საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

„აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება. ამავდროულად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა