მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის ძეგლი გაიხსნა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის ძეგლი გაიხსნა. იდეა ოთარ ზურაბიშვილს ეკუთვნის. გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფებოდნენ.

ოთარ ზურაბიშვილის თქმით, მონუმენტი იმის სიმბოლოა, რომ ქვეყნის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა.

"ერთადერთი, უნიკალური მემორიალია, რომელიც ცოტა დაგვიანებით გაიხსნა, მაგრამ რაც მთავარია, ეს არის საქართველოს ისტორიის 70 წელი, რომელმაც წაიყვანა დამოუკიდებლობისკენ, პოლიტიკური ემიგრანტების მუჭმა. უმრავლესობა საფრანგეთში იყო, მაგრამ ბევრი სხვადასხვა ქვეყანაში იყო. არანაკლები იბრძოდა საქართველოს მიწაზე. მოვიხადეთ სიმბოლური ვალი, მაგრამ არ მოგვიხდია მომავლის ვალი, რაც საქართველოს გაძლიერებაა. ეს საერთო სიმბოლოა ჩვენი საერთო ბრძოლისა, რომელიც დასრულდა გამარჯვებით. ვინც გარდაიცვალა საზღვარგარეთ, არ ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა დამოუკიდებელი საქართველო. სიმბოლური ნაწილი შევასრულეთ, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს. დამოუკიდებლობის შემდეგ მოდის საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძეგლი იმასაც გვასწავლის, რომ შეიძლება, სხვადასხვა პარტიის, აზროვნების და რჯულის ადამიანები იყვნენ გაერთიანებულნი ერთი მიზნის ქვეშ.

"ახლა არ გამოვდივარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არ მინდა, რომ მერე დაიწყოს ნეპოტიზმი და ა.შ. მინდა, იმას გავუსვა ხაზი, რომ არაფერ შუაში არ ვარ მე ამ ძეგლთან, თუ არა სულით და გულით, მაგრამ მონაწილეობა არ მიმიღია და არანაირად არ ჩავრეულვარ იმაში, რაც არის სათვისტომოს, მერიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული უდიდესი საქმე. მე მაინც, ასევე, როგორც პრეზიდენტი, ვგრძნობ თავს, როგორც ემიგრაციის შვილი. ეს ხსოვნის ძეგლია, რომელიც დიდი ხანია, შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ დღეს რომ აღიმართა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი ქვეყანა ძლიერი მეხსიერების გარეშე არ შეიძლება, იყოს. ეს ძეგლი იმასაც გვასწავლის, რომ შეიძლება, სხვადასხვა პარტიის, აზროვნების და რჯულის ადამიანები იყვნენ გაერთიანებულნი ერთი მიზნის ქვეშ და ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის მიზნისთვის. მინდა, ქედი მოვიხარო მათ წინაშე და ყველას, ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ საქმეში მინდა, ჩემი პირადი მადლობა გადაგიხადოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მემორიალი პატივის მიგებაა პირველ რიგში, პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ, ვინც არ შეეგუა ქვეყნის ოკუპაციას და მოუწიათ სამშობლოს დატოვება.

"ქვეყნის გარეთ მათ მიერ გაწეული საქმიანობა იყო მიმართული იმისკენ, რომ ის დღე დამდგარიყო, რომელიც შემდგომ უკვე სხვა თაობებმა მოიტანა. ფასდაუდებელია მათი წვლილი და დღეს რომ საქართველო არის ისე ახლოს ევროპასთან, როგორც არასდროს, ეს მათი დამსახურებაა. ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ჩვენი ტერიტორიებია ოკუპირებული. გავაგრძელებთ იმ საქმიანობას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ და ამ საქმიანობაში იმედი გვაქვს ჩვენი სათვისტომოების, რადგან მათი ხმა და მათი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უაღრესად მნიშვნელოვანია", -განაცხადა ზალკალიანმა.

სტელას გახსნის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც.

"ძეგლის გახსნა შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება. ქედი მინდა მოვიხარო ჩვენი პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების წინაშე, რომელთაც 1921 წელს მოუწიათ საქართველოს დატოვება და მათ გულში შეინახეს ოცნება საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. სამი წლის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის პერიოდში მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენთვის მემკვიდრეობის დასატოვებლად. თავისუფლება ჰაერივითაა, როცა კარგავს ადამიანი, ის ყველაზე სანატრელია, ხოლო როცა აქვს, ნაკლებად აფასებს მას და თითქმის შეუმჩნეველია ადამიანისთვის. ყოველ დღე უნდა გავიხსენოთ, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა", - აღნიშნა კობახიძემ.

მემორიალი ოთარ ზურაბიშვილმა და დავით ზალკალიანმა საქართველოს ჰიმნის ფონზე ერთად გახსნეს. სტელა მოქანდაკე დარეჯან ბერეკაშვილმა შექმნა.

იხილეთ ვიდეო: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის ძეგლი გაიხსნა

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო