არჩილ თალაკვაძე - საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია - ამით კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ

პირველ სამუშაო შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ოპოზიციას ტრადიციულად არ უნდა პასუხისმგებლობის გაზიარება, - ასე აფასებს საპარლამანტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას, რომელზეც ეუთოს რეკომენდაციების კონტექსტში, კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ უნდა ემსჯელათ, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თალაკვაძის თქმით, საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია, თუმცა მათი პოზიციის მიუხედავად, სამუშაო პროცესი გაგრძელდება.

„საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ, მათ თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია.

„საკონსტიტუციო რეფორმის დროს სწორედ ჩვენ, მმართველმა გუნდმა გადავწყვიტეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა - დღეს ეს ოპოზიცია ისე აჩვენებენ ხალხს თავს, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ძალიან უნდოდათ. იყვნენ ხელისუფლებაში და შეეცვალათ, რა უშლიდათ ხელს? მათგან განსხვავებით, ჩვენ ეს შევცვალეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ტრადიციულად არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება, თუმცა მერე კი მოსწონთ და იყენებენ ყველა სიკეთეს რაც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოაქვს. სამწუხაროა, რომ საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია - კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ.

მიუხედავად ამისა, ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ვალდებულებებს საზოგადოებასთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა