ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანია „ავიატორ +“-ის დირექტორის მოადგილე - ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და საერთაშორისო დონეზე ჩატარდება მისი კვლევა

ვერტრმფრენმა შემოწმების შემდეგ, როგორც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, სატესტო ფრენა შეასრულა. წარმატებული სატესტო ფრენის შემდეგ, ვერტმფრენი დაშვებული იქნა კომერციულ ფრენებზე, - ამის შესახებ ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის „ავიატორ +“-ის დირექტორის მოადგილემ, გიორგი მოლოდინაშვილმა "რუმსში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მომხდართან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში რამდენიმე აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენა პირველ რიგში, მათ ინტერესებში შედის.

"ეს ქეისი, საერთაშორისო დონისაა. ვერტმფრენი აშშ-ი იყო გამოშვებული, ასევე მას გააჩნდა მაღალი ტექნოლოგიების ძრავა, რომელიც ფრანგული კომპანიის მიერაა გამოშვებული. ყველა სპეციალისტი ჩაერთვება პროცესში. ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და საერთაშორისო დონეზე ჩატარდება ამ კონკრეტული შემთხვევის კვლევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა გარკვეული აღჭურვილობები, საუბარია, შავ ყუთზე. შავი ყუთი ამ კლასის ვერტმფრენისთვის განსაზღვრული არ არის და არც უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს, ვერტმფრენი უმაღლესი კლასის იყო და მას გააჩნდა ძალიან მაღალი კლასის ტექნოლოგიები. ვერტრფრენმა ტექნიკური დათვალიერება 2019 წლის 22 მაისს გაიარა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გვაქვს. ტექნიკური დათვალიერება ჩატარდა ლიცენზირებული, მაღალი დონის კომპანიის მიერ. მთელ პროცესს ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მესამე ადამიანი, სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, ის არ უნდა ყოფილიყო და რომ ის წონის დაბალანსების გამო იმყოფებოდა. ბორტზე ის ადამიანი თავისი სურვილით და ცხადია, მფრინავის თანხმობით იყო. აღნიშნული ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მეც", - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს და ანგარიში უნდ გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ არასწორი ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ნუ გააკეთებენ ნაადრევ დასკვნებს მომხდარის, ან სხვა მიზეზების შესახებ. დაწყებულია დამოუკიდებელი მოკვლევა მოკვლევის ბიუროს მიერ, ჩართულები არიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ინფორმაციის მოწოდება. ჩვენც გვაინტერესებს რა მიზეზი იყო. მხოლოდ სპეციალისტების დასკვნების შემდეგ მოხდება შედეგების დადება. მოკვლევა დაადგენს კონკრეტულ მიზეზებს", - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

კითხვაზე, ვერტმფრენის ძრავა იყო თუ არა, შესაბამისი ყაზბეგის რელიეფისთვის, მოლოდინაშვილი პასუხობს, რომ ძრავი ექსპლუატაციის ნორმებს შეესაბამებოდა.

"ვერტრმფრენს ის ძრავა ჰქონდა, რაც ამ კლასის ვერტმფრენს უნდა ჰქონოდა, სრულად შეესაბამებოდა ექსპლუატაციის წესებს და მოთხოვნებს. მოკვლევის პროცესში უნდა დადგინდეს, ვისთან ჰქონდა მფრინავს კომუნიკაცია. მფრინავი კომუნიკაციას ახდენს, საჰაერო ნავიგაციასთან, თანხმობის შემდეგ ფრენის შესრულებას იწყებს. გამოიკითხა ყველა პირი, ვისაც კომპანიასთან და ამ პროცესთან შემხებლობა ჰქონდა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეც ვიყავი გამოკითხვაზე", - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

მან პრესკონფერენციაზე დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"შპს „ავიატორი +“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს 6 ივნისს სტეფანწმინდაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თაობაზე. კომპანიის მენეჯმენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მფრინავი ილიკო ბაიდაშვილი მაღალკვალიფიციური სამხედრო მფრინავი იყო 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით. ის ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL) და გავლილი ქონდა საფრენოსნო წვრთნები და სწავლებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში", - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენა პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია - "ავიატორ +"-ის განმარტებები

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს