დავით ჭიჭინაძე დავით გარეჯზე - პრეზიდენტის გაუაზრებელმა თუ განზრახ ნასროლმა ფრაზებმა არსებულ რეალობამდე მიგვიყვანა

ერთი მხრივ, არაკეთილმოსურნე ძალებს არ სურთ, კავკასიაში დაწყებული პროექტების განხორციელება, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტის გაუაზრებელმა თუ განზრახ ნასროლმა ფრაზებმა არსებულ რეალობამდე მიგვიყვანა, - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ეხმიანება დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ დავით გარეჯს თანადგომა სჭირდება და არა - პროვოკაცია და დაუშვებელია, ვინმემ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

„ეროვნული მოძრაობის პირველი მძლავრი ტალღა საქართველოში სწორედ დავით გარეჯით დაიწყო. ფაქტია, რომ თავის დროზე, ვერც შევარდნაძის და შემდგომში ვერც სააკაშვილის მმართველობის პერიოდებში, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენა ვერ მოხდა და თემა დაკონსერვდა. თუმცა სამონასტრო ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და ტურისტებიც თავისუფლად მოძრაობდნენ.

დღეს კი, ერთი მხრივ, არაკეთილმოსურნე ძალებს არ სურთ კავკასიის მასშტაბით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება, მეორე მხრივ - ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის გაუაზრებლმა, თუ განზრახ ნასროლმა ფრაზებმა მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რაც ხდება.

სწორედ ამიტომ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, საქმე უკიდეგანო უვიცობასთან გვაქვს, რამაც უკვე თავის მხრივ, ბევრი უსარგებლო იდიოტი და პროვოკატორი გამოიყვანა ავანსცენაზე.

ამას კი, ხშირ შემთხვევაში მივყავართ არა პოლიტიკურ-დიპლომატიურ დისკუსიამდე, არამედ პროვოკაციებამდე, რომლითაც სარგებლობს ის ქვეყანა, რომლის ფუძემდებლებმაც - ორჯონიკიძეებმა, საქართველოს საზღვრები თავის დროზე, ქართველი ერის უკითხავად ჩაასწორეს. ამ ფონზე ყველაზე დროული სწორედ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადება იყო, რომელმაც თვალნათლივ და ზუსტად დაგვანახა პრობლემის მტკივნეული და სახიფათო მხარეები.

დავით გარეჯი კი, ისევე, როგორც ასურელი მამების მიერ შექმნილი სამონასტრო ცენტრები, ქართული კულტურის და რელიგიის განუყოფელი ნაწილია.

იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ქვეყანაში არსებობენ ხელისუფლების სხვა შტოებიც, რომელთა ვალიცაა (თუ რაღა თქმა უნდა, ისინიც არ არიან ჩართული ამ პროვოკაციულ დომხალში), მყისიერად მოაგვარონ არსებული პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი მთავრობების უპრინციპობის და ენის მოჩლექვის პოზიციითაა განპირობებული.

მოკლედ, დღეს დავით გარეჯს თანადგომა სჭირდება და არა - პროვოკაცია.

დაუშვებელია ურაპატრიოტიზმითა და გაუაზრებელი გამოხტომებით, ვინმეს მიეცეს უფლება, ორი მეზობლის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენოს“, - წერს დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება