიაკის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა