ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები მკაცრდება

ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები მკაცრდება. სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ხორციელდება, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით - 88 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

ამასთან, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მშობლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანი პირის მიერ ჩადენილი ამ ქმედებისათვის - ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, ცხოველის მოკვდინება “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აღარ იქნება და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება. უფრო კონკრეტულად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: - ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის წესით დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 1-წლიდან 2-წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

“დღეის მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა არის შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა (40 ლარი). შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი - 2 შემთხვევა; 2016 წელი - 0; 2017 წელი - 0; 2018 წელი - 3 შემთხვევა. “სისხლის სამართლის კოდექსის” 259-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი დანაშაულის რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი - 19 შემთხვევა; 2016 წელი - 15 შემთხვევა; 2017 წელი - 23 შემთხვევა; 2018 წელი - 58 შემთხვევა”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა