მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით ბირთვული იარაღის რაოდენობა ცოტა შემცირდა, თუმცა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე გაიზარდა. კონკრეტულად ცხრა ბირთვული სახელმწიფოს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა) არსენალი შემცირდა 14 465-დან 13 865-მდე. აღნიშნულ ცნობას „ევრონიუსი“ ავრცელებს. SIPRI-ს კვლევის თანახმად, ბირთვული იარაღის რაოდენობა შემცირდა ძირითადად იმ მიზეზით, რომ ქვეყნები ამ იარაღის მოდერნიზაციას ახდენენ და მოძველებულ ქობინებს ანადგურებენ. ჯერჯეობით ძალაშია აგრეთვე აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ზღუდავს ამ სახელმწიფოების მიერ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ქონას.
SIPRI-ის წარმომადგენლის ჰანს კრისტენსენის სიტყვებით მიმდინარეობს გამალებული შეიარაღების ახალი ტალღა, რომელიც ორიენტირებულია არა რაოდენობის ზრდაზე, არამედ ტექნოლოგიების განვითარებაზე, თუმცა მდგომარეობა იმდენად ცუდი მაინც არ არის როგორც ცივი ომის დროს.
მოხსენებაში, ისევე როგორც ყოველ წელს, შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამოც, რომ ქვეყნების დიდ ნაწილში არ არის სათანადო გამჭვირვალობა ამ სფეროში. პირველ რიგში ეს ეხებათ ჩრდილოეთ კორეას და ისრაელს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"