გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

12 ივნისს, „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ (UNFPA) საქართველოს ოფისი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გაეროს მოსახლეობის ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელი გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA) საიუბილეო წელია - აღინიშნება UNFPA-ს დაარსებიდან 50-ე და კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიღებიდან 25-ე წლისთავი. წელს, ასევე, 20 წელი სრულდება, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის მუშაობს.

UNFPA-ს საქართველოს ოფისი 1999 წელს გაიხსნა. უკვე 20 წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა მშობიარობა - უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი - რეალიზებული. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების და გენდერული თანასწორობის ადვოკატირებით და გასატარებელი პოლიტიკის და სისტემების გაძლიერებით, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისთვის ბრძოლით, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერით, მოსახლეობის დინამიკის შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვებით და ქვეყნის მდგრადი განვითარების დაგეგმვისათვის მათი გამოყენების ხელშეწყობით, UNFPA-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებაში.

საქართველოში UNFPA-ს სახელის უკავშირდება: 2000-იანი წლების დასაწყისში პირველი მობილური ჯგუფების ამოქმედება მოსახლეობისათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ოჯახის დაგეგმვის უფასო და ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით, რამაც ჯგუფების მუშაობის 12 წლის მანძილზე ასობით ქალის სიცოცხლე გადაარჩინა; რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ოთხი ეროვნული კვლევის ჩატარება; რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ძუძუს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ინოვაციური პროგრამის დანერგვა და ხელშეწყობა; აივ ინფექციის პრევენციის გაძლიერება; ახალგაზრდებისათვის თანასწორთა განათლების დანერგვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, აივ პრევენცია, გენდერული თანასწორობა, გენდერული ნიშნით ძალადობა; ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს მრავალსექტორული ძალისხმევის ხელშეწყობა; საზიანო პრაქტიკების (ადრეული ქორწინების, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის, ქალთა გენიტალიების დასახიჩრების) პრევენციის ხელშეწყობა და ბავშვთა/ადრეული ქორწინების შესახებ კანონის გამკაცრება; რელიგიურ კონფესიებთან თანამშრომლობა ოჯახში ძალადობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული საზიანო პრაქტიკების აღმოსაფხვრელად; მამაკაცების ჩართულობის გაზრდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად - “Emerging Europe Award”-ის გამარჯვებული კამპანია „კაცები ზრუნავენ“; სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭრა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგის განსახორციელებლად ადამიანის უფლებების მონიტორინგის სისტემის ფარგლებში; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გაძლიერება მოსახლეობის შესახებ სანდო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესებისათვის; ყოვლისმომცველი დემოგრაფიული პოლიტიკის და მოსახლეობის დაბერების შესახებ პოლიტიკის შემუშავება; აქტიური და ჯანსაღი დაბერების ადვოკატირება და სხვა.

UNFPA-ს საქართველოს გუნდი, თავის პარტნიორებთან: სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, აქტივისტებთან, ხელოვანებთან და სპორტსმენებთან ერთად, პირდაპირი გზით უწყობს ხელს ადამიანის ფუნდამეტური უფლებების რეალიზებას და აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანი, მისი უფლებები და არჩევანი მუდმივად იდგეს მდგრადი განვითარების ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა