ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2019

თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე

ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა

***

თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე

“რიგგარეშე არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. პოლიტიკური ტემპერატურა განსაკუთრებულ ნიშნულზე ზუგდიდშია ასული, სადაც მერობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი აპირებს. ბოლო რამდენიმე დღეა რაც დაძაბულობა შეიმჩნევა - „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან. როგორია საარჩევნო გარემო და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე მმართველი გუნდისთვის? ოპოზიცია აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებზე გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც წინა არჩევნებზე უცხოელი პარტნიორების სერიოზული კრიტიკის საბაბი გახდა. მათი აზრით, პირველ რიგში ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინება იმ მიზნით, რომ არ მოვიდეს და არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დაუსჯელი ძალადობა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე / რატომ არის ზუგდიდის არჩევნების შედეგები ასე მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვისაც

"მმართველი გუნდი კი ამ ბრალდებებს არ იზიარებს და ამბობენ, რომ ოპოზიცია დემარშის სურვილით არის შეპყრობილი და ზუგდიდში პროვოკაციებს ხელოვნურად თავად აწყობენ. მათი აზრით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობენ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი და შესაბამისი საარჩევნო პროცედურები სათანადოდ იყოს დაცული. ზუგდიდში კი 14 მაისს მოვლენები ასე განვითარდა - „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის მათ კანდიდატ სანდრა რულოვსს „ქართული ოცნების“ აგენტ პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია „ოდიში“ მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც ადგილზე რამდენიმე მამაკაცი მივიდა. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლო გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მოგვიანებით პოლიციამ თავდასხმის ერთი მონაწილე - გელა კვარაცხელია დააკავა. იგი „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ყოფილ პირველ ლედის ზვიად გამსახურდიას გამო დაუპირისპირდა. დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში გაგრძელდა, სადაც სხდომაზე დასასწრებად სანდრა რულოვსი მივიდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა განცხადების გაკეთება დააპირა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს. სწორედ ამ ფაქტს მოყვა სხდომაზე ჩხუბი. სანდრა რულოვსს სურდა საკრებულოსთვის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნა შეეთავაზებინა, თუმცა მას დარბაზი დაატოვებინეს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ასევე გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ავტომობილშია გადაღებული და ზუგდიდის საკრებულოს მმართველი გუნდის წევრი გია დანელია მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები მიიღეს წინასაარჩევნოდ „ზევიდან“. გია დანელია „კურიერთან“ ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და ჩანაწერში ის არ არის აღბეჭდილი. ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც დანელია ჰგავს, ყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, რომ მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად... ვისაც ვერ მოისყიდიან - დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ - გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების მოგებას ამომრჩევლის მოსყიდვით, კრიმინალების დახმარებითა და მოქალაქეებზე ზეწოლით ცდილობს. მისი თქმით, ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს აგებს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩეველზე მასშტაბური ზეწოლა ხდება. „არჩევნებში კრიმინალების გამოყენება ამ ხელისუფლების ნოუ ჰაუ გახდა. წვრილფეხა კრიმინალობა, რომელიც, ასე ვთქვათ, შეზრდილები არიან პოლიციასთან და ხელისუფლებასთან, ატერორებენ სამეზობლოს და ნაცნობებს. მოსყიდვამ ფაქტობრივად ტოტალური ხასიათი მიიღო. თუკი ადრე მიდიოდნენ და ლამაზი ხონჩით მიართმევდნენ სურსათს, ახლა გაზრდილია შეთავაზება და ფულს პირდაპირ ურიგებენ“, - დასძენს გამოცემა.

"გვყავს უამრავი მეთვალყურე. გაყალბების უფლებას იმ დღეს არ მივცემთ, მაგრამ რა ვუყოთ მანამდე ამ ზეწოლას და ამ უმსგავსობას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ?! „ოცნება“ ყველაფერზე მიდის, რომ ეს არჩევნები მოიგოს, რადგანაც იციან, რომ წააგებენ და ხალხი მათ მხარს აღარ უჭერს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ქართული ოცნების“ წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალების“ ტრადიციული სტილია, რომ ისინი მამა აბრამის ბატკნის ტყავში გაეხვიონ და ჩაგრულის მანტია მოისხან. მისი თქმით, ეს ტაქტიკა უკვე ნაცნობია და ისინი შეეცდებიან, რომ ამ ფონზე შემდეგ არჩევნების შედეგები გააპროტესტონ. ზოიძე ამბობს, რომ „ნაციონალებმა“ წინასწარ იციან, რომ მათი კანდიდატის შანსები საკმაოდ დაბალია და პროვოკაციაზე შეგნებულად მიდიან. „ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები წინასაარჩევნოდ აღკვეთილი იყოს. ჩვენს მომხრეებს ძალიან მკაცრი მითითება აქვთ, რომ არავითარ შემთხვევაში, რაიმე სახით, ფორმით საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ მოახდინონ, ძალადობაზე რაიმე სახით საუბარი ხომ ზედმეტია. „რაც შეეხება ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა აუცილებლად გამოსაძიებელია და გასარკვევია ვინ იყვნენ ეს ადამიანები რეალურად და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. უმკაცრესი ზომებია მისაღები და სათანადო პასუხი უნდა აგოს ყველამ. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამომრჩეველს უმკაცრეს მითითებებს ვაძლევთ, რომ არანაირი პროვოკაციას არ წამოეგონ. „ნაციოანლებისგან“ აუცილებლად ველით გარკვეული სახის პროვოკაციებს. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს შეეცდებიან. ამიტომაც ჩვენც მომზადებულები შევხვდებით და მსგავსი მზაკვრული გეგმების განხორციელებას არ დავუშვებთ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“. „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა აქვთ სრულად გადაბარებული და ყველა ის ნაძირალა, ვინც სააკაშვილს ემსახურებოდა, ახლა „ოცნების“ სამსახურშია“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოლო დღეებში არჩევნების ირგვლივ განვითარებულ პროცესებს“, - წერს გამოცემა.

"ხუხაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სააკშვილის ხელისუფლებისგან აღარაფრით განხვავდება. მისი აზრით, „ოცნება“ ყველა მეთოდს იგივე ხალხის ხელით იყენებს, რომელთაც 9 წელი სააკაშვილი იყენებდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხალხი სისტემას ებრძოდა, თუმცა ეს სისტემა ახლა ვხედავთ, რომ „ოცნების“ სახით მოქმედებს. „სანდრა რულოვსის გამარჯვების ასეთი ფანატიკური შიში გასგებია. ჯერ თავისთავად ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება მშიშარა გვყავს, მაგრამ ამ შიშს მოტივი აქვს - რულოვსის გამარჯვება ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას ნიშნავს, „ოცნებას“ კი მთელი თავისი საარჩევნო პროპაგანდა „ანტი-მიშაზე“ აქვს აწყობილი. თუ ეს ნარატივი დაინგრა, ზუგდიდს კი არა მთელ საქართველოს კარგავენ. ამაშია მთავარი აზრი, რის გამოც ასე სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს. ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც ისინი ძალაუფლებას იტოვებენ - რომ მიშა მათზე უარესია - ეს მითი ინგრევა და ამის უფრო ეშინიათ. „რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, რა თქმა უნდა, მაგისიც ეშინიათ, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ეხალისებათ. რისიც უფრო მეტად ეშინიათ, იმას აკეთებენ. „ოცნება“ ახლა თვლის, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის და გამარჯვება გადარჩენის ტოლფასია. „სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემა ისევ ორ პარტიას შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობას არცერთი არ უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვერა და ვერ ხერხდება ახალი მესამე ძალის ფორმირება, ამ ორ პარტიას შორის ყოფნა უწევს“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები კვირას, 19 მაისს გაიმართება. შუალედური საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის მთაწმინდის რაიონში 20 კანდიდატი იბრძოლებს – მათგან 14 პარტიისა და ბლოკის წარმომადგენელი, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის. დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში პრეზიდენტი გახდა“, - წერს სტატიის ავტორი.

ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა

"სიკვდილის ქრონიკა სამშენებლო ობიექტებზე გრძელდება - 14 მაისს კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა. მამაკაცი მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ამაგრებდა და წინასწარი ინფორმაციით, ხარაჩო ჩამოინგრა, ხოლო მუშა თოკმა ვეღარ დაიკავა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა. ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის სიმაღლიდან ვარდნა. ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშაობდნენ და გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა

"შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ხარაჩოს ჩამონგრევა გახდა. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანიისგან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას ელოდებიან. კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს და დავათვალიერეთ, არის, რომ ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები არის დარღვეული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას დასაქმებულთა აღჭურვასთან დაკავშირებით, შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ და ამ ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის, სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რა კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია,“ - განაცხადა მაია მიქაიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"2019 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მშენებლობაზე 10 მუშა დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. მსგავსი ფაქტები მოხდა: 15 თებერვალს, როდესაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა. 14 მარტს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა. 53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 16 მარტს, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის #12-ში მშენებარე კორპუსიდან, სამი მუშა გადმოვარდა. ორი მათგანი დაიღუპა. 30 მარტს, ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. ის ადგილზე დაიღუპა. 31 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე, მაშველებმა მიწის მასიდან მალევე ამოიყვანეს. 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა. 14 მაისს, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ყველა შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. არასამთავრობო სექტორი, დასაქმებულები, პროფკავშირების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის საწარმოო ტრავმების მიზეზი ხშირად დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფაა და სწორედ იმიტომ, რომ დასაქმებულთა ბედი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებელთა კეთილსინდისირებაზე, საჭიროა შრომითი ინსპექციის არსებობა. ასეთი სამსახური საქართველოში უკვე ამოქმედდა. თუმცა კითხვა - რამდენად ქმედითია ეს ორგანო და რეალურად ახდენს თუ არა მისი არსებობა გავლენას დასაქმებულთა შრომით პირობებზე - ღიაა და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ესს ორგანო შესაბამის ზომებს ვერ ახორციელებს. „გაერთიანებული პროფკავშირების“ თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს კანონი, თუ როგორ უნდა იყოს შრომის უსაფრთხოება დაცული. თუმცა, მისი აღსრულება არ ხდება. როგორც ალექსანდრია ამბობს, შრომის ინსპექციას, რომელსაც უნდა ევალებოდეს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების შემოწმება, რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანო ფაქტიურად ვერანაირ პრევენციას ვერ ახორციელებს. „რაც შსს-დან არის ხელმისაწვდომი სტატისტიკა, გასულ წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან დაახლოებით 15-20 პროცენტი სამშენებლო ობიექტებზე დაშავებულთა და გარდაცვალებათა შემთხვევა იყო. დღეს შრომის ინსპექციას არ აქვს უფლება არც გეგმიურად და არც დაუგეგმავად შეამოწმოს სამუშაო ობიექტები. კანონით, მან დამსაქმებელ კომპანიას უნდა შეუთანხმოს და ისე შევიდეს. „სახელმწიფოს შიში აქვს, რომ ბიზნესი ქვეყნიდან არ გაიქცეს. სად უნდა გაიქცნენ, ვის რაში სჭირდებათ, ასეთი კომპანიები საქართველოს გარდა სხვა რომელ ქვეყანაში უნდათ? იმის ელემენტარული თავი არ აქვთ, რომ კორპუსებიდან მუშები არ გამოუცვივდეთ და მაგათი აშენებული რა უნდა იყოს?! არცერთ ნორმალრ ქვეყანაში ასეთ ბიზნესმენებს არ გააჩერებენ“, - აცხადებს ალექსანდრია“, - დასძენს გამოცემა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლინა ღვინიანიძე კი „რეზონანსთან“ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ეს საწარმოში დაშავებულთა და გარდაცვლილთა საქმის გამოძიებაა, რომლის დროსაც გამოძიება თითქმის ყოველთვის დაშავებულის/გარდაცვლილის ბრალეულობას ამტკიცებს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლევითი მონაცემები არ არსებობს და არც სისხლის სამართლის ყველა საქმეა შესწავლილი. თუმცა მთავარი ტენდენცია, რაც იკვეთება და რაც ძალიან საეჭვოა, ბრალი ყოველთვის დაზარალებულს ან გარდაცვლილს ედება. „იმ შემთხვევებში, როცა მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე, გამოძიება ადგენს, რომ ეს მუშის ბრალით იყო გამოწვეული. ეს მაშინ, როცა სამუშაო პირობები არის ძალიან მძიმე და, როგორც წესი, საწარმოების მხრიდან ხდება უსაფრთხოების ძალიან ბევრი ნორმის დარღვევა. ყველა შემთხვევაში მუშაზე პასუხისმგებლობის გადატანა ძალიან ცუდი ტენდენციაა და ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. „მუშების დაშავებისას გამოკვეთილი კიდევ ერთი ტენდენცია ისაა, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერებს ეკისრებათ და პასუხისმგებლობის საკითხი ზედა რგოლამდე არასოდეს მიდის. ასეთი შემთხვევებისთვის კომპანიებში სპეციალური სქემა აქვთ შემუშავებული. თუკი საქმე სასამართლომდე მივიდა, საპროცესო შეთანხმებით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ გულისხმობს, ბრალი საშუალო ან ქვედა რგოლის მენეჯერებს ედებათ, ამის სანაცვლოდ კი კომპანია მათ თანხას უხდის. ამასთან, ხშირად სასამართლო დავის თავიდან ასაცილებლად კომპანიები დაშავებული/გარდაცვლილი მუშის ოჯახს კომპენსაციის მიზნით თანხას უხდიან და აქ სრულდება დავა“, - აცხადებს ღვინიანიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს